დიდი რეიდი თბილისის ცენტრში - რატომ დააკავეს ათეულობით სექსმუშაკი

დიდი რეიდი თბილისის ცენტრში - რატომ დააკავეს ათეულობით სექსმუშაკი

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით 5-დღიანი რეიდების შემდეგ თბილისის ცენტრში მდებარე ღამის ბარებიდან გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით პოლიციაში 150-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანა. აქედან 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი გახლავთ. ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის 15 ქართველი და უცხოეთის 41 მოქალაქე. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორ სანდრო ბრეგაძის თქმით, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდნენ, თუმცა ამას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მათთან უკვე იდენტიფიცირებული პირები მიდიან და დაკავებულებს შორის ვინმე რომ ყოფილიყო ტრეფიკინგის მხვერპლი, პოლიცია აუცილებლად შეატყობინებდა” - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი რეიდი თბილისის ცენტრში - რატომ დააკავეს ათეულობით სექსმუშაკი

"აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ღონისძიების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რეიდისას გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს 91 სექსმუშაკი ქალი და 56 მამაკაცი, რომელთაგანაც 61 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, დანარჩენი კი - ქართველი. ასევე, დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ - 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 - ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე. მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში. აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება," - აცხადებენ შს სამინისტროში“, - აღნიშნავს გამოცემა.

"სანდრო ბრეგაძის თქმით, პოლიციამ დაიწყო მოქმედება და ეს არ იქნება ერთჯერადი. სხვათა შორის 150 ადამიანია დაკავებული და ვინც ამბობდა, რომ ესენი არიან არალეგალი უცხოელები და კრიმინალურ საქმიანობას არ სჩადიან, ამით ეს გაქარწყლდა. შსს-ს მოქმედება ადასტურებს, რომ ესენი არიან კრიმინალები. რამდენადაც ვიცი, არიან არასრულწლოვნებიც და ტრეფიკინგის მსხვერპლნიც მონებად ჰყავდათ ქცეული თბილისის ცენტრში. მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ, რომ ძირითადი პრობლემა არ აღმოფხვრილა. ამ ბარების ხელმძღვანელობა არაბი მოქალაქეები არიან და აქ ეწეოდნენ არასრულწოვანი ბავშვების პროსტიტუციას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 90-მდე ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი, მისივე თქმით, საქართველოში პროსტიტუციის მთავარი კერები თბილისსა და ბათუმშია", - განაგრძობს გამოცემა.

"პროსტიტუციის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ ბრძოლას პოპულისტურ ნაბიჯად აფასებს სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბოლქვაძე და თან უსამართლოსაც უწოდებს. მისი თქმით, მღებრიშვილის უწყება ამ ადამიანებს უკანონოდ უშლის ხელს საქმიანობაში. ნინო ბოლქვაძის თქმით, კვირა რომ თენდებოდა, დამირეკა ერთმა სექსმუშაკმა. მითხრა, რომ იგი დააკავეს და მიჰყავდათ პოლიციაში, თუმცა სად, არ იცოდა და ამიტომ რჩევა მთხოვა. ვუთხარი, რომ მოეთხოვა პოლიციის თანამშრომლოსთვის პასუხის გაცემა კითხვაზე, რის საფუძველზე იყო დაკავებული და სად გადაჰყავდა?! რაზედაც უპასუხეს, რომ პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავდათ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში და შემდეგ ტელეფონი გაათიშინეს. ვინაიდან მსგავს რეიდებთან დაკავშირებით უარყოფითი გამოცდილება მაქვს, ამიტომ მეც მივედი იმ განყოფილებაში. იქ დავინახე, რომ პირველ სართულზე ჰყავდათ 25-30 ქალბატონი. ერთ ოთახში იყვნენ და მიმდინარეობდა ე.წ. პიროვნების იდენტიფიცირების პროცედურა. ეს ქალი, რომელიც მე დამიკავშირდა, ჰოლში გამოუშვეს პოლიციელის თანხლებით. კითხვაზე, შეეძლო თუ არა, დაეტოვებინა განყოფილება, პოლიციელმა გვიპასუხა, რომ არა. ბოლქვაძის თქმით, ძალიან მალე ყველას ერთად ფოტო გადაუღეს და გაათავისუფლეს“, - წერს სტატიის ავტორი.