პრესაგე.ტვ-ის ყოფილმა პოლიციელმა პაატა ჯღამაძემ ციხიდან წერილი გამოუგზავა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.
მკითხველს ვთხოვთ, თუ გყავთ პოლიციელი მეგობარი, ნათესავი, მეზობელი თუ უბრალოდ ნაცნობი და მათი ბედი გაწუხებთ, აუცილებლად წააკითხეთ აღნიშნული წერილი, რათა დარწმუნდნენ როგორ არიან ისინი განწირულნი ხელისუფლების მხრიდან, როცა მათი დაპატიმრება პიარისათვის დასჭირდება. ნებისმიერი პროფესიონალი პოლიციის მუშაკი პოტენციური პატიმარია, ხოლო ყველა პატიმარი - პოტენციური მიცვალებული.
საქმე ეხება 2001 წლის 14 ივლისს ქ.ფოთის შს სამმართველოს შენობის მეორე სართულიდან ქურდობის ფაქტზე დაკავებული მოქ. თ. მიქიას გადმოხტომის და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მისი გარდაცვალების ფაქტს. იმ დროისთვის მე ვმუშაობდი ქ. ფოთის ნაბადის უბნის პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსად. ქურდობის ფაქტზე დაკავებულმა პიროვნებამ ისარგებლა შემთხვევით, რომ სამმართველოს შენობა იყო ამორტიზირებული, ფანჯარა იყო დამპალი, არ ჰქონდა გისოსები და გაქცევის მიზნით გადახტა. გადახტომისას მან მიიღო სხეულის დაზიანებები, გულმკერდის არეში მიღებულმა ჭრილობამ, რასაც მოჰყვა სისხლნაკლებობა, გამოიწვია მისი გარდაცვალება.
ეს იყო უბედური შემთხვევა და იმ დროს პოლიციას ისეთი შენობები რომ ჰქონოდა, როგორიც დღესაა, დარწმუნებული ვარ ეს უბედური შემთხვევა არ მოხდებოდა. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც იმ დროისთვის ოპოზიციას წარმოადგენდნენ, აღნიშნული უბედური შემთხვევა სათავისოდ გამოიყენეს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი აშშ–დან (სოროსის ფონდიდან) და ევროპიდან უაზრმაზარი გრანტი მიიღეს, რაც გამოყოფილი იყო პოლიციის სისტემაში ჩადენილ დანაშაულებისათვის. ჩვენი შემთხვევა სწორედ ა, გრანტის ათვისებისთვის იქნა გამოყენებული და 2005 წლიდან დაიწყო დაპატიმრების სერია. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგვცეს 16 ოპერატიული მუშაკი და 1 პროკურორი.
პირადა მე, სრულიად უსამართლოდ მომიყენეს 4 მუხლი, შემიკრიბეს სასჯელი და მომისაჯეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ორს ფულადი ჯარიმა და პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ორი საერთოდ გაექცა უსამართლო მართლმსაჯულებას და დაუსწრებლად 11–11 წელი აქვთ მისჯილი. 6–მა უკვე მოიხადა სასჯელი, ხოლო ექვსნი კვლავ ციხეში ვრჩებით და არანაირი შეღავათი არ გვეხება.
2001 წლის 14 ივლისს ტრანსპორტის პოლიციის განყოფილების ადმ.პოლიციის რიგითმა თ.შურღულაიამ და კ.ლატარიამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს მოქ. თ.მიქია ნაქურდალი ტელევიზორით ხელში, ხოლო მეორე პიროვნებამ ნაქურდალი ვიდეომაგნიტოფონი დააგდო და გაიქცა. პოლიციელებმა დაკავების ოქმი ვერ დაწერეს, რადგან მაშინ, რიგით პოლიციელს ოქმის წერა ეკრძალებოდათ. ამიტომ, მათ გამოუძახეს ოპერატიულ ჯგუფს და ამის გამო, აღნიშნულ პოლიციელებს სსკ–ის 147 მ–ის III ნაწილით 7–7 წელი მიუსაჯეს.
ამ ფაქტის შესახებ დაახლოებით დილის 7 საათზე ტელეფონით შემატყობინა ფოთის შს სამმართველოს სსს განყოფილების უფროსმა და მითხრა, რომ მის მოადგილეს მ.მიგინეიშვილს ჰყავდა ქურდობის ფაქტზე დაკავებული პიროვნება, მივსულიყავი აღნიშნულ ადგილზე და მივხმარებოდი მათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში. მივედი და თან მივიყვანე მოწმეები, რაც იმ დროის ჩხრეკის ჩატარებისათვის აუცილებელი იყო. ჩხრეკის ოქმი შეადგინა მ.მიგინეიშვილმა, ხოლო ხელი მოაწერეს მოწმეება და დამსწრეებმა. ხოლო მე ეჭვმიტანილის ნაქურდალ ნივთებთან ერთად გადავუღე სურათები. ოქმზე ხელის მომწერმა პოლიციელის მუშაკებმა უკვე მოიხადეს სასჯელი 4 წელი და 6 თვე, ხოლო ჩემს შემთხვევაში, „დაადგინეს“, რომ სურათის გადაღება მტკიცებულების ფალსიფიკაცია ყოფილა და ამ მოქმედებისათვის 3–დან 7 წლამდე მუხლი მომიყენეს. უფრო მეტიც, აღნიშნული სურათები საქმიდან მოიპარეს და გააქრეს, თუმცა, მე შენახული მქონდა ფირი და აღვადგინე, მაგრამ მოგვიანებით, იგი ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებად გამოიყენეს.
ჩხრეკის შემდეგ, ეჭვმიტანილი, ნაქურდალი ნივთებთან ერთად, წავიყვანე სამმართველოში, გზად მან მიმითითა ის ბინა, რომელიც გაქურდა. მანქანა შევაჩერე და იქ მყოფთ დაველაპარაკე, რომელთაგან ერთ–ერთი აღმოჩნდა დაზარალებული. მან თავისი ტელევიზორი და ვიდეომაგნიტოფონი იცნო, მაგრამ ვუთხარი რომ ნივთებს გამომძიებელი დაუბრუნებდა. ის ფაქტი, რომ ქალბატონმა მადონამ (დაზარალებულმა) თავისი ნივთები შემთხვევით დაინახა და იცნო, ეს თურმე ჩემი დანაშაული ყოფილა, თურმე ქუჩაში ამოცნობის ოქმი უნდა შემედგინა, ასე მითხრა პროკურორმა და 333 მ–ის I ნაწილი მომიყენა.
ეჭვმიტანილის სამმართველოში მიყვანის შემდეგ, დამევალა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, წამოვიყვანე ჩემი ქვეგანყოფილების სს სამძებროს უფროსი ინსპექტორი ა.სიხუაშვილი, ექსპერტ–კრიმინალისტი ლ.მანია და „გადაუდებელი აუცილებობის შემთხვევაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების დადგენილების“ შესაბამისად, მოვახდინეთ შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოვიღეთ თითის კვლევები 11 ცალი (რაც 2006 წელს გამოძიებამ გააყალბა), დავასურათე შემთხვევის ადგილი (ეს სურათები საერთოდ გამქრალია საქმიდან), ა.სიხუაშვილმა შეადგინა შესაბამისი ოქმი.
ჩვენ ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები, რაც აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ბრალი დაგვდეს, რომ თურმე დანაშაული ჩაგვიდენია და ორთავეს 333–ე მუხლის III ნაწილი მოგვიყენეს. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ, მასალები პროკურატურაში გადავიტანე, ხოლო შემდეგ წავედი ნაბადის ქვეგანყოფილებაში. ქურდობის ფაქტზე შეტყობინება დაფიქსირებული გვქონდა, როგორც მ.მიგინეიშვილს, ასევე მეც.
დღის მეორე ნახევარში სასამართლოს მიერ კანონიერად იქნა ცნობილი საგამოძიებო მოქმედებები პირადი ჩხრეკვა და „შემთხვევის ადგილის დათვალიერება“, რაც მოვიტანე სასამართლოში და გამომდინარე იქედან, რომ თ.მიქიას აღიარებული ჰქონდა სხვა დანაშაულებები და თანამოსაქმეც ჰყავდა დასახელებული, ჩამოვართვი ახსნა–განმარტება, რაც თავისი ხელით დაწერა და ხელი მოაწერა. აღნიშნული მოქმედებაც დანაშაულად მაქვს შერაცხული, რის გამოც 335-ე მუხლის II ნაწ. მომიყენეს.
ამის შემდეგ ეჭვმიტანილის მითითებით მე, ა.სიხუაშვილთან ერთად ნაბადის უბანში გადაუდებელი აუცილებლობით მოქ. ჯ.გელენავას საცხოვრებელი სახლიდან ამოვიღე ნაქურდალი, თუმცა ეს საგამოძიებო მოქმედებაც დანაშაულად მოგვინათლეს და 333-ე მუხლის III ნაწ. და 369 მუხლის III ნაწილი მოგვიყენეს, თვითონ ფაქტი კი პროკურატურის მიერ რატომღაც მიჩუმდა.
მოქ. ჭაჭუას და მოქ. შენგელიას ბინის ქურდობის ფაქტებზე არც კი გაუმახვილებია ყურადღება არავის, ამ ქურდობის ფაქტებში გ.გოგია და აწ გარდაცვლილი თ.მიქია ფიგურირებდნენ, ნაქურდალი ნივთები ამოღებული იყო, მაგრამ თავიდანვე პროკურატურა დაინტერესებული იყო პოლიციის მუშაკების პასუხისგებაში მიცემით და არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით.
ჩემთვის დღესაც გაუგებარია რისთვის გვაქვს მოყენებული 117-ე მუხლის II ნაწილი და კიდევ სამ პოლიციის მუშაკს ე.მიქაძეს, კ.ახალაიას და ჰ.კაპანაძეს (ისინი წინა ღამის ნამორიგევები იყვნენ ოპერატიულ ჯგუფში და საღამოს თათბირზე არც ევალებოდათ სამსახურში ყოფნა), ე.მიქაძეს ნაბადის ქვეგანყოფილებაში ეძინა, დაახლოებით 2 საათზე მე ვუთხარი სახლში წასულიყო და დაესვენა, რის შემდეგაც ის წავიდა. ის დაზიანებები რაც თ.მიქიამ გადმოხტომის და ვარდნის შედეგად მიიღო ჩვენ დაგვაბრალეს, თითქოს ჩვენ მივაყენეთ აღნიშნული დაზიანებები.
სინამდვილეში, იმ დროისთვის ვიყავი საავადმყოფოდან ახალი გამოსული, ა/ავარიის შედეგად გახეთქილი მქონდა ღვიძლი, ფილტვი, მიღებული მქონდა ნაწლავების დამბლა, გამიკეთდა სამი ოპერაცია, (საქმეში დევს ავადმყოფობის ისტორია და ამ ფაქტის დამახასიათებელი დოკუმენტები), უფლის წყალობით და ექიმების ძალისხმევით გადავრჩი, დავდიოდი ბანდაჟით და წარმოიდგინეთ, რომ თ.მიქიასთვის გამიხეთქავს ღვიძლი და თირკმლები. ძალიანაც რომ მომენდომებინა ეს მაინც შეუძლებელი იყო. ექსპერტი თავის დასკვნაში წერს, რომ დაზიანებები წარმოადგენენ სუბკაფსულურ გასკდომებს და მიღებულია დანარცხების ან მინარცხების შედეგად, დაზიანებული არ არის სხეულზე გარედან რბილი ქსოვილები, რაც მიუთითებს იმას, რომ დაზიანებები არ არის მიღებული დარტყმის შედეგად, ამას ამტკიცებს ექსპერტიც, რომ დაზიანებები წარმოადგენენ ინერციულ ტრამვას, ამავდროულად, იგი კითხვაზე პასუხობს, დაზიანებები მეტად სავარაუდოა მიღებული იყოს სიმაღლიდან ვარდნის და დაცემის შედეგად.
საავადმყოფოს ექიმები თავიანთ ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ გულმკერდის არეში არსებული ჭრილობის გარდა (რაც ექსპერტის დასკვნით შეიძლება მიღებული იყოს ფანჯრის მინის ფრაგმენტის შერჭობის შედეგად), თ.მიქიას სხეულზე სხვა რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. თუმცა, რეალურად მომხდარი არავის აინტერესებდა.
სამმართველოს შენობიდან ჩემი გასვლიდან დაახლოებით 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ თ.მიქია ფანჯრიდან გადმოხტებოდა, იგი თავისუფლად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, რასაც მრავალი მოწმე ადასტურებს და გაუგებარია, თი მას ამდენი დაზიანება მივაყენეთ, როგორ გაძლებდა მშვიდად მჯდარიყო? დანამდვილებით ვიცი, რომ არც ჩემი სამმართველოდან წამოსვლის შემდეგ უცემია იგი ვინმეს, არც ექსპერტიზა ადასტურებს ცემის კვალს, მაგრამ აქვს კი რიმეს აზრი დღევანდელ სასამართლოში?
ჩხრეკისას როცა ვიღებდით ნაქურდალ ტელევიზორს, ოჯახის უფროსი ჯ.გელენავა თ.მიქიას მობილური ტელეფონით დავალაპარაკე, რათა გაიოლებულიყო ნაქურდალი ნივთის ამოღება. რომელი ჭკუათმყოფელი იფიქრებს იმას, რომ თუ თირკმლებგახეთქილი და ღვიძლგახეთქილი ადამიანი მყავდა დატოვებული სამმართველოში, მას დავალაპარაკებდი უცხო პიროვნებას? ბევრჯერ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოში გელენავას დაკითხვაზე, მაგრამ სასამართლომ რა თქმა უნდა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ჩვენი ხელისუფლებიდან გამუდმებით გვესმის, რომ ებრძვიან ქურდებს, მაგრამ ჩემთვის და მათთვის ვინც ჩვენს საქმეს იცნობს ეს არასერიოზულია. სასამართლოზე მოწმედ დამიყენეს გ.გოგია, რომელიც, როგორც აწ გარდაცვალებული თ.მიქია მიუთითებდა, იყო ქურდობის მონაწილე, მან სასამართლოზეც თქვა, რომ თითქოს, იგი დაკავებული მყავდა 2000 წელს. იგი სასამართლოზეც იცნეს, როგორც ქურდობის თანამონაწილე ტრანსპორტის პოლიციელებმა, მაგრამ მას არც პროკურორმა და არც მოსამართლემ ყურადღება არ მიაქციეს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პროკურატურა დამნაშავესთან გარიგებაზე წავიდა, იგი უნდა მოხმარებოდა მათ ჩემზე ბრალის დამძიმებაში, ან მას ქურდობისთვის პასუხისგემაში მისცემდნენ. გოგიამ, რა თქმა უნდა, პირველი ამჯობინა.
გამომდინარე იქედან, რომ თუ არ არსებობს დანაშაულის ჩადენის მიზანი, მაშინ არ არსებობს სამსახურეობრივი დანაშაულიც. ამიტომ, საჭირო გახდა არარსებული მიზნის შექმნა და უნიჭოდ შეთხზეს ლეგენდა - თითქოს, გოგია ა/მანქანის სარკის ქურდოობის გამო დავაკავე. ეს ყველაფერი რომ სიცრუე იყო გამოძიების მსვლელობაშივე დადგინდა, მისი თქმით, რკინიგზის ლიანდაგებზე თურმე ა/მანქანები დადიან, რადგან ლიანდაგებზე უნახავს თურმე ა/მანქანის სარკე.
გ.გოგია დაკითხული ჰყავს პროკურატურას მაისის თვეში, სადაც იგი ამბობს, რომ პოლიციასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია, იგი არასოდეს დაუკავებიათ. თუმცა, როდესაც გოგია ივნისის თვეში დაკითხეს, მან თქვა, რომ 2000 წელში თურმე დამიკავებია მე, ამაში იმოწმებდა ის მის მამას, ძმას და თ.მიქიას დას. ყველა მათგანის ჩვენებები სრული სიცრუე აღმოჩნდა. ი.გოგიამ აჩვენა, რომ იცნობს პ.ჯღამაძეს, თუმცა ერთ მეტრში ვედექი და ვერ მიცნო, ხოლო მე აღმწერა, როგორც სუსტი, არადა იმ დროს 105 კგ–ს ვიწონიდი; წინ თმები თურმე გაცვენილი მქონდა, არადა დღეს 11 წლის შემდეგ, თავზე თმა ისე მაქვს 18 წლის ბიჭს შეშურდება, ციხეში კი თმებს ვერ ჩავინერგავდი. როცა მას ვუთხარი უდანაშაულო კაცს დანაშაული არ უნდა დააბრალო-თქო, მიპასუხა, რომ წმინდანი არ არის.
გ.გოგიამ მისი ნათქვამის დასამტკიცებლად მიცვალებული დაიმოწმა, ხოლო თეა მიქიამ ისეთი რამ თქვა, რაც ცოცხალ ადამიანს არ შეეძლო. თურმე იგი შენობებსა და ტყის მიღმა გამჭოლად ხედავს. ამავდროულად, ისინი რატომღაც ამბობენ, რომ დავდიოდი წითელი ფერის ა/მანქანით, არადა იმ დროს მე მემსახურებოდა ვაზ–2106 მარკის „ბეჟი“ ფერის ა/მანქანა სახ. ნომრით pol-347. საქმეში არის უამრავი ფაქტი, რაც მიუთითებს როგორც ჩემი, ასევე სხვა პოლიციის მუშაკების უდანაშაულობას.
საქმე აგებულია მ.გიგინეიშვილის ცრუ ჩვენებაზე, რის ფასადაც მიიღო თავისუფლება. მთელი საქმე ნაწარმოებია მის მიერ, იქ არის ცნობები, ჩანაწერები თუ სხვა მრავალი დოკუმენტი, რაც ამტკიცებს, რომ მან რამოდენიმეჯერ მისცა ცრუ ჩვენება. მხოლოდ 2006 წლის მაისის თვეში იგი დაკითხულია 5–ჯერ, ხოლო საერთოდ მგონი 14–15–ჯერ. როდესაც დასჭირდებოდათ რაიმე გარემოებასთან დაკავშირებით ცრუ მტკიცება, მაშინვე მიგინეიშვილს კითხავდნენ და აწერინებდნენ, რაც სურდათ. მე მას სასამართლოზე მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი, რაზეც სიმართლე რომ ეთქვა მე ვერ დამიტოვებდნენ ამდენ მუხლებს ვერანაირად, მაგრამ მან კვლავ ტყუილი თქვა, უბრალოდ არ სურდა პროკურატურასთან დადებული შეთანხემების დარღვევა. არადა ის ფაქტი, რომ უბედურ შემთხვევამდე 5–10 წუთით ადრე იგი შესული იყო ვიდეომაგნიტოფონით ხელში და ელაპარაკა თ.მიქიას, 6 თუ 7–მა კაცმა ნახა. უფლის წყალობით, ალბათ, დადგება ოდესღაც დრო და გაირკვევა მტყუან–მართალი, პროკურატურამ კი არ ისურვა გაერკვია ნამდვილად ჩავიდინეთ თუ არა დანაშაული. ღირსების მქონე ადამიანი კი ასეთ თავისუფლებას არც ისურვებდა.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედება, რისთვისაც ჩვენ ვართ პასუხისგებაში მიცემულნი, სასამართლოს მიერ ცნობილია კანონიერად, ფაქტიურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ჩატარებული ჩხრეკები, ამოღებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება,–ყველაფერი დღესაც კანონიერ ძალაშია. 2002 წლის 26 სექტემბერს პროკურორმა ბიბილაშვილმა შექმნა დოკუმენტი, რითაც დაიწყო ჩვენი უბედურება, ეს არის ,,პირის მიმართ სს საქმის შეწყვეტის დადგენილება“, რომელშიც ყველა პუნქტი არის ტყუილი, მათ შორის კი, უმთავრესი ისაა, რომ საქმეში დევს დადგენილებები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობის შესახებ, ხოლო დადგენილებაში სიცრუე წერია, რომ თითქოს ქ.ფოთის სასამართლომ უკანონოდ ცნო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
სწორედ ეს და სხვა სიცრუეები არის ყველა ჩვენს მიმართ დატრიალებული უბედურების სათავე. ალბათ, მოვა დრო და იგი აუცილებლად გაუქმდება, რადგან ყველა პუნქტი ტყუილია, უბრალოდ ყველა ამ პუნქტების ჩამოთვლა და მისი სიცრუის მტკიცება დიდ ადგილს დაიკავებს, საქმეში კი ყველაფერი ნათელია.
წერილის დასაწყისში აღვნიშნე, რომ მთელი ჩვენი უბედურება განხორციელდა ხელისუფლების დავალებით, რა დავუშავეთ ბატონებს გიგა ბოკერიას და ზურაბ ადეიშვილს ვერ გამიგია. ბატონებო, თუ წაიკითხავთ ჩემ წერილს გთხოვთ, როგორც ერთ–ერთი უსამართლოდ დასჯილს გამაგებინოთ რატომ დამაყარეს ეს ამდენი მუხლები უდანაშაულოდ, რა დაგიშავეთ ან თქვენ ან ამ ქვეყანას? ბატონებო თქვენ რომ ტყუილები დაგაჯერეს, ეს რა ჩვენი ბრალია, ჩვენ თუ არსად ვწერდით, ვჩიოდით და კარებს არ ვუმტვრევდით არავის, ამისთვის ვიმსახურებთ ციხეში სიკვდილს? ჩვენს უკან ოჯახებია, ჩვენს უკან მცირეწლოვანი ბავშვებია, მოხუცი მშობლებია, რატომ გვინგრევენ ცხოვრებას. ჩემი შვილები 1 და 3 წლის დავტოვე, უკვე 6–8 წლისანი არიან, ციხიდან მიცნობენ, აბა წარმოიდგინეთ რა სიყვარული უნდა ჰქონდეთ მამის? უპატრონოდაა მიტოვებული ოჯახი და შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ. ციხეში ყოფნისას დამიავადდა გული, მაქვს სტენოკარდია, გადიდებული მაქვს მარცხენა პარკუჭი, მაწუხებს ქრონიკული დაავადებები, რამაც ქრონიკული სახე ციხეში მიიღო, სათანადო მკურნალობის პირობების არარსებობის გამო, ამავდროულად იმ უგულო დამოკიდებულებას, რაც მე ვნახე მედპერსონალის მხრიდან, უბრალოდ ადამიანის საქციელს არ დავარქმევდი.(ციხის რესპ. საავადმყოფოში)
მთელი ჩემი ახალგაზრდული წლები ვემსახურებოდი კანონს და სამართალს, ვებრძოდი დამნაშავეთა სამყაროს, შეურიგებელი ვიყავი მათი ნებისმიერი წარმომადგენლის მიმართ და დღეს პროკურატურის ხელშეწყობით სამარცხვინოდ, სწორედ მათ დააჭერინეს ჩვენი თავი. 1990 წელს სამხრეთ ოსეთში, ხოლო 1993 წელს აფხაზეთში ვიბრძოდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, მე ყოველნაირად ვცდილობდი დამეცვა საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესები და ვიცოდი, რომ კანონის მიერ ვიყავი დაცული, რაც ფარსი აღმოჩნდა. დღეს კი სინანულის და გაოცების გრძნობა მიპყრობს, სად არის შს სამინისტროს ხელმძღვანელობა, ნუთუ მათ არ აინტერესებთ, როგორც ჩემი, ასევე სხვა უდანაშაულო პოლიციის მუშაკების ბედი, ჩვენი სიმართლის, პატივის და ღირსების დაცვა, ნუთუ არავის ანაღვლებს 16 პოლიციის მუშაკი და მათ შორის, 13 ოფიცერი რისთვის მისცეს პასუხისგებაში?
ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი და ახლობელი მუშაობს დღეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე თავდაცვაში და ყველამ იცის, რა უსამართლო და უსასტიკესი ზომები იქნა გატარებული უდანაშაულო პოლიციელების მიმართ. თუმცა დღეს ბევრს დაავიწყეს მეგობრობაც და ნათესაობაც.
ჩვენი უსამართლოდ დაპატიმრების ერთ–ერთი ინიციატორი იყო მაშინდელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლებმაც ამ საქმით დაინტერესებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყოველი ღონე იხმარეს როგორმე დასჯილიყვნენ უდანაშაულო პოლიციის მუშაკები. მივმართავ ქალბატონ თინათინ ხიდაშელს, თუ თქვენ თვლით, რომ ჭეშმარიტი იურისტი ბრძანდებით, ხომ კარგად იცით რამდენი უსამართლობაა ჩადენილი ჩვენს მიმართ, რატომ ეხლა არ ამბობთ არაფერს? დღეს ე.წ. დაზარალებულის უფლება მონაცვლე პირი კვლავ ითხოვს თანხას სასამართლოში შს სამინისტროსაგან და ჩვენგან. ყვლეას ვინ მას ეხმარება ვთხოვ ნუ დახარბდებიან ამ ფულს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული არავის ეღირსება, რადგან კიდევ უკანონობა ვფიქრობ არ მოხდება. მაგრამ თუ მაინც სასწაული მოხდა, მაინც ნუ მოკიდებთ ამ ფულს ხელს, რადგან ცოდვიანი იქნება და არავის შეერგება.
გთხოვთ, პირველ რიგში, ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ადამიანთა უფლებადამცველებს, იურისტებს და ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე გული შეგტკივათ, დაინტერესდით აღნიშნული საქმით. ჩვენ ბევრი ვწერეთ პროკურატურაში, სახალხო დამცველთან, ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტში, საია–ში, მაგრამ ზოგ განცხადებას საერთოდ იგნორირება გაუკეთეს და პასუხიც არ გვაცნობეს, ზოგზე კი დაზეპირებული შაბლონური ფრაზებით მოგვიცილეს - უბრალოდ, არ სურთ, ან ეშინიათ საქმის განხილვის, რადგან სათანადო დასკვნის შემთხვევაში, ალბათ პასუხს მოსთხოვენ, ან ყველაზე უარესი ისაა, რომ ჩვენ პოლიციელები ვართ და ამაზე ბევრმა გვითხრა, რომ პოლიციელები რომ არ იყოთ უფრო ბევრი ვინმე მოგაქცევდათ ყურადღებასო. რა ვქნათ პოლიციელობა მართლაც დიდი ტვირთი ყოფილა.
აღნიშნული საქმე გასაჩივრებული მაქვს ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში, სტრაზბურგში, საქმე მიღებულია წარმოებაში და მინიჭებული აქვს „პრიორიტეტი“, მაგრამ უკვე ორი წელი გადის და რა ხდება არაფერი ვიცი. როგორც ქართველს დიდ სიამონებას არ მომანიჭებს იქაური გამართლება, რადგან მე მსურს ჩემს ქვეყანაში მივაღწიო სამართალს, მაგრამ ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, რა მინდოდა სტრასბურგში?
როგორც ზემოთ არის ღწერილი, აღნიშნულ საქმეში ჩვენთან მიმართებაში ძალიან ბევრს მიუძღვის დანაშაულებრივი წვლილი, მაგრამ ღვთის წინაშე არ ვიქნები მართალი, რომ ვინმეს დაპატიმრება და ციხეში ჩასმა ვისურვო, საციხოდ ჩემი მტერიც არ მემეტება, უბრალოდ მინდა ყველამ საკუთარი საქციელი შეაფასოს. ღმერთი კი მოწყალეა და შესანდობს შეუნდობს.
მე რაც შეიძლება მოკლედ აღვწერე ის უსამართლობა, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დაგვატყდა თავს. ვფიქრობ გამოხმაურების გარეშე არ დარჩება ჩემი წერილი. წინასწარ დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გულთან მიიტანს ყოველივეს და დაინტერესდება, ხოლო ჩემს ფორმიან ძმებს სიფრთხილეს ვურჩევ.
პატივისცემით უკანონო პატიმარი პ.ჯღამაძე