ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ

ახალი მაგისტრალი რკინიგზის სანაცვლოდ

თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა ქალაქში რკინიგზის ხაზის გაუქმებას და დიდუბე-კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. დედაქალაქის მერიაში სარკინიგზო საკითხებთან დაკავშირებით დღემდე მსჯელობენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი ახალ იდეას სულაც არ იწონებს.

დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მუშაობა შეჩერებული არ არის. მუნიციპალიტეტში ფიქრობენ, რომ რკინიგზა გადატანა თბილისის გარეთ ქალაქს განვითარებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ის ძველი ვარიანტი არაეფექტური და არამომგებიანი იყო. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს „საქართველოს რკინიგზა“ და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია, გაასაჯაროებს.

მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მკაფიო. ჩვენი სურვილია, რკინიგზა გატანილი იქნას თბილისს გარეთ, რადგან ქალაქს მიეცეს უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა - იქნება ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო დერეფანი თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს, არსებული რომელი იქნება ყველაზე უფრო მიზანშეწონილი“, - განაცხადა ლექვინაძემ.

თბილისის განაშენიანების გენგეგმის კოორდინატორის, არქიტექტორ გიორგი აბაშიძის, ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაც ვაგზლის რკინიგზის სადგურის გაუქმებას გულისხმობს, 80 ჰექტრამდე ტერიტორია გათავისუფლდება. ამ სივრცეში კი სარეკრეაციო ზონის, ახალი მაგისტრალური გზის და მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მოიაზრება.

„თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის მიხედვით, თავისუფალ ტერიტორიაზე უპირატესად გამწვანებაა გათვალისწინებული. თუმცა, ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვის მიზნით, საცხოვრებელი და სავაჭრო ზონების მშენებლობაც აუცილებელია. ყოფილი რკინიგზის ლიანდაგის გასწვრივ გენგეგმის მიხედვით, დიდუბე-კახეთის გზატკეცილის შემაერთებელი საგზაო მაგისტრალის მშენებლობაა გათვალისწინებული“, - განუცხადა „ფორტუნას“ გიორგი აბაშიძემ.

პროექტის ავტორების მოსაზრებით, ახალი გზა დედაქალაქს საცობებისგან განტვირთავს, მაგისტრალზე განივი გზების მშენებლობა კი ლოტკინის და ნაძალადევის სხვა უბნებს ქალაქის ქვედა ნაწილთან დააკავშირებს.

თბილისში ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის მიზნით რკინიგზის გადატანას მოწინააღმდეგეები ჰყავს არასამთავრობო სექტორში.

„ეკოტრანსპორტ ცენტრის“ დირექტორის, ვასო ურუშაძის, შეფასებით, ახალი გზის მშენებლობა ქალაქში საავტომობილო ნაკადის განტვირთვის თვალსაზრისით დადებითი ეფექტის მომტანი იქნება, თუმცა ქალაქიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ტურისტული პოტენციალზე უარყოფითად იმოქმედებს.