"მოსაზრება, რომ რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წრთვნებით ვიღაცას აშინებს, ჩემი აზრით, არასერიოზულია. ეს სამხედრო წრთვნები არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც რუსეთი ატარებს მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. შესაბამისად, მოსკოვი რასაც მოისურვებს და საჭიროდ ჩათვლის, იქ იმას აკეთებს ანუ ამით კიდევ ერთხელ გამოხატავს, რომ აფხაზეთის ტერიტორია მისი განკარგულების ქვეშაა და სულ არ აინტერესებს, რას ვიტყვით ჩვენ და როგორ", - აცხადებს აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გალელ ქართველებს აქეთ გადმოსვლის საშუალებაც აღარ აქვთ" / ლევან კიკნაძის ინფორმაციით, ქართველებს აიძულებენ, ჩაეწერონ აფხაზებად.
"რა თქმა უნდა. ქართული მხარის მხრიდან ამას პროტესტი უნდა მოჰყვეს, ისევე, როგორც შეფასებები ევროსტრუქტურებისგან. იმიტომ, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ისევე როგორც სამხეთ ოსეთის, საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა და იქ უცხო ქვეყნის მიერ ჩვენ გარეშე ჩატარებული წრთვნები დარღვევაა. ასეც უნდა გამოცხადდეს, მაგრამ ამას არაფრად აღიქვამს რუსეთი და მაინც იმას გააკეთებს, რაც მოესურვება. უფრო მეტიც, როგორც იცით, გალის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზაა განლაგებული, სადაც მესაზღვრეებისთვის მთელი კომპლექსებია აშენებული. ისინი იქ უკვე ღობავენ ტერიტორიებს და იქაურობას ისე განკარგავენ, არც არავის ეკითხებიან. ეს ყველაფერი კი ხდება იმ დროს, როდესაც გალის ქართველი მოსახლეობისთვის დროებითი ბინადრობის დოკუმენტების შეჩეჩება უნდათ და მათ აფხაზური ადმინისტრაცია სწორედ ამ დოკუმენტების აღებას აძალებს. გამოდის, რომ, თუ მათ იქაური ბინადრობის მოწმობა არ აიღეს, მიწას ვერ იყიდიან და ვერც განკარგავენ, ხოლო რუსული ძალები იქ ისე მოიქცევიან, როგორც უნდათ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"ფაქტობრივად, გალელ ქართველებს აქეთ გადმოსვლის საშუალებაც კი აღარ აქვთ - იმ ყოფილმა ფორმა 9-მ რომლის საშუალებითაც ე.წ საზღვარზე მიმოსვლა ჰქონდათ, ძალა დაკარგა. ერთადერთი ახლა არის ბინადრობის დოკუმენტი, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იმითაც აღარ უშვებენ. გამოდის, რომ იქაურ მოსახლეობას ყველანაირ უფლებას უზღუდავენ. ამბობენ იმასაც, რომ თითქოს ეს ყველაფერი იქაურმა ქართველებმა გააპროტესტეს, მაგრამ მოგონილი ამბავია, რომელი ქართველი გაბედავს იქ პროტესტს?! ეს ყველაფერი იქამდე მივა, რომ გალის მოსახლეობა იძულებული გახდება, ან ჩაეწერონ აფხაზებად და იქაური პასპორტები აიღონ, ან წამოვიდნენ ჩვენსკენ. დღეის მდგომარეობით, მათ სხვა არჩევანი არ აქვთ", - განმარტავს რესპონდენტი.
"მეტსაც გეტყვით, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლება ზუგდიდის რაიონში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასოდ უწამლავს თხილის პლანტაციებს. იგივე გააკეთეს გალის მოსახლეობისთვის და შესაწამლი ხსნარი იქაც გააგზავნეს. თუმცა, ჩემი წყაროს ინფორმაციით, შესაწამლი ხსნარი გალის მოსახლეობისთვის არ დაურიგებიათ. აფხაზურმა ადმინისტრაციამ არ მისცა მოსახლეობას საშუალება, რომ ის გამოეყენებინათ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ გვინდა იქაური მოსახლეობის დახმარება, მაგრამ ამის საშუალებას აფხაზეთის ადმინისტრაცია არ იძლევა", - დასძენს ლევან კიკნაძე.