ეკონომიკური კრიზისით შეპყრობილი მოსახლეობა

ეკონომიკური კრიზისით შეპყრობილი მოსახლეობა

10-დან 9 გამოკითხული ფიქრობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალიც ჯერჯერობით არ ჩანს. საშუალო შეძლების მოქალაქეთა 10-15%-მა უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში და ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაუარესდება.

თბილისელებს ყველაზე რეალურ საფრთხედ ეკონომიკური კრიზისი მიაჩნიათ. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეისითი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე უკვე დგას.

თბილისის მაცხოვრებლების აზრით, გარდა ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემებისა, ქვეყანა ისეთი საფრთხეების წინაშეა, როგორებიცაა მიგრაცია (85%); ეკოლოგიური კატასტროფები (ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარი და ა.შ) (85%); დემოგრაფიული კრიზისი (მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება) - (84%); ქართული ტერიტორიების ოკუპაცია სხვა ქვეყნების მიერ (83%) და ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა).

შედარებით ნაკლები საშიშორებაა კრიმინალის მატება (59%); სამოქალაქო დაპირისპირება (48%) და ომი (46%). საინტერესოა, რომ ტერორიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თბილისელების მხოლოდ 37%-ს მიაჩნია საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხედ.

გამოკითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის ჩატარდა, ადასტურებს, რომ ხალხისთვის წინა პლანზე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები გადმოდის. ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ ეს საკითხები კიდევ უფრო მწვავე გახადა. სპეციალისტები ამბობენ, რომ არასახარბიელო ვითარება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ამან საგანგაშო სახე მიიღო. ზაფხულში რომ ასეთი სიძვირეა, ძნელი გამოსაცნობი არ არის რა იქნება ზამთარში.

„აქციზის განაკვეთის გაზრდის გამოცხადებისთანავე მთავრობამ დაიწყო მტკიცება, რომ ეს მხოლოდ ნავთობპროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა და სხვაზე არაფერზე იმოქმედებდა, რაც, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა. საბოლოოდ, ასეთმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა ინფლაციამდე. მთავრობა ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ. რა თქმა უნდა, ახლაც კი შეიძლება ვითარების შემობრუნება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება, რისი უნარიც ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია“, - განაცხადა პაატა კოღუაშვილმა.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენებში კრიზისს ადასტურებს. იგი ვარაუდობს, რომ საშუალო შეძლების მოქალაქეთა 10-15%-მა უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში და ეს მაჩვენებელი დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური კრიზისი არ დასრულდება.

„ფასები გაზრდილია, შემოსავალი არ მატულობს, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, მათ შორის, საშუალო კატეგორიის ადამიანებშიც. სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას არ ველოდები, მაგრამ ლარის გაუფასურება თუ გაგრძელდება, ბევრი ადამიანი შეავსებს ღარიბთა რიგებს. სოციალური ფონი გაუარესებულია, ვერ ვიტყოდი, რომ ბოლო 1-2 თვეში დამძიმდა ვითარება, მაგრამ ეს პროცესი აშკარად შესამჩნევია“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ.