ადამიანთა შემოსავლის დიდი ნაწილი ფიზიკურ გადარჩენას ხმარდება

ადამიანთა შემოსავლის დიდი ნაწილი ფიზიკურ გადარჩენას ხმარდება

მოსახლეობას შემოსავალი არ ჰყოფნის და რასაც გამოიმუშავებენ, ძირითადად, ფიზიკური არსებობისთვის იყენებენ. მოქალაქეები საკუთარი მთლიანი შემოსავლების მესამედზე მეტს, ანუ 35,8%-ს საკვებში ხარჯავენ.

IPM RESEARCH-ის კვლევის მიხედვით, ბინის, კომუნალური გადასახადებისა და საკვების ხვედრითი წილი საერთო შემოსავლებში 55%-ია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. „გამოდის, რომ ქვეყანაში ოჯახები ფიზიკურ არსებობაში ხარჯავენ საერთო საოჯახო შემოსავლის ნახევარზე მეტს“, - აცხადებენ კომპანიაში.

კვლევის მიხედვით, შემოსავლის 11,4% მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინის, სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი - კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ. გამოკითხული რესპონდენტების ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 8,7%-ს ტრანსპორტირებისთვის მოიხმარენ. მნიშვნელოვანი დანახარჯია ალკოჰოლი და თამბაქო (7,5%), ასევე კომუნიკაციებისა (6,8%) და განათლებისთვის გაღებული ხარჯებიც (6,8%).

სპეციალური კვლევა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო 1959-მა რესპონდენტმა. გაირკვა, რომ კაცი ოჯახის მთავარი შემომტანი უფრო ხშირად სოფელში მცხოვრებ ოჯახებშია. საპირისპირო ვითარებაა ქალებთან მიმართებაში. ქალები, ოჯახში მთავარი შემომტანები ორჯერ უფრო ხშირად არიან ქალაქში მცხოვრებ ოჯახებში, ვიდრე სოფელში.

ის, რომ შემოსავლის ნახევარზე მეტი ფიზიკურ არსებობაში იხარჯება, ეს ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე მიუთითებს. მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ლარის დევალვაციის შემდეგ და 2017 წლის დასაწყისიდან, როდესაც მთავრობამ თავისი გადაწყვეტილებით რიგი პროდუქტების ხელოვნურად გაძვირება გამოიწვია.

აქედან გამომდინარე, ინფლაციაც „გაფრინდა“ და თუ გეგმის მიხედვით 2017 წელს 4% უნდა ყოფილიყო, მაისში უკვე 6,6%-ს მიაღწია. კიდევ უფრო მაღალია ინფლაცია კონკრეტულად პირველადი მოთხოვნილების საქონელზე. სამომხმარებლო პრდუქციის გაძვირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საწვავზე აქციზის გადასახადის ხელოვნურმა მატებამ.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. დღე-დღეზე გაიზრდება ბუნებრივი აირის ტარიფი. შესაბამისად, მოსალოდნელია პურ-ფუნთუშეულსა და ყველა იმ პროდუქტციაზე ფასის გაზრდა, რომელთა საწარმოებლად გაზი აუცილებელია.

ექსპერტები ამბობენ, რომ არასახარბიელო ვითარება მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის გამოწვეული. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილის აზრით, როდესაც ზაფხულში ასეთი სიძვირეა, ქვეყანას ძალიან მძიმე ზამთარი ელის.

„საბოლოოდ, ასეთმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მიგვიყვანა აგფლაციამდე (სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გაძვირება). გლეხს, რომელსაც ჩამოაქვს თავისი პროდუქცია დედაქალაქში, აღარც გარევაჭრობის შესაძლებლობა აქვს და არც ბაზარში დგომის საშუალება. ამიტომ პირდაპირ გადამყიდველებთან უწევს ურთიერთობა. ამის გამო უშუალოდ მომხმარებლამდე ბევრად ძვირად მიდის საკვები. მთავრობა ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. როცა ზაფხულში ფასები ასეთი მაღალია, ძალიან მძიმე ზამთარს უნდა ველოდოთ“, - აცხადებს კოღუაშვილი.

მოსახლეობის უმრავლესობა ფულის გადადებას საერთოდ ვერ ახერხებს. ამის შესაძლებლობა, ზედაპირული გათვლით, მხოლოდ 30%-ს გააჩნია და ისიც მიზერული რაოდენობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავალსა და ხარჯს შორის სხვაობა თითქმის ყოველწლიურად იკლებს. თუ 2015 წელს ერთ შინამეურნეობაზე ეს სხვაობა 17,6 ლარი იყო, ერთ ადამიანზე კი სულ რაღაც 4,9 ლარი, 2014-ში სხვაობამ, შესაბამისად, 27,7 და 7,7 ლარი შეადგინა. 2016 წლის საბოლოო მონაცემები ცნობილი არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ ფინანსური კრიზისის ფონზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესებული იქნება.

ემპირიული დაკვირვებით საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას.