დედაქალაქში სილამაზის სალონების დაჯარიმება იწყება. პარალელურად პროცესი მიმდინარეობს რეგიონებში, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. პრობლემა, შესაძლოა, ბევრ ესთეტიკურ ცენტრს შეექმნას, რადგან მათი მფლობელები ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ მოსალოდნელ საფრთხეს.
შემოწმება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: არის თუ არა სალონი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ახორციელებს თუ არა ინფექციის კონტროლს.
თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი ციცო დილებაშვილი აცხადებს, რომ სალონების მხრიდან დიდი წინააღმდეგობაა. რიგ შემთხვევაში საქმე ქუჩურ გარჩევებამდე მივიდა.
„რამდენიმე ადგილას შეხლა-შემოხლაც გვქონდა. სალონების მეპატრონეებმა ზოგიერთ სალონში „ძველი ბიჭები“ დაგვახვედრეს. ერთ-ერთმა მეპატრონემ დაიმუქრა კიდეც, აბა, ვინმემ გაბედოს და შემოვიდესო.
სალონების 2/3, ანუ დაახლოებით ნახევარზე ცოტა ნაკლები, კარგად არის ინფორმირებული წესების შესახებ. რაც შეეხება დანარჩენ 1/3-ს, ცდილობს წესების ნაწილი მაინც შეასრულოს, მაგრამ წუწუნებს, რომ ძვირია სტერილიზაციის აპარატის შეძენა. ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით, სტერილიზატორი საჭიროა და არც ისეთი დიდი თანხა არ ღირს, რომ სალონის მეპატრონეებმა ერთჯერადად მისი შეძენა ვერ შეძლონ“, - განუცხადა „კომერსანტს“ დილებაშვილმა.
თუ სალონს ამ დრომდე არ აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, მას 500-ლარიანი სანქცია დაეკისრება. თუ იგივე ობიექტი ხელმეორე შემოწმების დროსაც არ იქნება დარეგისტრირებული, ჯარიმა გაორმაგდება.
თუ ოქმის შედგენის და გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, დარღვევა არ აღმოიფხვრება, კონკრეტული საქმე საქალაქო სასამართლოს გადაეცემა, ხოლო ათი დღის შემდეგ შსს-ს ანალიტიკურ განყოფილებას.
თბილისში სულ 2 ათასამდე რეგისტრირებული სალონია, მერიის შესაბამის სამსახურში კი 43 ადამიანი იმუშავებს სალონების შემოწმების მიმართულებით. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური შემოწმებების დაწყებამდე, სატესტო რეჟიმში თვეში დაახლოებით 50 სალონი მოწმდებოდა.
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილამაზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.
თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომლები პარალელურად სალონებს ინფექციურ დაავადებებზე შეამოწმებენ. ამ მიმართულებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტებს პირველ ეტაპზე გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ, შემდეგ კი 50-დან 100-ლარამდე დაჯარიმდებიან.
იგივე პროცესი მიმდინარებს რეგიონებშიც. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებს წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, თუმცა მათ აქვთ უფლება მონიტორინგი საჩივრის საფუძველზეც ჩაატარონ.
კონტროლის გამკაცრება, ძირითადად, С ჰეპატიტის პრევენციისკენაა მიმართული. ჯანმრთელობის სამინისტრომ რეგიონებში მთავარ პრობლემად ინფექციებისა და С ჰეპატიტის გავრცელება დაასახელა.