2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება. პროცესი ეტაპობრივად განხორცილდება. პირველ რიგში, ეს სიახლე სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებს შეეხება. უკვე ცნობილია, რომ ავტომანქანებს 12 კრიტერიუმით შეაფასებენ. ესენი: ძარა და ძარის ელემენტები, ხილვადობა, მოწყობილობები, კომპლექტაცია, იდენტიფიკაცია, საჭე, კონტურული მარკირება, მაშუქი ხელსაწყოები, სამუხრუჭე სისტემა, ხმაური, საბურავები და გამონაბოლქვი.
ავტომობილების ტექდათვალიერების სტანდარტები მძღოლებისა და ბიზნესსექტორისთვის სავარაუდოდ, ორ თვეში გახდება ცნობილი.
ეკონომიკისა მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, მართალია, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური დათვალიერების რეჟიმი ძალაში შევა, თუმცა ეს თავიდანვე ყველას არ შეეხება.
„ყველა სატრანსპორტო საშუალებას ერთდროულად არ შეეხება. დღეს 1 მილიონ 200 ათასი ავტომანქანაა რეგისტრირებული და ყველა ერთბაშად ამას ვერ დაექვემდებარება. სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, ვალდებულებები მანქანის გამოშვების წლების მიხედვით გავრცელდა, ზოგან მანქანის ნომრების, ასევე რაიონების მიხედვით. შვეიცარიული კომპანია SGS-ის ექსპერტები სწავლობენ ამ პროცესს და მათ რეკომენდაციებს ველოდებით“, - განმარტა ჩერქეზიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი არსებობს, რომლებიც დღეს არსებულ სტანდარტს აკმაყოფილებენ, თუმცა მათ ახალ სტანდარტებზე მორგება მოუწევთ. პირველ ეტაპზე სავალდებულო ინსპექტირებას სატვირთო და სამგზავრო ავტომობილები გაივლიან.
„ადაპტირებისთვის გონივრული ვადები იქნება. ეს პროცესი დამოკიდებულია SGS-ზე. ჩემი ვარაუდით, 2 თვეში უნდა იყოს გასაჯაროვებული სქემა, რაზეც უნდა გადაეწყონ ოპერატორები“, - განუცხადა „საქმის კურსს“ მინისტრის მოადგილემ.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაზე და ყველა საჭირო ღონისძიება ეტაპობრივად განხორციელდება. მისი თქმით, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების არსებობა ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გადაადგილების და კომფორტის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის.
„სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დაწყებულია ავტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. ეს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ეტაპობრივად განხორციელდება ის ღონისძიებები, რაც შესაბამისი გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს“, -აღნიშნა ნარმანიამ.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით ინსპექტირების ბოლო ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი.
„ეს არის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია, რადგან მძღოლებს გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ პროცესში ეტაპობრივი მონაწილეობისთვის. მათთვის ეს რეფორმა მტკივნეული არ უნდა იყოს. გასათვალისწინებელია ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობაც, არსებული სოციალური ფონი და ა.შ“, - აღნიშნა ლალიაშვილმა.