შეფარდებითი უპირატესობის კონცეფცია და საქართველოს მომავალი

შეფარდებითი უპირატესობის კონცეფცია და საქართველოს მომავალი

რიკარდოს მოდელი

ნებისმიერი ქვეყნის, მ.შ. საქართველოს ნორმალური ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის გარეშე. ქვეყნები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ სხვადასხვა ეკონომიკური შესაძლებლობები აქვთ, შესაბამისად ამ განსხვავების წყალობით (ან, ამ გასხვავებათა გამო) მათ შეუძლიათ მიიღონ სარგებელი, თუკი აწარმოებენ იმას, რასაც კარგად ან, იდეალურ შემთხვევაში, ყველაზე უკეთესად აკეთებენ. ბუნებრივია, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს აწარმოოს ყველა ის პროდუქტი, რომელიც მას ესაჭიროება. ამრიგად, საერთაშორისო ვაჭრობა უზრუნველყოფს მსოფლიო წარმოების ზრდას ცალკეული ქვეყნის სპეციალიზაციით ამა თუ იმ საქონლის წარმოებაზე, რომელსაც ესა თუ ის ქვეყანა ყველაზე უკეთ ახერხებს. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ ქვეყანა ფლობს შეფარდებით უპირატესობას კონკრეტული საქონლის წარმოებაში, თუ მოცემული საქონლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი, რომელიც გამოხატულია სხვა საქონლით, ამ ქვეყანაში უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყანაში. შესაბამისად კეთდება დასკვნა, რომ საერთაშორისო ვაჭრობამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამ პროცესში მონაწილე თითოეულ ქვეყანას, თუ ისინი განახორციელებენ იმ საქონლის ექსპორტს, რომელშიც შეფარდებითი უპირატესობა აქვთ. საერთაშორისო ეკონომიკის ასეთი მოდელი შეიმუშავა ინგლისელმა ეკონომისტმა დევიდ რიკარდომ. ეს მოდელი მარტივად იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, რაკი ეკვადორს უკეთ გამოსდის ვარდების წარმოება, მან ვარდები უნდა აწარმოოს და საერთაშორისო ბაზარზე მისი ექსპორტი განახორციელოს, ხოლო აშშ-მა კომპიუტერები, ვინაიდან კომპიუტერებს აშშ გაცილებით უკეთესად ამზადებს ვიდრე ეკვადორი, ხოლო ვარდებს, რომელსაც მილიონობით მოიხმარს, ეკვადორისგან შეიძენს. სხვა საკითხია, შეძლებს თუ არა ეკვადორი გაყიდული ვარდების სანაცვლოდ საჭირო რაოდენობის კომპიუტერების შეძენას.

რიკარდოს მოდელი და შეფარდებითი უპირატესობის ცნება წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ერთერთ თეორიულ საფუძველს და იგი ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკური პროცესების ასახსნელად, ოღონდ მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკულად, მსოფლიო რეალობა გაცილებით რთულია. საერთაშორისო წარმოება და ვაჭრობა განისაზღვრება საბაზრო მოთხოვნილებებით, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნისა და მიწოდებისა და სხვა, არა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე და არც საერთო სარგებლიანობის საღ აზრზე.

პრობლემები საერთაშორისო ვაჭრობაში

საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული ნებისმიერი სუბიექტის წინაშე არსებობს მთელი რიგი გადაუჭრელი პრობლემა:

მართლაც შესაძლებელია საყოველთაო სარგებლის მიღება ყველა ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვაჭრობის მეშვეობით?

ქვეყნები ნამდვილად იმ საქონელს აწარმოებენ, რომელშიც შეფარდებით უპირატესობას ფლობენ?

ქვეყნებმა მხოლოდ ის საქონელი უნდა აწარმოონ, რომელშიც შეფარდებით უპირატესობას ფლობენ? მოუტანს ასეთი წარმოება ამ ქვეყნებს ეკონომიკურ კეთილდღეობას?

და ა.შ.

ირკვევა, რომ აღნიშნულ კითხვებზე სასურველი პასუხების გაცემა სულ უფრო რთული ხდება. გასული საუკუნის 70იანი წლებიდან აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში დაიწყო მსჯელობა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებში სახელმწიფო რეგულირების გამოყენების აუცილებლობაზე, რათა კანონმდებლობით დაეცვათ საკუთარი ქვეყნის ბაზარი საზღვარგარეთის ქვეყნების, პირველ რიგში, იაპონური საქონლის იმპორტისგან. შემდეგ გაჩნდნენ ახალი კონკურენტები სამხრეთ კორეიდან, ტაივანიდან, ბრაზილიიდან, რამაც თითქმის პანიკა გამოიწვია ამერიკის ბიზნეს წრეებში. ამის გამო მრავალი კონგრესმენი აშშ-ში „პროტექციონისტი“ გახდა და იმპორტის აკრძალვასაც კი მოითხოვდნენ. აღარავის ახსოვდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და რიკარდოს მოდელი. მართალია იმპორტის აკრძალვა არ მომხდარა, მაგრამ გარკვეული სახის პროდუქციზე დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები. მეორე მხრივ, თვით იაპონიას, რომელიც საზღვარგარეთის ბაზრებზე თავისუფლად შეღწევას მოითხოვს, თავად იმპორტის საწინააღმდეგო ბარიერები აქვს დაწესებული.

სხვა სახის პრობლემებს ქმნის სხვადასხვა ქევეყნების ვალუტის კურსის ცვლილებები აშშ დოლართან მიმართებაში, რაც ყოველთვის ვერ აიხსნება წმინდა საბაზრო ეკონომიკის თეორიებით. ხშირად საჭირო ხდება სახელმწიფოს ჩარევა და რეგულირების სპეციალური მექანიზმების ამოქმედება, საკუთარი ვალუტის გაუფასურების ან მეტისმეტი გამყარების შესაჩერებლად. ცალკე პრობლემებს ქმნის მუშახელის უკონტროლო მიგრაცია, ბრენდი საწარმოების ფილიალების არსებობა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ამა თუ იმ სახელგანთქმული პროდუქციის დამზადება გაცილებით იაფი ჯდება და ა.შ.

მსოფლიო ეკონომიკისთვის განსაკუთრებით საზიანოა ეკონომიკური კრიზისების წარმოქმნა, რომლის პროგნოზირება, სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მიუხედავად მრავალი სამეცნიერო თეორიის არსებობისა ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის მოულოდნელად ხდება და მხოლოდ მომხდარი ფაქტის ანალიზით ცდილობს ეკონომიკური მეცნიერება ახსნას უკვე კრიზისის მიზეზები. მაგრამ ეს საქმეს არ შველის, წარმოების დონე და მსყიდველობითი პოტენციალი მცირდება, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი ირღვევა, უმუშევრობა იზრდება, რამაც შესაძლოა პოლიტიკური პრობლემებიც შექმნას.

საკითხი ასე დგას, რა უნდა მოიმოქმედოს ისეთმა პატარა ქვეყანამ და სუსტმა სახელმწიფომ, როგორიც საქართველოა, რომ არა მხოლოდ გაუმკლავდეს შესაძლო ეკონომიკურ პრობლემებს, არამედ დაძლიოს ეკონომიკური ჩამორჩენა და გახდეს ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომლის პოტენციალიც მას თითქოსდა გააჩნია.

საქართველოს ეკონომიკური ვითარება

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქვეყნის (მაშინ საბჭოთა რესპუბლიკის) განვითარების საკითხები საქართველოში არ წყდებოდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკამ კატასტროფული დაღმასვლა განიცადა, რაც ძირითადად იმ დროს გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა განაპირობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც სამეცნიერო და სახელმწიფო წრეების, ისე საზოგადოების მოუმზადებლობა ეცხოვრა ახალ ეკონომიკურ პირობებში. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა ვერ აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარი.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მთავარი იყო ქვეყნის გამოყვანა ნგრევის ქაოსიდან, ქვეყნისთვის სახელმწიფოებრიობის ნიშნების მიცემა, რაც ნაწილობრივ შესრულდა კიდეც - 1996-97 წლებში შეინიშნებოდა ეკონომიკური გამოცოცხლება, რაც სრულიად არასაკმარისი აღმოჩნდა სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად, რისი მიზეზიც იყო, ერთი მხრივ, თვით მაშინდელი მთავრობის გაუბედავი მოქმედება, უუნარობა განეხორციელებინა რადიკალური რეფორმები, მეორე მხრივ იმდროინდელი ოპოზიციის დესტრუქციული ქმედება.

სააკაშვილის მმართველობამ სერიოზული ბიძგი მისცა ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკურ განვითარებას, განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები, ქვეყანა იხრებოდა ე.წ. ლიბერტარიანული ეკონომიკისკენ, რომლის მთავარი იდეოლოგიც ცნობილი ბიზნესმენი კახა ბენდუქიძე გახლდათ. სამწუხაროდ, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ლიბერტარიანული ეკონომიკა ამართლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რადიკალურ და ენერგიულ რეფორმებთან ერთად ქვეყანაში ნამდვილად დემოკრატიული წესწყობილებაა, რომლისთვისაც სრული მზადყოფნაა როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებაში. როგორც ვნახეთ, რეალობა სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა. ქვეყანა იმართებოდა ავტორიტარული მეთოდებით, რასაც დაემატა 2008 წლის ხანმოკლე ომი რუსეთთან, რამაც კიდევ უფრო დააქვეითა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.

დღეს ქვეყანა დემოკრატიული მმართველობის გზაზეა, სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფო მმართველობით (რაც თუმცა ერთგვარად ამუხრუჭებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად), არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული და რეალური გეგმები, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება კიდეც, მაგრამ მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, ოკუპირებული ტერიტორიები, უმუშევრობის მაღალი დონე, განუვითარებული მრეწველობა, საეჭვოს ხდის ქვეყნის სწრაფი განვითარების შესაძლებლობას. დღეს საქართველო 111-ე ადგილზეა მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის მიხედვით და გვისწრებს როგორც ყველა ევროპული ქვეყანა, ასევე მთელი რიგი აზია-აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომელთაც, თითქოსდა არავითარი ეკონომიკური უპირატესობა არ გააჩნიათ.

საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები კარგად ჩანს საერთაშორისო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემებიდან, კერძოდ, საქსტატის მონაცემებით წელს საგარეო ვაჭრობაში დადებითი ტენდენციებია, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ-მარტში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და 2,285 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 577 მლნ აშშ დოლარია და ერთი წლის განმავლობაში 30%ით გაიზარდა.

რაც, ყველაზე უფრო სასიხარულოა ექსპორტმა ზრდა დაიწყო. მაგრამ, საგულისხმოა აღინიშნოს, რომ მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ისევ რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო საქონლად (5% მთლიან ექსპორტში), რაც დადებითად ვერ დაახასიათებს საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, პირველ რიგში ვახსენებთ ტურიზმის განვითარებას, სოფლის მეურნეობის წახალისებას, აქტივში ვითვლით იმასაც კი, რომ თურმე საზღვარგარეთიდან ქართული ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა გაიზარდა და ახლა უკვე მილიარდ სამას მილიონ დოლარს გადააჭარბა (რაც საქართველოს მშპ-ს თითქმის 8%-ს შეადგენს.

პატარა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია

რას ნიშნავს ეს ციფრები? რა თქმა უნდა, ექსპორტის ზრდა უაღრესად დადებითი მოვლენაა, კარგია, რომ მოსახლეობა ღებულობს შემწეობას ემიგრანტი ნათესავებისგან, ტურიზმის ზრდაც კარგია, მაგრამ აქ არ ჩანს ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდის წინაპირობა, ქვეყანა ვერ ქმნის ისეთ პროდუქტს, რაც მას მოწინავე ქვეყნების რიგში დააყენებდა. საქართველოში თითქმის არ არის ინდუსტრია, მრეწველობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, უამისოდ კი ყოველთვის მაჩანჩალა ქვეყნების რიგში ვიქნებით. არ არის ეს დარგები საქართველოს შეფარდებითი უპირატესობის ჩამონათვალში და რა ვქნათ? პასუხი „მარტივია“ – უნდა შევქმნათ, მოვიგონოთ ახალი შეფარდებითი უპირატესობანი, როგორც ეს გააკეთეს საქართველოსავით პატარა და ოდესღაც საქართველოსთან შედარებით ღარიბმა ქვეყნებმა, როგორიცაა თუნდაც ფინეთი, ტაივანი, ესტონეთი, სლოვაკეთი და სხვ.

ფინეთს თოვლი, ნაძვებისა და ირმების მეტი არაფერი გააჩნდა, მაგრამ დღეს მე-16 ქვეყანაა მშპ-ის (ერთ სულზე 44,852 დოლარი,) მიხედვით და უახლესი ტექნოლოგიების მწარმოებელია, რომელსაც ვერაფერი დააკლო ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა;

ტაივანი საქართველოსავით მთაგორიანი ქვეყანაა, სადაც ნაყოფიერია მხოლოდ ოკეანის პირას არსებული ვიწრო ზოლი, მაგრამ დღეს 37-ე ადგილზეა მშპ-ის (ერთ სულზე 22,684 დოლარი) მიხედვით, და დღეს ტაივანზე იწარმოება კომპიუტერული ტექნიკის ლომის წილი. არც ტაივანს შეხებია დიდად ეკონომიკური კრიზისი.

ესტონეთის მშპ-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია SKYPE-ით მიღებული შემოსავლებია (SKYPE-შექმნილია ესტონელი პროგრამისტების მონაწილეობით). შესაბამისად ესტონეთი 43-ე ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით (17,896 დოლარი).

საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3,908 დოლარია და ისეთი ქვეყნებიც კი გვისწრებს, რომელთა სავალალო ბედზე ცხარე ცრემლებით ტიროდა მთელი პროგრესული კაცობრიობა სულ ცოტა ხნის წინათ (გვატემალა, ერაყი, ნამიბია და სხვა მრავალი).

აღნიშნული სავალალო მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია მნიშვნელოვანი გარდაქმნები და, პირველ რიგში, გარდაქმნა ეკონომიკური მიმართულების განსაზღვრის მიზნით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ორიენტაცია ქვეყანაში აღებულია რიკარდოს მოდელის მიხედვით იმ არსებულ ბუნებრივ უპირატესობებზე, რომელიც თითქოსდა გააჩნია ჩვენს ქვეყანას – ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ღვინო, ჩაი და ა.შ. სხვათა შორის ტურიზმიც იმ ქვეყნებშია ყველაზე კარგად განვითარებული სადაც სერიოზული ინდუსტრიაა – საფრანგეთსა და აშშ-ში.

აქვე შეიძლება ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე თუ რომელი ქვეყნებია უფრო მოწყვლადი, რომელი ვერ უძლებს ეკონომიკური კრიზისის შეტევებს? ის ქვეყნები, სადაც არ არის ინდუსტრია, მრეწველობა, ახალი ტექნოლოგიები. ტურიზმისა და თუნდაც მაღალხარისიხიანი სოფლის მეურნეობის ქვეყნების ეკონომიკა შედარებით ადვილად განიცდის რყევებს. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც საბერძნეთი. ევროკავშირში შესვლით ქვეყანამ უარი თქვა მანამდე საკმაოდ კარგად განვითარებულ გემთმშენებლობაზე და ახლა იძულებულია ევროკავშირის დახმარების იმედად იყოს.

ამრიგად, გამოსავალი მხოლოდ ერთია, საქართველომ უნდა განავითაროს მრეწველობა და ინოვაციური ტექნოლოგიები, მოიფიქროს შეფარდებითი უპირატესობის მოპოვების ახალი შესაძლებლობები, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა თუნდაც ედუარდ შევარდნაძემ, როდესაც „დიდი აბრეშუმის გზის“ აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი ჯერ კიდევ სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს. ისტორიულად „დიდი აბრეშუმის გზას“ საქართველოსთან მეტად მცირე შეხება ჰქონდა, მაგრამ შევარდნაძემ დაარწმუნა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები ახალი მარშრუტის საქართველოზე გავლის მიზანშეწონილობაში, რაც შემდეგ ტრასეკას პროექტში გადაიზარდა და თავისი დადებით შედეგები იქონია საქართველოს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში.

დღეს რისი მოფიქრება შეგვიძლია? რისი გამკეთებლები ვართ? იმედი მაქვს, ეს კითხვები არ არის მთლად რიტორიკული.