[გიორგი ბექაური]
შარშანდელი წელი მობილური ოპერატორებისათვის საკმაოდ მძიმე იყო. მათ დაუწესდათ აქციზის გადასახდი, შეუმცირდათ ურთიერჩართვის ტარიფი, კომუნიკაციების მარგულირებელმა კომისიამ დაადგინა პორტირების სისტემა და ამით ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ვითარება სულ უფრო აირია. მობილური ოპერატორები ამ ყველაფრით უკმაყოფილო დარჩნენ და იმის ნაცვლად, რომ ერთობლივი ძალებით ებრძოლათ საკუთარი ინტერესების დასაცავად, სულ სხვა მიმართულებით დაიწყეს გაუთავებელი კამათი და კინკლაობა.
მოკლედ, საქართველოს სამივე ფიჭური კომპანია ერთმანეთს დაერია და თვე არ გავა კომუნიკაციების კომისიაში ერთურთის წინააღმდეგ სარჩელი არ შეიტანონ. უმეტეს შემთხვევაში, ასეთი საჩივრები რომელიმე მხარის დაჯარიმებით თავდება. შემდეგ მიდის გამოტანილი ვერდიქტის გასაჩივრება და იმაზე ფიქრი მომჩივანს სამაგიერო რითი გადაუხადონ.
„ბილაინი“, „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ უკვე რამდენიმე თვეა ასეთ დაპირსიპირებაში არიან ჩართულნი. ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ კონკურენტი როგორმე დააზარალონ. ამჯერად, როგორც ჩანს, ასეთი შანსი „ჯეოსელმა“ გამოძებნა, ხოლო „მაგთიმ“ საჩივარი გამოაცხო.
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს, „მაგთიკომსა“ და „ჯეოსელს“ შორის მორიგი დავა წარმოიშვა. ამ რამდენიმე ხნის წინათ „მაგთიკომმა“ გაიმარჯვა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც „ცხელი ხაზის“ მომსახურებას ეხებოდა. „ცხელი ხაზის“ მომსახურებაში ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ აბონენტებისთვის ამ ნომრებზე დარეკვა, საქართველოში არსებული ნებისმიერი ოპერატორიდან უფასო ყოფილიყო.
„მაგთიკომმა“ 22-ვე ავტორიზებულ პირს საქართველოში გაუგზავნა მოთხოვნა, რომ კომპანიებს აღნიშნულ ნომრებზე დარეკვის საფასურს თავად აუნაზღაურებდა. 22-დან მხოლოდ კომპანია „ჯეოსელმა“ არ დააკმაყოფილა „მაგთიკომის“ მოთხოვნა და დაპირისპირების მიზეზიც გაჩნდა.
„ჯეოსელმა, ჩვენი აზრით, ამ პროექტის განხორციელებას განზრახ შეუქმნა პრობლემა“, - აცხადებენ „მაგთიკომში“ და მიაჩნიათ, რომ კონკურენტები უსუსური არგუმენტებით ცდილობენ გაამართლოს საკუთარი ქმედება.
„ჯეოსელის“ გადაწყვეტილება არღვევს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში არსებულ კანონმდებლობას და ზიანს აყენებს როგორც კომპანიის, ასევე, მომხმარებელთა ინტერესებს. ამის თაობაზე ჩვენ უკვე მივმართეთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია დაავალდებულებს „ჯეოსელს“, დააკმაყოფილოს ჩვენი კანონიერი მოთხოვნა“, - აღნიშნავენ კომპანია „მაგთიკომში“.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „ჯეოსელის“ ქმედებით არსებობს საფრთხე, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, „მაგთიკომი“ შეყვანილი იქნას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში „მაგთიკომი“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
„ეს ფაქტი კი „ჯეოსელს“ საშუალებას აძლევს ჩამოიშოროს კონკურენტი კომპანია, რაც თავის მხრივ მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ქმნის არაკონკურენტუანარიანი გარემოს ჩამოყალიბების რეალურ საფრხეს. არაკონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება მომხმარებელთა ინტერესებს, მათ შორის იმ სახელმწიფო ორგანიზაციების ინტერესებს, რომლებიც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მობილური საკომუნიკაციო მომსახურების შეძენისთვის ტენდერებს აცხადებენ“, - აცხადებენ „მაგთიკომში“.
ჯერჯერობით, „ჯეოსელს“ მძიმე ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მათი კომენტარის დრო, ალბათ, მაშინ დადგება, როდესაც კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, ან ჩასაფრებული „მაგთი“ გამოჩხრეკს რაიმე საბაბს კონკურენტის საწინააღმდეგოდ.