ევროპისკენ უვიზო მიმოსვლამ საქართველოდან მოგზაურთა დაინტერესდა გაზარდა. ტურპაკეტებზე მოთხოვნამ კი მისი ღირებულება გაზარდა. მიუხედავად ამისა, ინტერესი არ შენელებულა. უცხო ხილი ქართველთათვის ჯერ კიდევ მიმზიდველია.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციამ მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა, საკონსულტაციო IPM დაინტერესდა, როგორია ამ ფონზე ავიაციის აქტიურობა და მათი მედია-კომუნიკაცია.
„ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა საკმაოდ იზრდება, სამომავლოდ კი კომპანიები ტურისტების კიდევ მეტ მატებას პროგნოზირებენ“, - აცხადებს IPM და იხმობს ტურისტული კომპანია „კაპიტან+“-ის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ ევროპის მიმართულებით მოთხოვნა, საშუალოდ, 30-40% არის გაზრდილი, მოთხოვნა კი ყველაზე მეტად კვიპროსის მიმართულებით ფიქსირდება, სადაც ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან ხორციელდება.
„ზოგადად, „ვიზ-ეარის“ შემოსვლამ და „შეღავათიანი ფრენების“ ალტერნატივამ, საკმაოდ ეფექტური შედეგი გამოიღო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
„ჯობისის“ ინფორმაციით, მაისში მედია-აქტივობით „ჯორჯიან ეარვეიზი“ გამოირჩეოდა, მასზე მოდის აქტივობის 35%. შემდეგ პოზიციაზეა „თურქიშ ეარლაინზი“ – 16%-იანი წილით, სამეულშია 11%-ით „ტაბან ეარი“.
ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ მას შემდგე რაც ევროპის მიმართულებით უვიზო მიმოსვლა ნებადართულია, დაინტერესება განსაკუთრებით გაიზარდია იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ტურებზე. „სამწუხაროდ, ტურისტული პაკეტების შეძენა ბოლო თვეებში გაძვირდა, რაც როგორც ტურისტული სეზონის დაწყებას, ასევე, ავიაბილეთების გაძვირებას უკავშირდება“, – განმარტავენ „ლავ თრეველში”.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტებიც მზარდ ტენდენციას ადასტურებენ და ამისათვის ოფიციალურ მონაცემებს იშველიებენ. ექსპერტი მანანა ალადაშვილი ამბობს, რომ ევროპაში წამსვლელთა რაოდენობამ 11%-ით იმატა. იგი ამ ტენდენციას მოსალოდნელსა და რეალურს უწოდებს.
„პირადად მე მაქვს ტურისტული სააგენტო. ჩვენი კომპანიის მონიტორინგი გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ და საკმაოდ გაზრდილია ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა. ბოლო 2 თვის მონაცემებით, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ ევროპაში გაშვებული მგზავრთა რაოდენობამ 5%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ქვეყნიდან ვიზალიბერალიზაციის პირობებში გაზრდილ რიცხვს, ოფიციალური მონაცემის მიხედვით 11% შეადგინა. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციამ ევროპის ქვეყნებში გამსვლელთა რიცხვი მკვეთრად გაზარდა და მოსალოდნელიც იყო, ეს რეალურია“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროპის მიმართულებით ტურისტული პაკეტების ღირებულება 15-20%-ით გაძვირდა. ამის მიზეზი ავიაბილეთების მაღალი ფასია. მართალია, სასტუმროსა და სხვა ტიპის მომსახურების ფასი უცვლელია, მაგრამ ბილეთების მკვეთრმა გაძვირებამ პაკეტის საერთო ღირებულება მაინც გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში შეძლებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.