„რვიანის“ უძღები შვილები

„რვიანის“ უძღები შვილები

[როზი ჯღამაია, გერა მამულაშვილი]

„გაზეთ „ვერსიაში“ დაიბეჭდა შალამბერიძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, რომ რვიანში შეთანხმებას ხელს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა უშლის და მათ „რვიანში“ დაახლოებით ის ფუნქცია აქვთ, რა ფუნქციაც „სახალხო კრებაში“ ყოფილ გენერალ გია უჩავას ჰქონდა. თუ შალამბერიძემ ეს ყველაფერი მართლა თქვა და საქმე ჟურნალისტის ინტერპრეტაციასთან არ გვაქვს,  ჩვენ მასთან ურთიერთობებს აუცილებლად გადავხედავთ, რადგან ეს განცხადება ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისათვის შეურაცხმყოფელია.  გადავხედავთ „რვიანში“ დარჩენა-არ დარჩენის საკითხსაც, რადგან ჩვენთვის მიუღებელია იქ ყოფნა, სადაც ეჭვის თვალით გვიყურებენ“, - ლევან ვეფხვაძის ეს განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა, არა იმის გამო, რომ ვინმეს „რვიანის“  მონოლითურობაში ეჭვი არ ეპარებოდა, ან „ქრისტიან დემოკრატების“ ერთგულებაში იყო ვინმე დარწმუნებული, „რვიანის“ დასატოვებლად შალამბერიძის ინტერვიუს გამოყენება იყო მეტად ბანალური.

ამბობენ, გაჟეჟილს გატეხილი სჯობსო, ჰოდა, ამ ფონზე უცნაურიც კია, როცა „რვიანი“, უფრო სწორედ „შვიდიანი“ თავს დაჰფოფინებს ამ მყიფე ერთობას. ხელისუფლება ყველა გზით ცდილობს „რვიანის“ დაშლას და მასში სუსტ რგოლებს ეძებს, მაგრამ თუ, ასეთი სუსტი რგოლი ქრისტიან დემოკრატები არიან, მაშინ გამოსაშვები სისხლი დროზე უნდა იქნას გამოშვებული, ან „რვიანმა“ აღიაროს, რომ ამ ერთობაში დანარჩენი 7 პარტიის ავტორიტეტი, ერთად აღებული, ქრისტიან დემოკრატების წონაც არ ყოფილა.

თავად ქრისტიან დემოკრატები საზოგადოების ნაწილისთვის ყოველთვის მიიჩნეოდნენ „რვიანის“ სუსტ რგოლად, მაგრამ თუ შალამბერიძის გამონათქვმის გამო აპირებენ ერთობის დატოვებას, შეეგუონ ყველა ეპითეტს, რაც მათ მიმართ იყო და იქნება გამოყენებული. სხვაგვარად, ლოგიკა ძნელია იპოვო ქრისტიან დემოკრატების განცხადებაში - ძნელი დასაჯერებელია, რომ პოლიტიკოსისთვის მეორე პოლიტიკოსის ინტერვიუ ქვეყნის მომავალზე მაღლა დგას და ამის გამო უარი თქვა იმ შანსზე, რომელიც არც თუ დიდია, მაგრამ უკეთესიც სხვას არავის შემოუთავაზებია ამ ხელისუფლების შესაცვლელად.    

ასევე, აბსოლუტურად გაუგებარია წინასწარ ატეხილი აჟიოტაჟი „რვიანის“ განცხადების გამო, რომელიც ხელმოწერების შეგროვებას და მანიფესტაციის გამართვას გულისხმობს იმის დემონსტრირებისთვის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს საარჩევნო გარემოს ცვლილებას. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ქრისტიან დემოკრატებს არ ეხებათ, „ახალმა მემარჯვენეებმაც“, წინმსწრებად, სწორედ უდროო დროს დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია  მანიფესტაციაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.

7 ივნისს, თავად ვესწრებოდი შეხვედრას „თბილისი მარიოტში“, სადაც „რვიანმა“ აღნიშნული განცხადება გააკეთა, სხვა საქმეა რამდენად გამოუვა და რა შედეგს მოუტანს ჩანაფიქრი, მაგრამ იქ ნამდვილად არ მომისმენია განცხადება იმის შესახებ, რომ „რვიანი“ აქციებით აპირებდა ხელისუფლების დამხობას. ამდენად, საზოგადოების სურვილის დაფიქსირებისგან „ახლების“ და ქრისტიან დემოკრატების კატეგორიული გამიჯვნა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - გაუგებარია. 

და კიდევ ერთი, ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების სურვილი, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ქრისტიან დემოკრატებმა, პირველად, სწორედ ლევან ვეფხვაძის პირით გახმოვანდა. ამ ფაქტს მაშინვე მოყვა პრესაში აჟიოტაჟი. ეს ის პერიოდია, როცა ხელისუფლებამ პირობა დაარღვია და მოლაპარაკების პროცესი პარლამენტში მინისტრების სტუმრობით ჩაშალა. ამის შემდეგ, „რვიანმა“ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და თქვა - სანამ ხელისუფლება მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე პასუხს არ გასცემდა, ისინი წყვეტდნენ მოლაპარაკებებს.

მომდევნო სხდომას „რვიანიდან“ არცერთი პოლიტიკური პარტია არ დაესწრო, გამონაკლისი ქრისტიან დემოკრატები იყვნენ. სწორედ მაშინ თქვა ლევან ვეფხვაძემ, რომ ოღონდ მოლაპარაკებები არ ჩაშლილიყო, მისი პარტია მზად იყო ხელისუფლებასთან ინდივიდუალურ რეჟიმში ემუშავა.

ვეფხვაძის ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, „რვიანის“ შიგნით ვნებათაღელვა მოყვა და ბოლოს, ყველაფერი ისე მოინათლა, თითქოს, ვეფხვაძემ საკუთარი ინიციატივით რაღაც „წამოროშა“.   ამის შემდეგ, პალიკო კუბლაშვილი და მამუკა კაციტაძე ერთად დააფიქსირეს ერთ-ერთ რესტორანში, რაც არც მამუკა კაციტაძეს უარყვია. შესაძლოა, ეს ყველაფერი დამთხვევაა, მაგრამ შემთხვევითობისთვის - ძალიან ბევრი. დღეს, როდესაც ახალი რეალობის წინაშე ვდგავართ, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გაცილებით ცუდადაა „რვიანში“, ვიდრე მისი წევრები იმჩნევენ.   

თუმცა, ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ კაციტაძის და კუბლაშვილის შეხვედრა შესაძლოა, სხვა მიზეზითაც ყოფილიყო განპირობებული. კერძოდ, პოლიტიკურ  კულუარებში იყო ინფორმაცია, რომ უმრავლესობის წევრების ნაწილი, რაღაც ეტაპზე, მზად იყვნენ მოლაპარაკებების განახლებისთვის და იმასაც ამბობდნენ, რომ „იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ „რვიანი“ გაოცებულიც კი დარჩებოდა“. მიუძღოდა თუ არა ამაში როლი კაციტაძე–კუბლაშვილის ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს რთული სათქმელია, თუმცა მოგვიანებით, გაირკვა, რომ მოლაპარაკებების პროცესის განახლებას პირადად სააკაშვილმა შეუშალა ხელი. 

ასე რომ, ამ ეტაპზე, ბრალდებებისგან თავს შევიკავებთ, ვფიქრობთ, ამის დროც მოვა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ახლა კი,  იმ კომენტარებს შემოგთავაზებთ, რომელიც პრესაგე.ტვ-მ „რვიანის“ ფორმატში მომუშავე პოლიტიკოსებთან ჩაწერა და აქვე ქრისტიან დემოკრატების პოზიციას კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. 

„ჩვენი ჩათვლით „რვიანის“ ორი წევრი პარტიისთვის ქუჩის აქციების გამართვა და საპროტესტო მოძრაობების მხარდამჭერი პოლიტიკოსებით „რვიანის“ გაფართოება კატეგორიულად მიუღებელია. „რვიანის“ ბოლო შეხვედრა ჩემ მიერ აღნიშნულმა ორმა  პარტიამ პროტესტის ნიშნად გამოტოვა, ამიტომ ეს იყო არა „რვიანის“, არამედ შვიდი პარტიის შეხვედრა. ამჟამად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, „ოპოზიციურ რვიანში“ კი პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელების ფორმებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. კითხვაზე, დატოვებს თუ არა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ოპოზიციურ რვიანს, ამ ეტაპზე მე ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს  გაგცემთ.

იმედი მაქვს, რომ ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით ბატონი შალამბერიძე უახლოეს პერიოდში ახსნა-განმარტებებს გააკეთებს. თუ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ვინმეს ხელს უშლის, მაშინ ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები მზად არიან ბურთი და მოედანი იმ ადამიანებს დაუთმონ, ვისთვისაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწეობა ეჭვის აღმძვრელია და ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელონ ისე, როგორც ამას უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის დაარსების დღიდან ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი იარაღი იყო დიალოგი, მოლაპარაკება  და არა ქუჩის საპროტესტო აქციები“, - თქვა  ლევან ვეფხვაძემ.

მოგვიანებით,  გიორგი თარგამაძემაც გააკეთა განმარტება: „იმ ტიპის განცხადება, რომელიც გაზეთ „ვერსიაში“ დაიბეჭდა, მოულოდნელი იყო. ჩვენ ისეთი ურთიერთობები არ გვაქვს, რომ ერთმანეთს საგაზეთო სტატიების მეშვეობით ველაპარაკოთ. ის, რაც „ვერსიაში“ წერია, ჩვენთვის შეურაცხყოფა, მიუღებელი და დაუსაბუთებელია, მაგრამ აუცილებელია მისი რეალური პოზიცია მოვისმინოთ. თუ დაადასტურებს, რომ გაზეთში დაწერილი ყველაფერი სიმართლეა, გამოდის, რომ ჩვენ კი არ ვიწყებთ ურთიერთობების გადახედვას, ეს ურთიერთობები უკვე გადახედილია“.

ამ ყველფერზე ჩვენ ალეკო შალამბერიძესაც დავუკავშირდით და მანაც განმარტებები გააკეთა: „ჟურნალისტმა ჩემს აზრს ხელოვნურად რაღაცეები მიაბა და არასწორია. პირიქით, ველოლიავებით ჩვენს გზას, რაც სააკააშვილის დიქტატურის საარჩევნო გზით და ერთობლივი ძალებით დამარცხებას ითვალისწინებს. ვეფერებით ერთმანეთს, რომ ჩვენს შორის არაფერი მოხდეს. მითუმეტეს, ჩვენთან გადაწყვეტილებები კომპრომისით და ურთიერთდათმობებით მიიღება. ასე რომ, ჩემი აზრის ხელოვნური ინტერპრეტაცია, მასზე რაღაცეების მიბმა, „რვიანის“ დაშლის მიზეზი არ უნდა გახდეს.

ქრისტიან–დემოკრატები ისედაც ხომ არ აპირებდნენ ფორმატის დატოვებას და მიზეზს ხომ არ ეძებდნენ?

- არ მგონია, ასე იყოს. ახლა გზაში ვარ და პარტიის ლიდერებს ვურეკავ. ეტყობა, რაღაც შეხვედრაზე იმყოფებიან. ყველას აუცილებლად დაველაპარაკები და ხვალ ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგსაც ჩავატარებ. მინდა, მოსახლეობისთვის შექმნილი გაუგებრობები გავფანტო. ახლა გორში მივდივარ და ფიზიკურად ვერ ვასწრებ პრესკონფერენციის  ჩატარებას.

შალამბერიძის ამ განმარტებას გაზეთ „ვერსიის“დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა მაია ფურცელაძემ უპასუხა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მეშვეობით. ფურცელაძე ამბობს, რომ მათთვის შალამბერიძის პრეტენზიები მიუღებელია, რადგან მათ აქვთ შალამბერიძესთან საუბრის ჩანაწერი და საგაზეთო მასალაში არანაირ ინტერპრეტაციას ადგილი არ ჰქონია.

„თავი დაანებონ საკუთარი უსუსურობის ჟურნალისტისთვის გადაბრალებას და ეყოთ იმის ვაჟკაცობა, რომ ერთმანეთს სიმართლე უთხრან, თუ რას ჭორაობენ კულუარებში ერთმანეთზე და რა ხდება ზოგადად ოპოზიციაში. ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიმართონ სასამართლოს“.

როგორც ჩანს, შალამბერიძეს გაუჭირდება თავის მართლება, თუმცა, მეორე საკითხია ღირს კი ამის გაკეთება? დაველოდოთ შალამბერიძის შეპირებულ პრესკონფერენციას და მანამდე „ახალი მემარჯვენეების“ პოზიციას მოვისმინოთ, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ გაახმოვანა:

„მას შემდეგ, რაც პერმანენტული ქუჩის აქციები კრახით დასრულდა, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ჩამნაცვლებლის ფუნქციით ქუჩაში რაიმე აქტივობაზე საუბარი, მიზანშეწონილი და შედეგის მომტანი არ არის. ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადეთ. მანამდე კი, თემაზე ოპოზიციურ „რვიანში“ გვქონდა საუბარი. საზოგადოება დაიღალა ბევრი ფუჭი მოლოდინების გაჩენით. ვთქვით, რომ არ გვსურს ისეთ თემაზე საუბარი, რაზეც სრულად ჩამოყალიბებული არ ვართ. მოლაპარაკებების ფორმატის დატოვებაზე ჩვენი მხრიდან ლაპარაკი არასოდეს ყოფილა. პირიქით, მკაფიოდ ვამბობთ, რომ რა მიზნითაც „რვიანი“ შეიქმნა – ეს არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ამ შეთანხმების ერთგული ვრჩებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შედეგის მიღწევისთვის.

რაც შეეხება 26 მაისის შემდეგ გაჩენილ მოსაზრებებს, „რვიანის“ გაფართოებაზე, ახალი მოძრაობის დაწყებაზე და ა.შ. ამაზე „რვიანის“ ერთობლივი პოზიცია არ არსებობს. ჩემი აზრით, არ ღირს ღირებულებითი ვერტიკალების იმ დონეზე აღრევა, რომ მერე თვითონვე ვეღარ ვარკვევდეთ რა გვინდა და საით მიგვყავს ეს მოძრაობა. ეს შეეხება იმ თემებს, რომლებზეც არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ქრისტიან–დემოკრატების წუხილზე და პროტესტზე იმასთან დაკავშირებით, რომ „რვიანის“ შიგნით გარკვეული წარმომადგენლები ერთმანეთზე შეიძლება არაკორექტულ განცხადებებს აკეთებდნენ, ამაში ვეფხვაძეს დავეთანხმებოდი და ვიტყოდი, რომ რვა პარტია ერთმანეთთან ურთიერთობას ვუფრთხილდებით. შესამაბისად, თავი უნდა შევიკავოთ არაკორექტული განცხადებებისგან. 

არ მგონია, ქრისტიან–დემოკრატებს კატეგორიულად დაეყენებინათ დატოვების პოზიცია. მათი მხრიდან, გარკვეული პოზიციის გამოხატვა კი, ბუნებრივად მიმაჩნია. ის ინტერვიუ არც მე მესიამოვნა და ვთვლიდი, რომ ამას გარკვეული გაუგებრობა მოჰყვებოდა“.

მორიგი კომენტარი ზვიად ძიძიგურისგან მოვისმინეთ: „რვიანის დაშლის მცდელობა დიდი ხანია სახეზეა. ეს ხდება ხელისუფლების მხრიდან, შიგნიდან და გარედანაც. ყველას, მათ შორის, თავად ქრისტიან–დემოკრატებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რვა პარტიის ერთობა.

ყველას შეგვიძლია საგაზეთო ინტერვიუში ის ფრაზა დავინახოთ, რისი დანახვაც გვინდა. კამათი ყველაფერზე შესაძლებელია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქრისტიან–დემოკრატები საგაზეთო ინტერვიუების მიხედვით ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. ამის შესაძლებლობას ვერ ვხედავ.   

დღეს საღამოს, „რვიანის“ წევრებმა რესპუბლიკელების ოფისში გამართეს შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გადაცემა „არგუმენტებში“ ლევან ვეეფხვაძემ ჟურნალისტ თეა სიჭინავას კითხვაზე - „ძალაში რჩება თუ არა თქვენი განცხადება „რვიანის“ დატოვების შესახებ“ - უპახუხა: „სწორედ ახლა, შეხვედრა მიმდინარეობს და იქ გადაწყდება ყველაფერი“.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შეხვედრაზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და როგორც ჩანს, „რვიანის“ წევრები შეძლებენ ქრისტიან დემოკრატების დარწმუნებას, რომ არ ღირს სააკაშვილს საფლავში ჩაყვნენ. თუმცა, განსაკუთრებით ლევან ვეფხვაძეს სადამდე მიყვება ეს შეგონებები რთული სათქმელია.