ბოლო პერიოდში რძის და სოიოს ფხვნილით ყველის დამზადებამ მასშტაბური სახე მიიღო. ბაზარზე ნატურალური პროდუქტის გარჩევა და ამოცნობა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამიტომ ყველისა და კარაქის მწარმოებელთათვის 1–ლი ივლისიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში. დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება.
აგრეთვე გარკვეული ცვლილება შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებასაც. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. ამასთან ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.
ბიზნესოპერატორი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 400 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით 1 წლის განმავლობაში ჩადენილი ქმედება კი 1200 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, ცვლილების განხორციელება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს.
„ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა. როგორც ცნობილია, რძის ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა ძალაში და მას შემდეგ ათეულობით კომპანია დაჯარიმდა. შედეგი კი ის არის, რომ ბაზარზე შესაძლებელია ნამდვილი კარაქისა და სუროგატის გარჩევა.
ყველის რეგლამენტირების მიმართულებით განსაკუთრებულად რთული იქნება აგრარული ბაზრის გაკონტროლება, რადგან იქ გლეხები და გადამყიდველები ყოველგვარი შემოწმების გარეშე ყიდიან პროდუქციას. როგორ უნდა მოხდეს იქ ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული ყველის დადგენა? ასეთ შემთხვევაში სურსათის სააგენტო პასუხისმგებლობას ბაზრის ადმინისტრაციას აკისრებს.
„აგრარული ბაზარი ვალდებულია, ჰქონდეს ინფორმაცია იმ პროდუქციის შესახებ, რომლის რეალიზებაც მის ტერიტორიაზე ხდება. თუ ეს პროდუქცია ფიზიკურ პირს ეკუთვნის, მან უნდა წარუდგინოს აგრარულ ბაზარს ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომ რძე რომლისგანაც მიღებულია ყველი და რომელსაც ის ყიდის, მიღებულია ჯანმრთელი ცხოველისგან და ეს ცხოველი გამოკვლეულია ბრუცელოზსა და ტუბერკულოზზე. ამავე დროს დახლზე უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირის შესახებ: გვარ-სახელი, პირადი ნომერი, ყველის დამზადების თარიღი და პროდუქციის წარმომავლობა.
შესაძლოა, ბაზარში ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად გამოტანილი ყველი არ იყოს სათითაოდ შეფუთული, როგორც ეს სუპერმარკეტებში ხდება და ეტიკეტის დაკვრა ყველა პროდუქტზე ვერ მოხერხდეს, მაგრამ ინფორმაცია ჩანართი ფურცლის სახით, იმის შესახებ თუ ვინ არის მწარმოებელი, რა დასახელების პროდუქტია და ა.შ. უნდა უზრუნველყოს ბაზრის ადმინისტრაციამ“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ანა გემაზაშვილი.