„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა. პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი 0-ის ტოლია. გასულ წელს კი, საქართველოში სულ 1.64 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან სოფლის მეურნეობაში 9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა. მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მაგრამ ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის.
ამ სტატისტიკას გამოეხმაურა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, მიუხედავად იმისა, რომ 45 ათასი ჰექტარია გასხვისებული და რომ არ შემოდის, სწორედ ამიტომ გვჭირდება შიდა ინექციები“, - აცხადებს დანელია და მიუთითებს, რომ უცხოური კომპანიები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ინვესტიციებს არ ახორციელებენ.
„არ მინდა დავასახელო არც ქვეყანა და არც კომპანია, რადგან ჩემი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება სწორი, თუმცა ბუნებრივია, კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები მაქვს“, - აცხადებს დანელია.
მისივე თქმით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, სადაც ერთ გლეხზე 0.24 ჰა მიწა მოდის და ამას გაფრთხილება სჭირდება.
იგივე პოზიციას იზიარებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილიც.
„მიწის გასხვისება ხდებოდა, მაგრამ ეს სოფლის მეურნეობის განვითარებას ბიძგს არ აძლევდა. მიწა განსაკუთრებით შეზღუდული რესურსია. ამ რესურსს უნდა უფრთხილდებოდეს ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. საჭიროა მნიშვნელოვანი განაცხადი და კონსტიტუციური ჩანაწერი ამ საფუძველს ქმნის“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის ბაჩანა ჯინჭარაძის აზრით, თუ უცხოელებს ინვესტიციის განხორციელება სურთ, შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციების შემოდინების შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს. ჯერჯერობით მათი აქტივობა ისედაც მინიმალურია.
იმისათვის, რომ მიწა მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს და სოფლის მეურნეობის სექტორიც წამოიწიოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ფლობენ, საშეღავათო სისტემის შემუშავება იგეგმება. „საქმის კურსს“ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განუცხადა, რომ აღნიშნული სისტემის შემოღების მიზანი სოფლად მაცხოვრებელთათვის იაფ ფულად რესურსზე მეტი წვდომის შესაძლებლობების გაჩენაა.
„ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვინაიდან ბიუჯეტთან ექნება შეხება, ამას დასჭირდება კონსულტაციები ეკონომიკურ გუნდთან და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოვადგენთ ჩვენს ვარიანტს. ვფიქრობ, ქართველ გლეხს მოტივაცია აკლია, რადგან ამ მხრივ მუშაობა სულ რაღაც 4-5 წელია შევქმენით და ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დარგში სრულფასოვანი მოტივაცია იყოს და ურბანიზაცია შევაჩეროთ, რაც შეიძლება მეტად დავამაგროთ გლეხი სოფელში და რაც შეიძლება, მეტად იყოს ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსი“, - განმარტა დანელიამ და დასძინა, რომ მიწის დასამუშავებლად მოტივაციის შექმნა აუცილებელია.