[თეონა ხარაბაძე]
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ აქციების ჩატარების ახლებური რეგულაციების შემოღება იმისთვის ხდება, რომ მომიტინგეებს აზრის გამოხატვაში ხელი არ შეეშალოთ. ამასთან, მისი თქმით, ეს ნორმები ვენეციის კომისიასთანაც შეთანხმებული ყოფილა და მისთვის პოლიტიკური სპექტრის პროტესტი გაუგებარია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად უკან ბრუნდება ის მუხლები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა. ამასთან, გათვალისწინებულია კიდევ დამატებითი ცვლილებები, რაც აქციის ჩატარების წესს კიდევ უფრო ზღუდავს. საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
ამ გადაწყვეტილებით „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში გაუქმდა 2009 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმად, საჯარო დაწესებულებებთან აქციის ჩატარებისთვის 20 მეტრიანი ბარიერი წესდებოდა. ასევე გაუქმდა შეზღუდვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოში აქციაში მონაწილეობას უკრძალავდა.
რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომელიც პოლიციელის მანქანაზე თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობის შემოტანას ითვალისწინებს, მინაშვილი იმით ხსნის, რომ „პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმას ნიშნავს და სათანადოდ უნდა ისჯებოდეს“.
ნივთზე თავდასხმისთვის სამუდამო პატიმრობა რამდენად ჯდება დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპებში და ეს ინიციატივები არის თუ არა 26 მაისის აქციებზე პასუხი, ამ საკითხებთან დაკავშირებით „პრესაჯი.ტვ“ აკაკი მინაშვილს ესაუბრა, რომელიც „მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ერთ-ერთი ავტორია.
საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმები არაკონსტიტუციურად ხომ სცნო და ამ გადაწყვეტილების შეცვლა რატომ ხდება?
- ძალიან გთხოვთ, კარგად წაიკითხოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ასევე ვენეციის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები და მერე ასეთ კითხვებს აღარ დასვამთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ სცნო ეს ნორმები არაკონსტიტუციურად?
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბლანკეტური აკრძალვა. ანუ, ყოველი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
რაც შეეხება ჩვენს ინიციატივას, აქ წერია ასეთი რაღაც, რომ კანონის მიერ უხეში 20 მეტრიანი აკრძალვა დაუშვებელია და ამის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს.
ინიციატივაში წერია ასეთი რამ, რომ ადმინისტრაცია თავად განსაზღვრავს მანძილს, სადაც შეიძლება ჩატარდეს დემონსტრაცია, მაგრამ ჩვენ ახლა ვაკონკრეტებთ, რომ ეს მანძილი არ უნდა იყოს 20 მეტრზე მეტი. ანუ, შეიძლება - 5 მეტრშიც ჩატარდეს და 2 მეტრშიც. არის ისეთი შენობები, სადაც ეს 20 მეტრიანი სივრცე არ არის და სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის შემოგვაქვს ეს. მთავარი არის, რომ არ დაიბლოკოს ამ კონკრეტული ინსტიტუტის მუშაობა მანიფესტაციის დროს.
გამოხატვა არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეაფერხო სახელმწიფოს ფუნქციონირება. გამოხატვა ნიშნავს იმას, რომ შენ გამოხატო შენი პოზიცია და ეს გაიგონ პოლიტიკოსებმა. ამისთვის ქართულ სასკანონმდებლო სივრცეში არსებობს კარგად ჩამოყალიბებული ნორმები და ახლა ამ ინიციატივთ ხდება ამ ნორმების დახვეწა, რათა არ შეიქმნას რაიმე დაბრკოლება არც მომიტინგეებისთვის და არც სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.
ჩამონათვალში პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები აღარ არის. ეს გამორჩენილია?
- პოლიტიკურ შენობებთან შესაძლებელია, რომ ერთ მეტრშიც კი ჩატარდეს, მაგრამ სასამართლოების შენობებთან უნდა იყოს ეს დისტანცია. პოლიტიკურ შენობებთან, სადაც ძირითადად ხდება პროტესტის გამოხატვა, შეზღუდვა მოხსნილია. მაგრამ, სასამართლოსთან, ასევე შეიარაღებულ ობიექტებთან არ შეიძლება, რომ ჩატარდეს და ამის დეფინიცია ხდება.
მაინცდამაინც ახლა რატომ გახდა ამ ცვლილების მიღება საჭირო?
- ეს არის საკონსტირუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და აქ აქციები და 26 მაისი არაფერ შუაში არა რის. ჩვენ ასევე დიდი ხანია, ვმუშაობთ ვენეციის კომისიასთან და ყველა ეს ნორმა, რაზეც აქ არის საუბარი, სამუშაო პროცესის შედეგია.
ოპოზიცია იხსენებს, რომ აქციების გამკაცრება მოხდა 2009 წლის აქციების შემდეგ. ახლაც ასე მოხდა, რომ ინიციატივა შემოვიდა 26 მაისის მოვლენების შემდეგ. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევაა?
- ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზულია. მინდა, გითხრათ, რომ უმრავლესობა არასდროს არ მოქმედებს ექსტრემისტული ჯგუფების რაიმე აგრესიული ქმედებებიდან გამომდინარე. ქვეყანაში რეფორმები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რაც არ აუნდა მოიმოქმედოს რომელიმე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ.
ცვლილება შედის „სისხლის სამართლის“ კოდექსშიც და ნივთზე თავდასხმისთვის პირს, შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა მოესაჯოს. ეს რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ და რითი ხსნით?
- პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ, რომ ამ კანონპროექტსაც ძალიან კარგად გაეცნოთ. ასე საუბარი არასწორია. პოლიციასთან მიმართებაში არანაირი დამატებითი გარანტიები არ შემოდის.
ანუ, თქვენ ამბობთ, რომ პოლიციელის მანქანაზე თავდასახმისთვის სამუდამო პატიმრობა აქამდეც არსებობდა?
- მინდა, გითხრათ, რომ პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას და ეს ასეა ყველა ქვეყანაში და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას განახორციელებს, ძალიან მკაცრად ისჯება.
გამკაცრება რატომ გახდა საჭირო?
- ეს არის მხოლოდ ნორმის დახვეწა. მე ამ კანონპროექტის ავტორი არ ვარ და განხილვა რომ დაიწყება, სათანადო განმარტებებს მისი ავტორები გააკეთებენ.