[გერა მამულაშვილი]
ჟენევის მოლაპარაკებების გარშემო შავი ღრუბლები გროვდება. მხარეებს სულ უფრო უჭირთ საერთო ენის გამონახვა. თუმცა, ყველანი ერთში თანხმდებიან, რომ ეს არის საუბრები საუბრებისთვის, შედეგების გარეშე.
ჟენევის მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და ფორმატიდან გასვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვი საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას არ შეწყვეტს. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით კი, არც ერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი შესაძლოა შეწყდეს:
„არა მგონია, რომელიმე ოფიციალურ პირს ეთქვას, რომ შევწყვეტთ მოლაპარაკებებს. გავიხსენებ ჟენევაში, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ტერორისტული აქტების განხორციელება საფრთხეს უქმნის ამ მოლაპარაკებებს, მაგრამ არ გვითქვამს, რომ შევწყვეტთ. ჩვენ რუსეთს ვეუბნებით, რომ ასე ვერ იმუშავებს, რომ ჯერ ტერორისტები შემოგვიგზავნოს და მერე ჟენევაში დაგველაპარაკოს“.
ამ საკითხზე კრემლის არახალი პოზიცია „როსსიისკაია გაზეტასთან“ საუბრისას საგარეო მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დააფიქსირა:
„ბოლო თვეებში ქართული სპეცსამსახურები ნამდვილად ძალიან გააქტიურდნენ. აგრესიული ქმედებები აღინიშნება არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების სიახლოვეს, არამედ უშუალოდ სუვერენული მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რაც ძალიან შემაშფოთებელია. პარალელურად თბილისიდან მუმდივად ისმის საჯარო ბრალდებები და მუქარა რუსეთის მისამართით, მუსირებს ვერსიები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტერორისტული აქტების მზადების შესახებ. თბილისის მიზანი ნათელია: ქვეყანაში შექმნილი სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური პრობლემებიდან ქართული მოსახლეობის ყურადღების გადატანა და ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობის „გარე მტრისთვის“ დაკისრება წარმოადგენს.
ქართველი პროპაგანდისტები ტყუილად ირჯებიან: მათი შემართების ტონის ბევრს არ სჯერა. ჩვენ მზად ვართ, ფაქტების შინაარსობრივი განხილვისთვის, თუმცა რაღაც ფაბრიკაციების სერიოზულად განხილვას არ ვაპირებთ. პირდაპირ გეტყვით, იმ პირობებში, როდესაც გალის რაიონში რუს მესაზღვრეებს ესვრიან, საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება. რუსი სამხედროების უსაფრთხოების საზიანოდ ცალმხრივი გამჭვირვალეობის თამაშს აღარ ვაპირებთ“.
ასეთი დამოკიდებულების ფონზე, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა ლალიაშვილი მთავრობას შეახსენებს, რომ „არცერთი თავმოყვარე და ღირსეული სახელმწიფო ტერორისტებთან დიალოგის მაგიდასთან არ ჯდება“.
როგორც ლალიაშვილმა განაცხადა, ჟენევის მოლაპარაკებები ფორმატად „დიალოგი დიალოგისთვის“ გადაიქცა, რომელსაც რეალურად საქართველოსთვის არანაირი ხელშესახები სარგებელი არ მოაქვს:
„იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებში მონაწილე რუსულ მხარეს ტერორისტული აქტების გახორციელებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ტერაქტების საფრთხე სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ან მოლაპარაკებების ფორმატის შემადგენლობის შეცვლის საკითხი დააყენოს, ან საერთოდ დატოვოს ეს ფორმატი, ან არადა ტერორისტულ საფრთხეებზე საუბარი საერთოდ შეწყვიტოს“.
ხოლო კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, ჟენევის მოლაპარაკებებიდან გასვლის შესახებ ქართული მხარის მიერ მოსკოვისთვის წაყენებული ულტიმატუმი მიუღებლად მიაჩნია:
„ეს არის ყოვლად მიუღებელი. იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდება დაუმტკიცო, ყველაზე კარგი ფორმატი სწორედ ჟენევის ფორმატია, რადგან იქ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გაერო არიან წარმოდგენილნი. საქართველოს აქვს ლეგიტიმური უფლება მოსთხოვოს ჟენევის ფორმატს, კეთილი ინებონ და გამოიძიონ ეს საქმეები და არა დაიმუქროს, რომ წავა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ცდილობს ქართული მხარე აამუშაოს მოლაპარაკების ეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატი“.
ზაქარეიშვილის განმარტებით, რუსეთთან არა ულტიმატუმების ენით ლაპარაკი, არამედ ქვეყანაში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამოძიებისთვის ამ ფორმატის კიდევ უფრო მეტად ეფექტურად გამოყენებაა აუცილებელი:
„გაუგებარია ისიც, რომ ქართულმა მხარემ გაანადგურა ასაფეთქებელი მასალები და გამოძიებამ რომ მოინდომოს, ვეღარ დაადგენს, სად არის ის დამზადებული. მთელი ბრალდება დაფუძვნებულია მხოლოდ ეჭვმიტანილის აღიარებაზე, რაც, თავისთავად, არ არის სანდო , რადგან ეჭვმიტანილი შეიძლება ტყუოდეს, სხვა დამნაშავეებს ფარავდეს, სხვის დანაშაულს თავის თავზე იღებდეს და .ა.შ. ამას სჭირდება გამოძიება, გამოძიებას კი ორივე მხარესთან ურთიერთობები, რაც ჟენევის ფორმატს შეუძლია. ასე რომ, რუსეთს ულტიმატუმების ენით კი არ უნდა ველაპარაკოთ, არამედ ეს ფორმატი კიდევ უფრო ეფექტურად ავამუშაოთ“.