ხელისუფლება ქართველებს ახალგორიდან წამოსვლას აიძულებს

ხელისუფლება ქართველებს ახალგორიდან წამოსვლას აიძულებს

[თეონა ხარაბაძე]

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ახალგორში მცხოვრებ ქართველებს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აიძულებს. უარის შემთხვევაში კი, მათ სამსახურიდან ათავისუფლებს. სწორედ ამიტომ იგი შიშობს, რომ ახალგორში ძალიან მალე ეთნიკური ქართველი აღარ დარჩება და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვს.

ამ პრობლემაზე თამარ მეარაყიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის დახმარებით გამართა.

როგორც მეარაყიშვილმა აღნიშნა, იგი ბოლო წლების განმავლობაში ახალგორში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი იყო. ცოტა ხნის წინ კი გაიგო, რომ თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ და წეროვანში რიგით მუშაკად გადაუყვანიათ. რამდენიმე დღის წინ კი გააფრთხილეს, რომ მას ხელშეკრულებას უუქმებენ, რადგან წეროვანში სამსახურში არ ცხადდება.

ამასთან, მისი თქმით, ეს მხოლოდ მისი პრობლემა არ არის სამსახურიდან ყველა ის ადამინი გაათავისუფლეს, ვინც უარი თქვა წეროვანში საცხოვრებლად გადასვლაზე.

თამარ მეარაყიშვილი თქმით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საჯარო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაუგზავნა გაფრთხილება, რომ თუკი ისინი წეროვანში არ გამოცხადდებიან სამუშაოდ, ხელფასები შეუწყდებათ.

იგი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება უკვე შეეხო ახალგორის სანეპიდსადგურის თანამშრომლებს, რომლებმაც უარი განაცხადეს წეროვანში გადასვლაზე და ცხოვრებაზე.

თამარ მეარაყიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ახალგორის გამგებელი დღემდე აფინანსებს ახალგორში ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული არიან. მაგალითისთვის მეარაყიშვილმა დაასახელა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის დედა, რომელიც 80 წლის არის და ისე ფინანსდება, რომ ახალგორში არც კი ჩადის.

ახალგორში მცხოვრები ქართველი საჯარო მოხელეებისადმი მსგავსი დამოკიდებულება თამარ მეარაყიშვილისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ისეთ პირობებში, როდესაც ახალგორის გამგებლის მოადგილეს ვალოდია შერმადინს საკუთარი ქონება რუსული ბანკის მმართველისთვის აქვს მიქირავებული. მისი თქმით, ვალოდია შერმადინი ახალგორში მხოლოდ შაბათ-კვირას ჩადის, თვის ბოლოს კი რუსული ბანკის მმართველისგან ქირას იღებს. ახალგორელი ქართველებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არსებობს ახალგორის ადგილობრივი თვითმმართველობა, რატომ ყავს მას ქართველი გამგებელი და მისი მოადგილე მაშინ, როდესაც ისინი წეროვანში არიან.

რაც მთავარია, იგი ამბობს, რომ პირიდად მისი პრობლემა დაიწყო მას შემდეგ, რაც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

„პირადად მე იმის გამო ვისჯები, რომ არ ვითანამშრომლე ქართულ სპეცსამსახურებთან, ქართულ უშიშროებასთან. ზურაბ ფიცხელაური მიბარებდა და მეუბნეოდა, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა. იგი ასევე მთხოვდა, რომ წეროვანში კვირაში ერთხელ გამოვცხადებულიყავი, რათა მისთვის მიმეტანა ამბავი, ვინ როგორ იქცოდა ახალგორში. თუ ამ ყველაფერს მე ფოტომასალასაც დავურთავდი და მობილურით ჩავიწერდი, ვიქნებოდი უალტერნატივო მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი. ამ ყველაფერზე უარი განვაცხადე და ამიტომ მოხდა ჩემი დევნა“, - აღნიშნა მეარაყიშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება შერჩევით ექცევა ადამიანებს, რადგან ახალგორში არის შემთხვევები, როდესაც ხელისუფლების ერთგულ ქართველებს, პირიქით, თანაგრძნობით ექცევიან. კერძოდ, მეარაყიშვილმა დაასახელა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის დედა, ნელი მღებრიშვილი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ახალგორში აღარ ცხოვრობს, იგი იქვე ამბულატორიაშია გაფორმებული ეკონომისტად და მას ხელფასი ჩვეულებრივ ერიცხება.

როგორც მეარაყიშვილი აცხადებს, „ხელისუფლების ასეთი ქმედებები ერთგვარი სტრატეგიაა, რომ დევნილთა რაოდენობა გაზარდონ და ამით თავად ნახონ სარგებელი“.

სწორედ ამიტომ იგი დიპლომატიურ კორპუსს სთხოვს, გაითვალისწინონ ახალგორში შექმნილი ვითარება და ის ფაქტი, რომ იქ მცხოვრებ ქართველებს საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიის დატოვებას და წეროვანში გადასვლას აიძულებს.

მის თხოვნას გია ცაგარეიშვილიც უერთდება და მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ხელისუფლების ასეთ ქმედებებზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„ახლაგორში მცხოვრები ქართველები ქართულ ინტერესებს იცავენ, დღესაც იქ ცხოვრობენ. ამათ კი ახალგორში გაუქმება უნდათ ბაგა-ბაღების, სკოლების, ყველაფრის გაუქმება უნდათ, სადაც კი ქართველი ადამიანი დადის და მუშაობს. რა შეგვრჩერბა ხელში, ქართველებისგან დაცლილი მიწა-წყალი? ქსნის ხეობა, რომლის ყოველი გოჯი მიწა მორწყულია სისხლით, ვის ვტოვებთ, ვინ ჩავა ვინ იცხოვრებს ივანე მერაბიშვილი თუ მიშა სააკაშვილი? ეს არის სახელმწიფო სტრატეგია? ეს არის ქართული პოლიტიკა? არა, ბატონებო. ეს არის სეპარატიზმის მხარდაჭერა, ეს არის ქვეყნის დაშლა, ეს არის ქართული გენის მოსპობა. ამით ხართ თქვენ დაკავებული ყველანი ერთად ვინც ამას აკეთებთ და უნდა გრცხვენოდეთ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ეს არის შანტაჟი უბედური ქართველი ხალხის“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იგი საქართველის მთავარ პროკურატურაში სადეპუტატო შეკითხვას დღესვე გაგზავნის და ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

„ეს ადამიანები დასჯილი უნდა იყვნენ, ეს არის ღალატის ტოლფასი ნაბიჯი. თუ ვინმე ამიხსნის, სად არის აქ ქართული ინტერესი, სად იწყება ქართული სახელმწიფოებრიობა, როდესაც ასეთ უბედურებას ჩადიან, მაშინ ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

აღნიშნილ ფაქტთან დაკავშირებით დასახელებულია კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული პირები და დაინტერესების შემთხვევაში სიმართლის დადგენა პრობლემა არ იქნება. მაგრამ საგულისხმო ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ უნდა. მაგრამ, ცხადია, რომ ეს არ არის ერთი რიგითი შემთხვევა და იმედია, ამ ფაქტს აქ დასახელებული პირები მაინც გამოეხმაურებიან.