[ნინო მიქიაშვილი]
ეგრეთ წოდებული ფლექსის პროგრამაში გამარჯვებული ქართველი ბავშვები, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, ფსიქოლოგიურად მოამზადეს - სპეციალურ ტრენინგზე ბავშვებს ის მითითებები გააცნეს, რაც ამერიკაში ერთი წლის ცხოვრების განმავლობაში უნდა შეასრულონ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ”ფლექსის” პროგრამის დეტალებში ჩახედულ ადამიანთან შეხვედრასა და ინტერვიუს ჩაწერაში ”ობიექტივმა” ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დახმარება სთხოვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრის უფროსს, ნინო პოტრჟებსკაიას. მან გვითხრა, რომ სამშაბათს დილით შევხმიანებოდით. ჩვენ პირობა შევასრულეთ, მაგრამ პოტრჟებსკაიამ განგვიცხადა, რომ ზემოხსენებული პროგრამის კოორდინატორი ორშაბათს, გვიან ღამით უცხოეთში გაემგზავრა და ერთი კვირა არ დაბრუნდება.
როცა ”ფლექსის” პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება განათლებისა და მეცნიერების პრესცენტრის უფროსისგან კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომელიც ვალდებულია ამგვარ შემთხვევებში ჟურნალისტს დაეხმაროს, შენიშვნა მივიღეთ - „როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი? შეხვედრაზე ვარ, კარგად ბრძანდებოდეთ“.
რადგან ასე მოხდა, იძულებული გავხდით „ობიექტივის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გამოგვექვეყნებინა. ამის შესახებ ნინო პოტრჟებსკაიასაც ვუთხარით. ამასთან, „ფლექსის“ პროგრამის ირგვლივ, ინტერნეტის საშუალებით, სხვადასხვა მედიასაშუალებებსა და ვებგვერდებზე გავრცელებული ცნობებიც მოვიძიეთ.
მაშ ასე, ე.წ. ფლექსის პროგრამაში გამარჯვებული უფროსკლასელი გოგონები სპეციალურ ტრენინგზე ასე დაარიგეს:
1.არ შეიძლება შეხვედრისას კოცნა, ლესბოსელები ეგონებით;
2.არ უნდა გამოთქვათ პროტესტი ჰომოსექსუალებზე, რადგან ამერიკაში ასეთები ძალიან ბევრნი არიან;
3.თუ ბიჭი დაგპატიჟებთ სადმე და წაყვებით, წინასწარ გააფრთხილეთ, რომ რელიგია გიკრძალავთ თავისუფალ სექსს, მაგრამ თუ გექნებათ სექსი, თავი დაიცავით, ფეხმძიმედ, რომ არ დარჩეთ და გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თქვენი ასაკის გოგონები (15-16 წლის) ამერიკაში ქალიშვილები აღარ არიან;
4.სადაც იცხოვრებთ, მათ დაუძახეთ დედა და მამა.
ამერიკაში გამგზავრების წინ ბავშვებს ფსიქოლოგიურად, რომ ამზადებენ, ეს რეგიონალურ საინფორმაციო პორტალ kvemokartli.ge-ზეც წერია. „ფლექსის პროგრამის“ პირველი მარნეულელი ფინალისტი, მარიამ წიკლაური ამ მედია-საშუალებისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს:
„ახლა ფსიქოლოგიურად მამზადებენ, როგორ უნდა ვიცხოვრო უცხო გარემოში, როგორ გავანაწილო ბიუჯეტი, როგორ გამოვიყენო დროის რესურსი სწავლისთვის და ოჯახისთვის. გამაფრთხილეს, რომ პირველ რიგში, იმ ოჯახის წევრებისთვის, სადაც ვიცხოვრებ, საჩუქრები წავიღო“.
ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, „ფლექსელ“ მოსწავლეთა პირველი ნაკადი ამერიკაში 4 აგვისტოს გაემგზავრა, მათი დარჩენილი ნაწილი კი საქართველოს 11 და 26 აგვისტოს დატოვებს.
„ფლექსის“ საერთაშორისო პროგრამაში გამარჯვებულ ბავშვებს სხვადასხვა რეგიონებში, პრეზიდენტის რწმუნებულები, ამერიკის ელჩთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად საზეიმო მიღებებს უმართავენ.
იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „მომავალ ლიდერთა“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, „ფლექსის“ პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და აშშ-ში ყოველწლიურად საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფინალისტი მიემგზავრება. ისინი მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეები არიან, რომლებიც ერთი აკადემიური წლით სწავლობენ ამერიკის სკოლებსა და ცხოვრობენ ამერიკულ ოჯახებში. ფინალისტები იღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას, აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა და პროგრამის ფარგლებში იღებენ უფასო ორმხრივ ბილეთს საქართველოდან შეერთებულ შტატებში.
როგორც უცხო ენების გაძლიერებული სწავლების ლიცეუმ „ევრო–2000“-ის ვებგვერდზეა მითითებული, „მომავალ ლიდერთა“ გაცვლითი პროგრამა „ფლექსი“ საქართველოში უკვე მე-9 წელია ხორციელდება და მას ამერიკის მთავრობასთან ერთად ადმინისტრირებას საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭო უწევს. ამავე ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ლიცეუმ „ევრო–2000“–ს ყოველწლიურად ჰყავს „ფლექსის“ პროგრამაში გამარჯვებულები.
აჭარის ტელევიზიით გასული სიუჟეტის მიხედვით, „ფლექსის“ პროგრამას სრულად ამერიკის განათლების დეპარტამენტი აფინანსებს.
გაზეთი „რეზონანსი“, სტატიაში სათაურით „ამერიკული გაცვლითი პროგრამების შედეგები“, აშშ-ს ელჩსა და ამავე საელჩოში კულტურის ატაშეზე დაყრდნობით წერს, რომ „ფლექსის“ პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო და რომ ამ პროგრამას საქართველოში აშშ-ს საელჩო უწევს კოორდინირებას.
აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს განმარტებით, „ფლექსის“ პროგრამას (მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა) საელჩოსთან თანამშრომლობითა და პარტნიორობით, არასამთავრობო ორგანიზაციები „აირექსი“ და აშშ-ის საბჭოები ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს ორგანიზაციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოკავშირეები არიან.