ინტერპოლმა უკვე 6 ყოფილ

ინტერპოლმა უკვე 6 ყოფილ "ნაციონალზე" შეწყვიტა წითელი ცირკულარით ძებნა

“ინტერპოლით ძებნილთა სიაში პროკურატურის მიერ ბრალდებული "ნაციონალების" ხელისუფლების კიდევ ორი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე და გერონტი ალანია აღარ იძებნებიან. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საერთაშირისო ძებნა არ შეწყვეტილა და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. თუმცა, სიმართლეა ის, რომ ინტერპოლის ვებ-გვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში 2012 წლიდან დღემდე ეს ორი პიროვნება იყო, ახლა კი სიაში არ იძებნებიან და ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ინტერპოლი საკუთარი სიიდან ხსნის საქართველოს პროკურატურის მხრიდან ჩასმულ იმ პირებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდნენ და გახმაურებულ საქმეებზე აქვთ ბრალი წარდგენილი, მათ შორის ზოგს ბრალდებები უკვე - დამტკიცებულიც”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ინტერპოლმა უკვე 6 ყოფილ "ნაციონალზე" შეწყვიტა წითელი ცირკულარით ძებნა / რატომ ვერ ასაბუთებს პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებზე ბრალდებებს ინტერპოლთან

„2012 წლიდან დღემდე წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ინტერპოლმა ნელ-ნელა მოხსნა იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და სოდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა, ხოლო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა საერთოდ არ გამოაცხადა. ძებნილთა სიაში რჩებიან: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა, რომელსაც 2 ბრალდება აქვს, ე.წ. ციხის ბუნტის ორგანიზება და ციხის კადრების ეპიზოდიდან ასევე პატიმართა არაადამიანური მოპყრობის წაქეზება. ასევე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და მე-7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა, რომელსაც 9 ბრალდება ჰქონდა წარდგენილი და მათგან ნაწილში უკვე დაუსწრებლად მჯავრდებულია. მათ შორისაა ადამიანების წამების საქმეები, ასევე - პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეც. მესამე ძებნილი არის სოდ-ის სამმართველოს ყოფილი უფროსი გია სირაძე, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე დაუსწრებლადაა მსჯავრდებული“, - აღნიშნავს გამოცემა.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) დირექტორის მოადგილე იოსებ თოფურიძე ინტერპოლით არ იძებნება, ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილ პირებს შორის მისი გვარი უკვე აღარ არის. თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე. თოფურიძესთან ერთად იმავე საქმეზე დამნაშავედაა ცნობილი კუდ-ის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია, კუდი-ის პირველი სამმართველოს ყოფილი უფროსი გერონტი ალანია და ოპერატიული თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი. წითელი ცირკულარით ძებნილებს შორის ასევე აღარ არის გერონტი ალანიაც. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 5 იანვარს ახალაიამ, მის მოადგილე იოსებ თოფურიძესთან, გერონტი ალანიასთან, ოლეგ მელნიკოვსა და კუდ-ის სხვა თანამშრომლებთან ერთად, შს სამინისტროს ე.წ. "მოდულის" შენობაში, დავით ახალაიას სამუშაო ოთახში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს მოქმედ პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს პოლიციის თანამშრომლებმა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრ ივანე მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს. მელნიკოვზე, ახალაიაზე, ალანიასა და თოფურიძეზე ინტერპოლით ძებნა 2012 წელს გამოცხადდა. ამათგან მელნიკოვი 2012 წლის დეკემბერში უკრაინაში დააკავეს, მისი ექსტრადირება 2013 წელს განხორციელდა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობისა და აღიარების შემდეგ 2014 წლის დეკემბრიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე თავისუფლებაშია“, - განაგრძობს გამოცემა.

„რაც შეეხება ალანიას, ახალაიასა და თოფურიძეს, მათზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა ეტაპობრივად შეწყდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ თოფურიძის მიმართ ინტერპოლით ძებნა კვლავაც გრძელდება და გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. თუკი ძებნა არ შეწყვეტილა, რატომ არ არის ძებნილთა სიაში თოფურიძე, პრესსამსახურში "რეზონანსს" უთხრეს, რომ "ეს ტექნიკური საკითხია, რაზეც პასუხის გაცემა მთავარი პროკურატურის კომპეტენცია არ არის, ეს ინტერპოლის კომპეტენციაა". გერონტი ალანიასთან დაკავშირებით გრძელდება თუ არა ძებნა, ამაზე პრესსამსახურში ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ. თავად თოფურიძის ადვოკატი ელენე ლაზარიაშვილი ამბობს, რომ თოფურიძის ოჯახის სურვილია, ამ საკითხზე კომენტარები არ გაკეთდეს, თუმცა ამბობს, რომ "ინტერპოლის ვებ-გვერდზე ადრე იყო თოფურიძის გვარი და ახლა არ იძებნება. რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება იმას, რომ ხმაურიან საქმეებზე ბრალდებული პირები ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში დარჩნენ და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინტერპოლმა ამ ადამიანების მიმართ წაყენებულ ბრალდებებში პოლიტიკური ნიშნით დევნა დაინახა? იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ თუ ვიღაც იყო ინტერპოლით ძებნილთა სიაში და ახლა აღარ იძებნება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინტერპოლისთვის ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომლის გასაბათილებლად სახელმწიფოს მიერ გაგზავნილი დოკუმენტაცია ძებნის აუცილებლობაზე დამაჯერებელი არ იყო და პირის მიმართ ძებნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება“, - დასძენს გამოცემა.

„იურისტ ლია მუხაშავრიას განცხადებით, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა მარცხი განიცადა. თვლის, რომ ამ პირების მიმართ ქვეყნის შიგნითაც არ არის დასაბუთებული ბრალდებები წარდგენილი და ცხადია, საფუძველი ეცლება მათი ძებნის საქმესაც."შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერპოლმა ამ ადამიანების მიმართ დაწყებულ სს-ის საქმეებში პოლიტიკური ნიშნით დევნა დაინახა. ის, რომ ვანო მერაბიშვილი გამოცხადებულა პოლიტპატიმრად, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეს იმის ბრალია, რომ მისი ბრალდებები და სასამართლო პროცესები ისეთი მძიმე დარღვევებით წავიდა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის პოლიტპატიმრად მიიჩნიეს. მუხაშავრიას თქმით, თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა ერთი პირის მიმართ, სხვებს შემდგომში უადვილდებათ დაასაბუთონ, რომ ისინიც პოლიტიკური ნიშნით დევნილები არიან. პროკურატურა ვერ ამტკიცებს მათ დანაშაულს ისე, რომ პოლიტიკურ ნიშანზე ეჭვები არ გაჩნდეს", - წერს სტატიის ავტორი