ხმაურის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონპროექტის პრაქტიკულად მიღებულია. პარლამენტმა იგი მეორე მოსმენით უკვე მიიღო. შესაძლოა, ძალაში უკვე 15 აგვისტოდან შევიდეს და დაჯარიმების მექამიზმიც ამოქმედდეს.
ბიზნესს, პირველ რიგში კი, რესტორნებსა და კაფე-ბარებს, რა თქმა უნდა, მოუწევთ შესაბამისი ხარჯის გაწევა, რომ ხმაური შეზღუდონ, თუმცა ეს იქნება ერთჯერადი ხარჯი, რათა ხმაურის სპეციალური დამხშობი საშულებები შეიძინონ.
უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტზე მუშაობისას ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება მოხდა.
„ჩვენ დავასრულეთ მუშაობა. პარლამენტში მსგავსი გამჭვირვალე პროცესი არ ყოფილა. ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ვიცავთ, ეს ადამიანის ჯანმრთელობის უფლებაა. რაც შეეხება ბიზნეს მიმართულებას, აღნიშნული საკითხი ფუნდამენტურად შევისწავლეთ და გადაწყვეტილება სწრაფად არ მიგვიღია. სამი თვის განმავლობაში სამუშაო ჯგუფში ვიყავი, სადაც ყველა მხარე იყო წარმოდგენილი. ბიზნეს სექტორშიც ამ კანონპროექტის მომხრეებიც არიან და მოწინააღმდეგეებიც“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
მისი განცხადებით, კაფე-ბარებში გადამეტებული ხმაურის გამო სასტუმროები გაკოტრების პრობლემის წინაშე დგანან. „რესტორანსა და კლუბებს შეუძლიათ მუსიკას დაუწიონ და ბიზნეს საქმიანობა სწორედ ამ ფორმით გააგრძელონ. სასტუმროები გაკოტრების წინაშე არიან, რადგან სხვადასხვა კაფე-ბარებში გადამეტებული ხმაურის გამო მათთან არავინ ჩერდება. თუ ჩვენ მესამე მოსმენას ამ საგაზაფხულო სესიაზე მოვასწრებთ, კანონპროექტში წერია, რომ ხმაურზე შეზღუდვა 15 აგვისტოდან დაწესდება. სწორედ ამის შემდგომ შეიზღუდება ხმაური დღისა და ღამის საათებში. რეგლამენტი მთავრობამ უნდა მიიღოს, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მხოლოდ სანქციების შემოღება ხდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ გოგიჩაიშვილმა.
პროექტის მიხედვით, პირველ ჯერზე ხმაურისთვის გააფრთხილებენ, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირები 150 ლარით, იურიდიული პირები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან. ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ქმედების ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით.
პროექტის მიხედვით, პოლიციამ 100 ათას ლარად უნდა შეიძინოს სპეციალური ხელსაწყოები, რომლითაც ის ქალაქებში ხმაურის დონეს გაზომავს.
კანონპროექტში არაა განსაზღვრული ხმაურის დონეები, რასაც დაჯარიმება მოჰყვება, ამისთვის კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობამ 1 ივლისამდე უნდა მიიღოს რეგლამენტი ხმაურის დონის შესახებ.
ევროკავშირის ქვეყნებში კი ღამის ხმაურის ზღვრული დონე ასე გამოიყურება: საფრანგეთი - 62 დეციბალი, გერმანია - 49 დეციბალი, ნიდერლანდები - 40 დეციბალი, ფინეთი - 46 დეციბალი, შვედეთი - 51 დეციბალი, უნგრეთი - 55 დეციბალი, ლატვია - 40 დეციბალი.
2018 წლის 1-ელ აპრილამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შეადგენენ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავს საპატრულო პოლიცია და დაჯარიმებასაც ის მოახდენს, 2018 წლის 1-ლი აპრილიდან კი ეს ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადაეცემა.