[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მთავრობას რომ ჰკითხო, მთლიან შიდა პროდუქტს დღენიადაგ ზრდის, ხოლო ინფლაციას და ვალებს - ამცირებს. არადა, რეიტინგები სულ სხვა სურათს წარმოგვიდგენენ.
ნაციონალური მთავრობა 2012-15 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდას 6%-დან 7%-მდე ვარაუდობს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა აღნიშნა, 2012 წელს მშპ - 6%, 2013 წელს - 6.5%, 2014 და 2015 წლებში - 7% იქნება. დღეისთვის მშპ-ის პროგნოზი 5.5%-ით არის განსაზღვრული.
ბიუჯეტის ხარჯების ნაწილი კი იზრდება. კერძოდ, ორი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდას 2-დან 3 მილიარდამდე ვარაუდობს. „მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ბიუჯეტის ხარჯები არ გაიზრდება და იგი შენარჩუნდება იმ პროცენტის ფარგლებში რაც დღეს არის, თუმცა მოსალოდნელია დაკლებაც და იგი არ გადააჭარბებს ჯამში გადასახადების მოცულობის 25%-ს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და აქვე დასძინა, რომ დღეს მისი ოდენობა 29%-ია.
პეტრიაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკლებს და 33%-მდე ჩამოვა. დღეისთვის კი მშპს-თან მიმართებაში სახელმწიფო ვალი 42%-ს შეადგენს.
„მნიშვნელოვნად შემცირდება საგარეო ვალი ამ წლების განმავლობაში, თუმცა, შესაძლო უმნიშვნელოდ საშინაო ვალი გაიზარდოს“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი.
სანამ 4-წლიანი გეგმის შესრულებას შეუდგება, მანამდე ფინანსთა სამინისტროს უახლოეს თვეებში თავისივე პროგნოზის გამართლება მოუწევს. საქმე ისაა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი პირობას დებდა, რომ 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 38%-მდე ჩამოვიდოდა. ასეთი რკინისებური სიტყვა ბაინდურაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტოს კომიტეტის სხდომაზე წარმოთქვა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას მიმდინარე წელს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი 43% აქვს, აქედან საგარეო ვალი 35%-ს შეადგენს, ხოლო დარჩენილი 8% - შიდა ვალია.
„მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რამდენს ხარჯავს მთავრობა ვალების მომსახურებაზე. საქართველოში ეს არის წლიურად 5-8%, აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს 20%-ს მიაღწევდა, მაგრამ 2008 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების შემდეგ მომსახურების ძველი პროცენტი შენარჩუნებული იქნება“, - დასძინა მინისტრმა.
არადა 2012 წლამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი და როგორ მოახერხებს მთავრობა ვალის ისე შემცირებას, რომ მშპ-თან მიმართებაში 5% ჩამოაკლოს, ძნელი წარმოსადგენია. სავარაუდოდ, ეს რომ არ მოხერხდება, ფინანსთა სამინისტრო იმიტომაც გადავიდა გრძელვადიან პროგნოზებზე. 4 წლის შემდეგ ან ბაინდურაშვილი ვიღას ემახსოვრება და ან კიდევ მისი პროგნოზები ვალებთან და მშპ-თან კავშირში.
ვალები იქეთ იყოს და მთლინა შიდა პროდუქტთან დაკავშირებით ზრდა-განვითარება მართლაც რომ საშურია, თორემ ამ მხრივ საქართველო რეგიონის აუტსაიდერის სტატუსს ხომ დაისაკუთრებს და მსოფლიო მასშტაბითაც შეძლებს თავის გამოჩენას.
ამჟამად ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის სომხეთს ერთი საფეხურით უსწრებს, თუმცა აზერბაიჯანს ბევრად ჩამორჩება.
ეკონომიკური კვლევების ცენტრმა „რია-ანალიტიკმა“ მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა და წინ უსწრებს 113-ე ადგილზე მყოფ სომხეთს, თუმცა ჩამორჩება მე-80 ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს.
რეიტინგიდან ჩანს, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები ყატარი, ლუქსემბურგი და სინგაპურია, სადაც თითოეულ მოქალაქეზე 88 383, 81 383 და 56 522 დოლარის ნაციონალური ქონება მოდის. აშშ მე-7 ადგილზეა 47 284 დოლარით თითოეულ მოქალაქეზე.