შიდა და საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით, ეკონომისტები ლარის კურსის გამყარებას პროგნოზირებენ, თუმცა ეროვნული ბანკი ქართულ ვალუტას ამის საშუალებას არ აძლევს. რამდენად სწორია სებ-ის ქმედება მაშინ, როდესაც ყველა დევალვაციით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს?
ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტა, ძირითადად, 2,40-ის ნიშნულზე ტრიალებს. დაფიქსირდა კურსის კიდევ უფრო გამყარების რამდენიმე შემთხვევაც, თუმცა მას ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენცია და რამდენიმე ათეული დოლარის შესყიდვა მოჰყვა. ბოლო ასეთი ნაბიჯი სებ-მა 19 და 20 ივნისს გადადგა, როდესაც სავალუტო ბაზრიდან ერთბაშად 30 მლნ დოლარი ამოიღო.
რამდენად გამართლებულია ცენტრალური ბანკის ასეთი სტრატეგია და ნიშნავს თუ არა მსგავსი მიდგომა, რომ სებ-ისთვის ამჟამინდელი ნიშნული მთავარი ორიენტირია? ფინანსისტები გვენეტაძის უწყების ნაბიჯებს სხვადასხვაგვარად აფასებენ.
უნდა ითქვას, რომ 2,41 თეთრი არის ახალი წონასწორობის კურსი დოლართან მიმართებაში. ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე თვეა ამ ფარგლებში მერყეობს, თუმცა სებ-ს იგი ხელოვნურად უჭირავს. ვალუტის კიდევ უფრო გამყარებას ხელს სწორედ სებ-ი უშლის. ამ დროს ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი დადებითია, გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავალი, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება, ინვესტიციების მოცულობა, რასაც წესით უნდა გამოეწვია გამყარება. მოსახლეობა ამ ფონზე ლარის გამყარებას ელოდება, თუმცა ამაოდ.
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის ბუნდოვანი: „მათი ნაბიჯები არ არის თანმიმდევრული და ისინი იღებენ მხოლოდ წერტილოვან გადაწყვეტილებას. ამიტომ ლოგიკა, პროგნოზირება და მოვლენების თანმიმდევრობა არის, პრაქტიკულად, ნული“, - აცხადებს შეშელიძე.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე სებ-ის გადაწყვეტილება არის სწორი, რადგან ახლა საერთაშორისო რეზერვების შევსებისთვის საუკეთესო დროა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით რეზერვები ექსპორტის 3 თვის მაჩვენებლზე მცირე არ უნდა იყოს. საქართველოს ამ ეტაპზე 2,8 მლრდ-ზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი აქვს, რაც რეკომენდირებულზე თითქმის სამჯერ მეტია. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკი შეეცდება არსებული კურსი, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. ლარის მკვეთრი რყევა კი მოსალოდნელი არ არის.
ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯს პრობლემად არ აღიქვამს პროფესორი დავით ასლანიშვილი, თუმცა ის გრძელვადიანი სტაბილურობაზე საუბრისგან თავს იკავებს.
„საქართველოში არის მცურავი კურსი და ეროვნულ ბანკს საშუალო შეწონილი განსაზღვრული აქვს 2,50-ზე. მას ხშირად ვაკრიტიკებთ, რომ არაადეკვატურად მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევაში ნორმალური ნაბიჯი გადადგა. სებ-მა დაიცვა ლარი სპეკულაციური და ზედმეტი გამყარებისგან, რადგან მოგვიანებით მოხდებოდა ის, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც არ ჩაერივნენ ბაზარზე და ლარის კურსი 2.60-დან რამდენიმე საათში გამყარდა 2.37-მდე და ისევ ავარდა 2.55-ზე. ახლაც რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა სწორი ნაბიჯი გადადგა.
ამჟამად არის ტურისტული სეზონი და ამ ეტაპზე სწორედ სეზონური ეკონომიკა არის განმსაზღვრელი. ჩნდება მოთხოვნა ლარზე და შემოდის უცხოური ვალუტა. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა ზედმეტი სპეკულაციისგან თავის დასაცავად იმოქმედა“, - აცახდებს ასლანიშვილი.