„რვიანის“ ზვარაკი

„რვიანის“ ზვარაკი

[გერა მამულაშვილი]

ალეკო შალამბერიძემ პარტია დატოვა, შესაბამისად, იგი „რვიანის“ ფორმატში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. შალამბერიძე მსხვერპლი აღმოჩნდა და დიდი ალბათობით, - უაზრო. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ნაფერებ-ნალოლიავები „რვიანის“ შენარჩუნება უმსხვერპლოდ ვერ ხერხედება.

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი არავინ იცის, მაგრამ მსხვერპლთშეწირვის რიტუალი რამდენად დაეხმარება ამ ერთობას რთული სათქმელია. თქვა თუ არა ხმამაღლა ის, რასაც ფიქრობდა და რატომ მოყვა მის ინტერვიუს ამხელა აჟიოტაჟი?

პტრესაგე.ტვ-ის კითხვებს ალექსანდრე შალამბერიძე პასუხობს.

რის თქმა გინდოდათ გაზეთ „ვერსიაში“ მიცემული ინტერვიუთ და დღეს შეგიძლიათ თუ არა იგივე გაიმეოროთ?

– ჩემს საგაზეთო ინტერვიუში „რვიანის“ შიგნით მიმდინარე პროცესებზე იყო საუბარი. ჟურნალისტმა შეიძლება იქ რაღაც მიბმა გააკეთა, მაგრამ ეს ჩემს შეცდომად ჩავთვალე. არ ვეძებ დამნაშავეს და რახან ასეთი აჟიოტაჟი ატყდა და „რვიანს“ ბზარის გაჩენის საფრთხე დაემუქრა, მივიღე ასეთი გადაწვეტილება.

თუმცა, ამ გზის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ბოლო უნდა მოვუღოთ პროცესს, როდესაც იცვლებოდა პიროვნება და არა სისტემა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, სამართლიანი არჩევნების ჩატარება ზუსტად ის გზაა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს.

რას ნიშნავს „რვინს“ ბზარი უჩნდებოდა? - თუ „რვიანი“ ერთმა კონკრეტულმა სუბიექტმა დატოვა, ამით გაერთიანება იშლება?

– რვა სუბიექტიდან ერთ–ერთის გასვლა, ძალიან ცუდად იმოქმედებს ამ ერთობაზე. ისედაც  დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი იმასთან დაკავშირებით, რომ „რვიანი“ იშლებოდა. ერთის გასვლაც რეალურად დაშლის დაწყებას ნიშნავს.

შვიდი, თუნდაც ექვსი სუბიექტი იმ საქმეს ვერ გააკეთებს, რასაც ახლა რვა სუბიექტი აკეთებს?

– ყველაფერი მძივივით ერთმანეთზე იკინძება და ყველა პოლიტიკური ძალა ამ საქმეში მნიშვნელოვანია. სავსებით ლეგიტიმურ კითხვას სვამთ და პირდაპირ გაგცემთ პასუხს: ჩვენში ნებისმიერ საქმეს ერთ დღეს ვიწყებთ და სამწუხაროდ, ბოლომდე არ მიგვყავს. ასე რომ, საქმის ბოლომდე მიყვანად არ ჩაითვლება, თუკი „რვიანს“ ერთი წევრი მაინც გამოაკლდება. ამიტომ, ამოცანა „რვიანის“ შენარჩუნება და გაძლიერებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიების კოორდინაციაა, ადამიანები მას სწორედ „რვიანის“ ფორმატით აღიქვამენ. ასეა საქართველოში და უცხოეთშიც. „რვიანი“ უკვე, სერიოზულ პოლიტიკურ მიმართულებას წარმოადგენს. „რვიანის“გაძლიერებაზე და გაზრდაზე შეიძლებ ვილაპარაკოთ, მაგრამ მის შემცირებისკენ არ უნდა წავიდეს ტენდენცია.

მაგრამ, „რვიანის“ გაზრდაც რომ პრობლემას წარმოადგენს?

– რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ძალებს შორის გაერთიენება და კოორდიაცია დიდი ხანია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ „რვიანი“ უფრო ზრდისკენ უნდა წავიდეს, ვიდრე კლებისკენ.

მაშინ ერთი არგუმენტი დაასახელეთ, რატომ ეწინააღმდეგებიან შიგნით „რვიანის“ გაფართოებას?

– ჩვენ გვაქვს წესდება, რომლის თანახმადაც ყველა კვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია ამ პროცესს შემოუერთდეს. არაკვალიფიციური სუბიექტის საკითხი უკვე ამ ფორმატმა უნდა განიხილოს. ამაზე ჩვენ თხოვნაც არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით ლევან გაჩეჩილაძის სატელევიზიო განცხადებას. თუ იქნებოდა შემოთავაზება, საკითხი წესდების მიხედვით გადაწყდებოდა.

ანუ, თავიდანვე დათქმა გქონდათ, რაც შემდეგ წესდებად გააფორმეთ, რომ „რვიანში“ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, „უჩავა“ არ ჩაესვა?

– დათქმის ჩადება იმისთვის გახდა საჭირო, რომ რაღაც ზღვარის გადალახვის შემდეგ არევ–დარევა იწყება. დღესდღეობით საქართველოში 18 კვალიფიციური პარტიაა. აქედან პროცესში ლეიბორისტები არ მონაწილეობენ. დანარჩენი 17 დიდ მაგიდასთან ზის...

და „რვიანის“ ფორმატში რატომ არ მონაწილეობენ?

– ამ ერთობის გაკეთებაც ურთულესი საქმე იყო. შეიძლება ცხრაც ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა.

გუშინდელი ღამის შეხვედრის  შემდეგ, მამუკა კაციტაძემ მკაფიოდ თქვა, რომ არც „რვიანის“ გაფართოება მოხდება და არც მანიფესტაციებიო, ხომ არ ფიქრობთ, რომ  ეს შანტაჟის ენას წააგავს? ანუ, თუ „რვიანის“ დანარჩენი წევრები ამ ულტიმატუმს არ დათანხმდებიან „რვიანს“ დაშლა ემუქრება?

– ახლა უკვე, ძნელია ჩემთვის „რვიანის“ სახელით საუბარი, რადგან „ხალხის პარტიის“ წევრიც აღარ ვარ. მაგრამ ვიმეორებ, იქ გადაწვეტილება წესდების და კომპრომისის მიხედვით მიიღება.

განმარტეთ, წინასწარ ასეთი განცხადებების გაკეთება რისთვის გახდა საჭირო?

– დღევანდელი განცხადებები აღარ მინახია და ვერაფერს გეტყვით. იმაში გეთანხმებით, რომ „რვიანი“ მონოლითური გაერთიანება არ არის. ჩვენ მხოლოდ სააჩრევნო გარემოზე შეთანხმება გვაქვს. დანარჩენი, რაც ამ ფორმატიდან გადის, ადგილზე ვწყვეტთ. თუ ეს არ გამოდის, მაშინ გადაწყვეტილებას იღებს პარტია საკითხზე, რომელიც არჩევნებს არ ეხება. აქციების თემაც არჩევნებს არ ეხება.

ხელმოწერების გაკეთება და ხალხის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლა არჩევნებს თუ არ ეხება აბა რას ეხება?

– კი ბატონო, საუბარი იყო საზოგადოებრივ გამოკითხვებზეც, მაგრამ ეს არის ზოგადი შეთანხმება. ოღონდ გამოკითხვებზე უნდა იმუშაოს იმ პარტიამ, რომელიც აქცენტს ამაზე გააკეთებს. მედიასთან ურთიერთობის ჯგუფშიც ასევე ყველა არ მონაწილეობს. ასე სექტორებადაა დაყოფილი საქმიანობა, რახან საერთო შეთანხმება ვერ მოხერხდა. საუბარია პოლიტიკური ტემპერამენტის განსხვავებულობაზე, პიროვნულ სხვაობაზე და ა.შ.

რომელ ტემპერამენტზე ვსაუბრობთ? დათო გამყრელიძე არ იყო, რომელმაც პარლამენტის წინ აქციიდან ხალხი რკინიგზის გადასაკეტად რომ წაიყვანა?

– ვერ გეტყვით, დღეს ასეთ პოზიციაზე არიან.

კიდევ ერთხელ გეკითხებით, რა ხდება რეალურად „რვიანში“ და თქვენი განცხადება ჰაერზე ხომ არ იყო გაკეთებული?

– ჩემი განცხადება სწორედ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით გავაკეთე - რვიანის წევრები კომპრომისების გზით მუშაობენ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რასაც ეს რვა პარტია აკეთებს. საქართველოში ასეთი პრეცენდენტი უბრალოდ არ ყოფილა. ერთიანობა შენარჩუნებულია მონაწილე პარტიების კეთილი ნებით, ინტერესების სწორად განსაზღვრით და შეთანხმებების გზით სიარულით. მართალია, მოსახლება უფრო მეტ აქტივობას მოითხოს, მაგრამ პროცესი მაინც წინ მიდის.

რა პროცესზე საუბრობთ? ხელისუფლებას რომ ეხვეწებით და პასუხს არ გცემთ?

– ჩვენ არავის არაფერს ვეხვეწებით, ალბათ, გახსოვთ, რომ ხელისუფლების საქციელის გამო, 23 მარტს განცხადება გაკეთდა და ცოტა მოგვიანებით, ხელისუფლებას ჩვენი წინადადებები შევახსენეთ – ან ჰო გვითხარით, ან არა-თქო. მას შემდეგ ველოდებით პასუხს. ხელისუფლებას არ ვაძლევთ საშუალებას, რომ უცხოელებთან კიდევ ერთხელ ისპეკულანტოს.

თქვენი ინერტულობა იმაზე მიუთითებს, „რვიანს“ არ აქვს უნარი საზოგადოებას და საერთშორისო თანამეგობრობას აუხსნას, რომ ამ ხნის განმავლობაში, ყველა თქვენი მცდელობა ამაო იყო და სინამდვილეში ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს...

– გარწმუნებთ, ჩვენი მცდელობა ფუჭი არ ყოფილა.

თუნდაც ერთი წარმატება დაასახელეთ, რომელსაც ხელისუფლებასთან დიალოგის დროს მიაღწიეთ 6-7 თვის განმავლობაში...

– დათმობის მიღწევა ასე მარტივად არ ხდება. ხელისუფლება თავისი ნებით, იმ ტოტს არ მოიჭრის, რომელზეც ზის. ჩვენი ამოცანაა მივდიოთ და ფეხი მტკივნეულ ადგილზე დავადგათ. ამ გზას მივდევთ და ღიად გვაქვს დატოვებული – ჰო ან არა.

და რა ხდება „არას“ შემთხვევაში?

– მიღებული იქნება სხვა გადაწყვეტილება და მოქმედებაც შესაბამისი იქნება.

რა გადაწყვეტილება?

ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების პასუხის შემდეგ მივიღებთ.

დავუბრუნდეთ პარტიიდან თქვენი წამოსვლის მიზეზს, ქრისტიან–დემოკრატებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო ეს ინტერვიუ, რომ მსხვერპლადაც შეეწირეთ? ხომ შეიძლებოდა ეს გაუგებრობა დიალოგის გზით მოგვარებულიყო?

– ვთვლი, რომ აუცილებელი იყო ჩემი წამოსვლა, რათა „რვიანში“ ბზარი არ გაჩენილიყო. ამით, თუნდაც, მდორედ მიმდინარე, ქვეყნის მომავლისთვის საჭირო პროცესს ხელს არ შევუშლი. სხვათაშორის ლევან ვეფხვაძემ გუშინ განაცხადა, რომ შეგვხვდებოდა და ურთიერთობებს გავარკვევდით. მათთან არანაირი გაუგებრობა არ გვქონია. უბრალოდ ჩავთვალე, რომ პროცესი ამას მოითხოვდა. თუ ინტერვიუ ბზარის გაჩენას ხელს უწყობს, მერჩივნა, რომ ეს საფრთხე თავიდან ამეცილებინა.

გარდა ამისა, სხვების გამო ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვთვლი, კარგია, რომ ქრისტიან დემოკრატებმა გულში არაფერი დაიტოვეს და ყველაფერი საჯაროდ თქვეს. მეც საჯარო პოლიტიკოსი და ამ გზის ერთგული ვარ. საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულობის გვაბრალებს და მივესალმები რომ ქრისტიან–დემოკრატებმა ეს თემა საჯაროდ გამოიტანეს.

ახლა რას აპირებთ?

– ვიბრძოლებ იგივე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის, დევნილების, გარემოვაჭრეების, ვეტერანების, ექიმების, პედაგოგების უფლებების დაცვისთვის და თუნდაც, ხორცის ასტრონომიულ ფასებთან დაკავშირებით. არცერთი პრობლემა უყურადღებოდ არ მინდა დავტოვო, მათზე ფოკუსირება უნდა მოვახდინო და მივაღწიო იმას, რომ ეს საკითხები მოსახლეობასთან ერთად დავაყენოთ და ვიბრძოლოთ მათი სამართლიანი გადაწყვეტისთვის. რაც ჩვენია და საჩვენოა, აუცილებლად ბოლომდე უნდა გავიტანოთ. არაფერს დავიშურებ და ბოლომდე ვიქნები ამ სამართლიან ბრძოლაში.