რას შემატებს მსოფლიო მეტეოროლოგიას კონსტანტინე გამსახურდიას დანიშვნა?
პარტია „თავისუფლების“ ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ინიშნება.
პრესაგე.ტვ დაინტერესდა, მიიღო თუ არა კონსტანტინე გამსახურდიამ ამ თანამდებობით გარკვეული ჯილდო; რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამსახურდიასთვის ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობა; რით დაგვამახსოვრა მან თავი პარლამენტში; რა დაუჯდება მისი საერთაშორისო ორგანიზაციაში გამწესება საქართველოს ბიუჯეტს; რას მოგვიტანს განათლებით აღმოსავლეთმცოდნე კონსტანტინე გამსახურდიას სრულიად უცნობ სფეროში მოღვაწეობა და რას შემატებს მსოფლიო მეტეოროლოგიისა და ტელეკომუნიკაციის სფეროს მისი ახალი თანამდებობა.
ექსპერტ გია ხუხაშვილისთვის კოკო გამსახურდიას სულს სხვა სფეროში გადაბარგება ქართული პოლიტიკის სისუსტის მანიშნებელია.
„ეს იმის მაჩვენებელია, თუ რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში პოლიტიკური პროცესი. სიმართლე გითრათ, ვერც გავაკრიტიკებ ამ ფაქტს და ვერც მივესალმები. ეს არის მისი და მისი ოჯახის პირადი ტრაგედია. ძალიან ვწუხვარ… მისთვის, პიროვნულად, ეს კარგი არ გახლავთ. თუ კომუნიკაციებისა და ამინდის პროგნოზის სპეციალისტი იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. დაძალებით ვერავინ დააძალებდა, ეს მისი სურვილით მოხდა“.
თუ რა იყო კოკო გამსახურდიას პარლამენტში შესვლის გამართლება, ამის თაობაზე გია ხუხაშვილს საკუთარი პოზიცია გააჩნია: „არ ვიცი, როგორ ვითარდებოდა პერიპეტიები, მაგრამ გვერდიდან ეს ასე გამოჩნდა, რომ თურმე მისი მიზანი ყოფილა, რასაც მიაღწია. თუ მას ეს უხარია, შემიძლია მხოლოდ მივულოცო“.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის შექმნას, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სათუოა, ამ კომისიამ საკუთარი ფუნქცია ამოწურა.
„სად არის შედეგი? ამ კომისიის მუშაობის შედეგად სამართლიანობა რომ აღგენილიყო - კიდევ მესმის, და ამის შემდეგ წასულიყო ადამიანი სხვა სამსახურში. ეს საქმეც შუა გზაში მიატოვა. არ მინდა, ზედმეტად გავაკრიტიკო. თუ ეს იყო მისი ცხოვრების მიზანი, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს დასკვნა ქაღალდს არ გაცდენია. შედეგი რა იყო? ქაღალდზე დაწერა ყოველგვარი კომისიის გარეშეც იყო შესაძლებელი. კომისია კი იმისთვის იყო საჭირო, რომ რეალურ შედეგამდე მივსულიყავით. რახან ეს არ მოხდა, მიზანი მიღწეული არ არის“.
შეკითხვაზე, ისურვებს თუ არა კონსტანტინე გამსახურდია კვლავაც ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკაში მის ადგილს ვერც ადრე ხედავდა.
„რესპუბლიკელი“ თინათინ ხიდაშელი აცხადებს, რომ მას კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის შეფასება გაუჭირდება:
„მან მხოლოდ პარლამენტში შესვლით დამამახსოვრა თავი - მისთვის სპეციალურად კანონში შეტანილი ცვლილებითა და მთელი ამ პროცედურის მასზე მორგებით, რაც, ჩემი აზრით, პოლიტიკოსისთვის ძალიან სამარცხვინოა. ჩემი შესაფასებელი და გადასაწყვეტი არაა, ვინ გადაწყვეტს ქართულ პოლიტიკაში ჩართვას და მის მიზანშეწონილობას. ქართულ პოლიტიკაში ნინო ბურჯანაძეც არის, მაგრამ მის მიზანშეწონილობასაც ხომ ვერ შევაფასებ?“
თინა ხიდაშელისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობაზე იქნება კონსტანტინე გამსახურდია: „რა მნიშვნელობა აქვს, კონსტანტინე გამსახურდია სად იქნება და რას გააკეთებს? პოლიტიკაში იქნება თუ არ იქნება? რა იცვლება ამით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? წარმოდგენა არ მაქვს, რა ორგანიზაციაში აპირებს ის მოღვაწეობას და რა უნდა აკეთოს იქ. ამდენად, ვერც იმ თანხების შესახებ დაგიკონკრეტებთ, რაც სახელმწიფომ გამსახურდიას ახალი თანამდებობისთვის უნდა გაიღოს“, - აცხადებს ხიდაშელი.
„რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, მე არ წამიკითხავს ეს დასკვნა და ამის არანაირი სურვილი არ მქონია. ეს ყველაფერი იყო სრული აბსურდი. ეს იყო ამ კაცისთვის შეცვლილი კანონი, რომ პარლამენტში შესულიყო, მერე ამ კაცისთვის შექმნილი კომისია, რომ მანქანა მომსახურებოდა და განსაკუთრებული პრივილეგიები ჰქონოდა, როგორც კომისიის თავმჯდომარეს. საერთოდ, მგონია, ეს არ არის წესიერი საქციელი, როდესაც თანხმდები, კონკრეტულად შენთვის ჭრან და კერონ კანონი“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
უმრავლესობის წევრებისთვის კონსტანტინე გამსახურდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნის აუცილებლობაზე საუბარი საკმაოდ დამაბნეველი აღმოჩნდა. პრესაგე.ტვ-სთან კომენტირებისას მათ ამ თემაზე პასუხი ან საერთოდ არ ჰქონდათ, ან მოკლე კომენტარით იფარგლებოდნენ. როგორც ჩანს, მათთვისაც გაუგებარია, რა ესაქმება კოკოს მეტეოროლოგიაში.
უმრავლესობის წევრი ხათუნა ოჩიაური პრესა.გე ტვ-სთან საუბრისას გაოცებას ვერ ფარავს, რატომ უნდა შეაფასოს კოკო გამსახურდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტი?
„ეს თქვენი აზრია, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა კონსტანტინე გამსახურდიასთვის ჯილდოა. ჩემგან ეს სიტყვა გაიგონეთ?“
როცა ოჩიაურს განვუმარტეთ, რომ სწორედ მისი კომენტარი გვაინტერესებდა და ამიტომაც დავინტერესდით, იყო თუ არა გამსახურდია მეტეოროლოგიისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს სპეციალისტი, გვიპასუხა: „მართალი გითხრათ, დიდად დაინტერესებული ამ საკითხით არ ვყოფილვარ, არის თუ არა გამსახურდია ამის სპეციალისტი. არც ჯილდოდ აღვიქვამ ამას, არც დაწინაურებად, ეს არის მისი სურვილი, რომელიც დაკმაყოფილებული იქნება“.
მას შემდეგ, რაც დავინტერესდით, დაუჭერდა თუ არა ოჩიაური მხარს გამსახურდიას ამ თანამდებობაზე დანიშვნას, ოჩიაურმა ტელეფონი გაგვითიშა.
ყოფილ კოლეგაზე საუბრისას, შედარებით სულგრძელი აღმოჩნდა პალიკო კუბლაშვილი. მან აღნიშნა, რომ კოკო გამსახურდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს.
შეკითხვამ - არის თუ არა გამსახურდია პროფესიონალი მეტეოროლოგი - პალიკო კუბლაშვილს ღიმილი მოჰგვარა. ხოლო ჩვენი დაინტერესების შემდეგ, რამდენად მიზანშეწონილი იყო მისთვის უჩვეულო ამპლუაში გამსახურდიას დანიშვნა, კუბლაშვილმა გვიპასუხა: „არა, აქ პროფესიონალ მეტეოროლოგზე არ არის საუბარი. თუ რატომ ვუჭერთ მხარს, ამაზე ცალკე კომენტარს სხდომაზე გავაკეთებ“.
კუბლაშილმა ვერც ის დაგვიკონკრეტა, რა თანხა დაჯდება მისი ამ თანამდებობაზე გამწესება და საგარეო საქმეთა სამინისტროსაკენ გადაგვამისამართა. თავის მხრივ, საგარეო უწყების პრესცენტრში გვირჩიეს, მათთვის წერილობით მიგვემართა და რამდენიმე დღის შემდეგ გაგვცემდნენ პასუხს, რა უჯდება ბიუჯეტს გამსახურდიას ახალი თანამდებობა.
ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ გამსახურდიას ახალ თანამდებობას იგი მხარს დაუჭერს, რადგან მის ბიოგრაფიას თუ გადახედავთ, საკმაოდ დიდი განათლება და გამოცდილება აქვს.
„იგი განათლება ჰუმანიტარია. აქედან გამომდინარე, რა გამოცდილება აქვს მეტეოროლოგიაში?“- ამ შეკითხვის შემდეგ ბალავაძემ მობილური გათიშა.
„რესპუბლიკელმა“ დავით ზურაბაშვილმა კონსტანტინე გამსახურდიას დაწიანაურებასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა და უბრალოდ აღნიშნა: „არ მაინტერესებს“.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე გაკვირვებული დარჩა, როცა ჩვენგან კოკო გამსახურდიას ახალი ამპლუის შესახებ შეიტყო.
„კონსტანტინე გამსახურდია ფილოლოგი, ჰუმანიტარია. მეტეოროლოგიას კი სპეციალური განათლება სჭირდება. თუ ამ ასაკში იგი მეტეოროლოგიის საფუძვლების შესწავლას დაიწყებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს იმის საბუთია, რომ პროფესიონალიზმს ნაკლები ყურადღება ექცევა. საქართველოში მეტეოროლოგიისა და ტელეკომუნიკაციის კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს. თუმცა არჩევანი მასზე შეაჩერეს“.
სოსო ცინცაძის აზრით, სავარაუდოდ, ახალი თანამდებობით კონსტანტინე გამსახურდიას დაინტერესება მაღალმა ხელფასმა განაპირობა.
„ჯილდოს ვერ ვიტყვი, მაგრამ მატერიალურად უზრუნველყოფილი იქნება. ეს არ არის ისეთი მაღალი თანამდებობა, როგორიცაა გაეროში, ევროკავშირში საქართველოს ელჩის სტატუსი. ვფიქრობ, ამით დასრულდება კონსტანტინე გამსახურდიას პოლიტიკაში მოღვაწეობა. მან ფუნქცია შეასრულა“.
თუ რა იყო კოკო გამსახურდიას ქართულ პოლიტიკაში ჩართვის ფუნქცია, სოსო ცინცაძე განმარტავს: „პარლამენტში ყოფნა და იქ უმტკივნეულო საკითხებით დაკავება, როგორიცაა, არის თუ არა მარსზე ცხოვრება. მის მოღვაწეობას დიდად ბრწყინვალედ არ ვაფასებ. ვინმე უნდა წასულიყო ამ თანამდებობაზე და გამსახურდია წავიდა“.
კოკო გამსახურდიას უცხოეთში გასტუმრებამ სოსო ცინცაძეს კომუნისტობის ეპოქა გაახსენა, როცა ხრუშჩოვმა მოლოტოვი მოიშორა და იგი ვენაში ატომურ ორგანიზაციაში სამუშაოდ გაამწესა. „ასე განარიდეს კოკო გამსახურდიაც და კარგი ხელფასი დაუნიშნეს“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
პარლამენტარმა ჯონდი ბაღათურიამ კოკო გამსახურდიას ახალი თანამდებობის შესახებ არაფერი იცოდა, ამდენად, ვერც ის დააკონკრეტა, გაუხარდებოდა თუ არა ამ თანამდებობაზე თავისი კოლეგის ხილვა.
„იმის მიუხედავად, რომ ძალიან მომწონს პრესაგე.ტვ, კოკო გამსახურდიას სხვა თანამდებობის შესახებ არაფერი ვიცი. „ჯერ ადამიანმა თავად ხომ უნდა გააკეთოს კომენტარი? ამიტომ, მოვლენებს ნუ დავასწრებთ და დაველოდოთ თავად გამსახურდიას განაცხადს“.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის შემდეგ დასანანია, როცა ადამიანი სახელმწიფო სამსახურში მიდის.
რა დამსახურებისთვის დანიშნეს კონსტანტინე გამსახურდია ამ თანამდებობაზე? ეს იყო მისთვის დაწინაურება?
- უმჯობესია, ეს შეეკითხოთ ბატონ გამსახურდიას და სააკაშვილს, მათ უკეთესად ეცოდინებათ. ეს ურთიერთშეთანხმებით განხორციელებული დანიშვნაა. როგორც ჩანს, იყო ერთი მხრიდან ამის სურვილი, მეორე მხრიდან კი - ამის მზაობა.
კოკო გამსახურდია და მისი ოჯახი წლების განმავლობასი შვეიცარიაში ცხოვრობენ. ამდენად, ამ დანიშვნით ინტერესთა თანხვედრა მოხდა?
- ვერ გეტყვით, არ მაქვს მონაცემები, სად ცხოვრობენ. შესაძლოა, ამანაც იმოქმედა.
განათლებით გამსახურდია აღმოსავლეთმცოდნეა, საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. შეძლებს მისთვის ახალ სფეროში გამოავლინოს თავი?
- რადგან მან ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, ამას პოლიტიკური რისკი ახლავს. რთულია, ხელი მოჰკიდო იმ საქმეს, რაშიც გარკვეული არ ხარ. თუ ვივარაუდებთ, რომ გამსახურდია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო, ალბათ არც ამ დაწესებულებაში მუშაობა გაუჭირდება.
ამით მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდა?
- ბატონ კონსტანტინეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჰქონდა ჩართვა და მან თვითონ აღნიშნა, რომ ქვეყანას ასე სჭირდება და იგი პოლიტიკიდან დიპლომატიურ სამსახურში მიდის. ამასთან, დაამატა, რომ მის პარტიას მომავალში გაუძღვება ბორდი. ამდენად, მან უნდა აგოს პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებაზე.
რა უჯდება ბიუჯეტს მსგავსი დიპლომატიური დანიშვნები?
- დიპლომატიური მისიის შენახვა ძვირადღირებული ფუფუნებაა, რაც დიპლომატთა რანგირებაზეა დამოკიდებული. მათ საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვთ, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით - რამდენი. ფინანსური ხარჯების გამო საქართველო ძნელად ახერხებს დიპლომატიური მისიების დაარსებას სხვა ქვეყნებში. ახლა საიდან გამოიძებნა ეს სახსრები და რა ჯდება გამსახურდიას მივლინება, ამით დავინტერესდები. პარასკევს გამოდის კენჭის საყრელად ეს საკითხი. პირადად მე გამსახურდიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნას მხარს არ დავუჭერ. ოპოზიციონერის სახელმწიფო სამსახურში გადაბარგება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. პირიქით რომ მომხდარიყო, მისასალმებელი იქნებოდა. მით უმეტეს, თუ მორბიხარ სააკაშვილის ხელისუფლებიდან. ამისკენ ნებისმიერ დიპლომატს მოვუწოდებ, რაც შეიძლება სწრაფად გადმოხტეს სააკაშვილის ნავიდან.
კონსტანტინე გამსახურდიამ ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავის რეალიზება ვერ მოახერხა?
- რა გადასახედიდან იყურება ბატონი გამსახურდია, ეს გახლავთ მთავარი. მან უნდა შეაფასოს საკუთარი თავი, ასევე - საზოგადოებამ, მეოთხე ხელისუფლებამ.
ასეთი შემთხვევები ქართული პოლიტიკის სისუსტეზე ხომ არ მიუთითებს?
- მენანება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ოპოზიციიდან სახელმწიფო სამსახურში მიდის. მით უმეტეს, ამ მდგომარებაში, 7 ნოემბრის შემდეგ, 26 მაისის მერე, ანუ მთელი უბედურებების კასკადის შემდეგ. ღმერთმა იმიტომ გაგვაჩინა თავისუფალ არსებებად, რომ სწორედ საკუთარ ნებაზე დაფუძნებით მივიღოთ გადაწყვეტილება. ეტყობა, ეს იყო ბატონი გამსახურდიას ნება. ამას ხელს ვერ შევუშლით. შემიძლია წარმატება ვუსურვო მას, იმედი მაქვს, ქართულ საქმეს იქაც გააკეთებს.