[ეკა ბაქრაძე]
ინვესტიციების შესახებ ინფორმაციები არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს მობოდიშების მოკლე ტექსტი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2011 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანების გამო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომხმარებელს ბოდიშს უხდის. „საქსტატის“ განცხადებით, აღნიშნული ცნობები დაგვიანებით გავრცელდება.
„ტექნიკური მიზეზების, კერძოდ, სერვერის და შესაბამისად კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის დროებითი გაუმართაობის გამო (რაც გამოწვეული იყო საქსტატის ოფისის შეცვლით), შეფერხდა რესპონდენტებიდან შესაბამისი ინფორმაციის მოზიდვა“, - აცხადებენ „საქსტატში“.
მათი თქმით, ინფორმაცია დამუშავების პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. გამოდის, რომ 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ზუსტად წლის შუაგულში გახდება ცნობილი. ეს ქართული კანონმდებლობითაც კი ძალიან დაგვიანებული ვადაა, მით უფრო იმის ფონზე, რომ ჩვენი მეზობლები ინვესტიციების შესახებ მონაცემებს ძალიან ოპერატიულად აქვეყნებენ.
ექსპერტი შოთა მურღულია მიიჩნევს, რომ საქართველოში რამე სერიოზული ინვესტიცია რომ შემოსულიყო, უკვე ცნობილი იქნებოდა.
„ქვეყანაში რამე სერიოზული ინვესტიციების შემოსვლა ჯერ არ ფიქსირდება. მთავრობა ინვესტიციების მოსაზიდად აქტიურობას არ აკლებს, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში ფული ჩაიდოს. ინვესტორებმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები უნდა დაივიწყონ, რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ფონი შეიცვალოს და იმავდროულად მსოფლიო ეკონომიკაში არსებული სურათი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, - ამბობს შოთა მურღულია.
აღსანიშნავია, რომ შარშან პირველ კვარტალში საქართველოში მხოლოდ 75.7 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ გამოფხიზლების პროცესშია, ხოლო ჩვენი მეზობლები მეტად ოპერატიულად მუშაობენ. საინვესტიციო ინფორმაციას და თანაც საკმაოდ პუნქტუალურად აქვეყნებენ აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურები. ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით მათ ვებ-გვერდებზე არა მარტო კვარტალურ, არამედ ყოველთვიურ მონაცემებსაც კი იხილავთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სამეულში პირველი ადგილი რუსეთს ერგო, 2011 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით იქ 44,3 მლრდ დოლარის ინვესტიცია შევიდა, რაც 3,4-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა აზერბაიჯანში, იქ 2010 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 21,2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 811 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სომხეთს, იქ 2011 წლის პირველ კვარტალში, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 19,5%-ით შემცირდა და 130,6 მლნ დოლარი შეადგინა.
რა მოცულობის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალშია, როგორც აღვნიშნეთ, უცნობია. თუმცა 2010 წელს შემოსული ინვესტიციების მოცულობით საქართველო არა მარტო რუსეთს და აზერბაიჯანს, არამედ სომხეთსაც კი ჩამორჩებოდა. 1,2 მლრდ დოლარის ნაცვლად, 2010 წელს საქართველოში სულ რაღაც 553 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2009 წელთან შედარებით, 16%-ით ნაკლებია.