ინფლაციის 6-წლიანი რეკორდი!

ინფლაციის 6-წლიანი რეკორდი!

საქართველოში წლიური ინფლაცია 2011 წლის აგვისტოს შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა და 7.1%-ს შეადგენს. 6-წლიანი მაქსიმუმი სწორედ იმ პერიოდში დაფიქსირდა, როდესაც წესით და რიგით ფასები უნდა მცირდებოდეს. რა იქნება გვიან შემოდგომაზე და ზამთარში, როცა ადგილობრივი პროდუქციის მარაგი ამოიწურება? იმ დროისთვის შეიძლება ორნიშნა ინფლაციაც კი მივიღოთ.

ასეთი მაღალი ფასი ზაფხულში ბოლო წლებში არ ყოფილა, შესაბამისად, ინფლაციაც რეკორდულია. „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის ივნისში, წინა წლის ივნისთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები ყველაზე მეტად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაიზარდა.

ბოსტნეული და ბაღჩეული ერთ წელიწადში 33,7 პროცენტით გაძვირდა, ხილი და ყურძენი - 15.7 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი - 11 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 10,4 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო კი - 5.3 პროცენტით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები მომატებულია 15.3 პროცენტით, მათ შორის, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (21,0%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (12,9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6%). ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 18,2 პროცენტით (მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე - 36,8%-ით და ალკოჰოლურ სასმელებზე - 3,0%-ით).

ეროვნულ ბანკში ისევ ერთსა და იმავეს იმეორებენ - ამჟამინდელი ინფლაცია არის ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული და ამიტომ ჭარბი რეაგირება ბანკში არასწორად მიაჩნიათ.

„თუ ზედმეტად მოვთოკავთ ინფლაციას, ეს ნიშნავს, რომ გავზრდით უმუშევრობასა და იმპორტს, შევამცირებთ ადგილობრივ წარმოებას, რაც მომავალში კიდევ მეტ პრობლემას შექმნის. ფასების მატება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოწვეულია ერთჯერადი ფაქტორებით და ამაზე ეროვნული ბანკის ჭარბი რეაგირება არასწორია. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 4%-თან ახლოს, ხოლო მომავალი წლიდან უკვე 3%-თან ახლოს უნდა იყოს“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

სულ სხვადგვარად აფასებენ მდგომარეობას ეკონომისტები. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ეროვნულმა ბანკმა უკვე განაცხადა, რომ მონეტარულ პოლიტიკას აღარ გაამკაცრებს და ამ პირობებში ფასები უფრო აიწევს. ამიტომ წლის ბოლომდე ფასბის ზრდის ინდექსი ნამდვილად მიუახლოვდება ორნიშნა მაჩვენებელს. მიმდინარე პროცესებზე კი პასუხი მოეთხოვება ეროვნულ ბანკს რამდენადაც სწორედ ის არის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი.

„რასაკვირველია საქართველოს ეროვნული ბანკი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მისი მთავარი ფუნქცია სწორედ ფასების საერთო დონისა და ინფლაციის მოთოკვაა. ცხადია, თუ მოინდომებს, ეროვნული ბანკი ინფლაციას სასურველ დონემდე დაიყვანს კიდეც, თუმცა მათ უკვე განაცხადეს, რომ მონეტარულ პოლიტიკას აღაარ გაამკაცრებენ.

ჩვენთან ინფლაცია უფრო შემოდგომაზეა დაბალი, ზაფხული ყოველთვის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ დროს ტურისტები შემოდიან და სებ-ი ამატებს ფულად მასას, რომ აქტიურად მოახდინონ მომხმარებლებმა უცხოური ვალუტის გადაცვლა. ჩემი პროგნოზით, ინფლაცია კიდევ გაიზრდება. შეიძლება ორნიშნა არ გახდეს, მაგრამ საკმაოდ მიუახლოვდება“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა.