ნინელი ჭანკვეტაძე: „არანაირი სურვილი არ მაქვს, ბელადი ვიყო“

ნინელი ჭანკვეტაძე: „არანაირი სურვილი არ მაქვს, ბელადი ვიყო“

[მანანა ნოზაძე]

„ქართული აკადემიის“ წევრი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე მიიჩნევს, რომ  პერიოდულად ხელისუფლება შეგნებულად კედელთან აყენებს ერისთვის პატივცემულ ადამიანებს, რათა ყველას დაანახოს, რომ ისინიც უღირსნი არიან. სწორედ ასე მოხდა 26 მაისს, როცა ხელოვან ადამიანებს უღირსობის ჯილდო ააღებინეს.

„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის ლუკა კურტანიძის მდგომარეობა როგორია? თქვენ ბრძანეთ, რომ მისი სასტიკად ცემის შემდეგ სამართალდამცავები მასთან ფოტოებსაც იღებდნენ.

- დიახ, ეს ინფორმაცია მართალია. მასთან ცემის შემდეგ ფოტოებს იღებდნენ, მაგრამ ლუკა კურტანიძე უკვე გამოდის ფიზიკური ტრავმიდან. როგორც თავად თქვა, მას ფიზიკურზე მეტად სულიერი და მორალური ტრავმა აქვს მიღებული. როცა ამ ვაჟკაც კაცს, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ღირსებას, ექვსეჯერ შეუკრავენ ხელ-ფეხს, 12 კაცი დაახტება და ასე უსინდისოდ, არაკაცურად მოექცევიან, რასაკვირველია, ეს  ძალიან მძიმე ასატანია. სწორედ ამიტომაც შიმშილობს მეორე ვაჟკაცი სოსო ჯაჭვლიანი, რადგან ის უძლურია ამ ყველაფრის მიმართ.

როგორც ვიცი, მომხდარის მიუხედავად, ლუკა კურტანიძე შურსძიებაზე არ ფიქრობს.

- ლუკამ თვითონვე განაცხადა - მიუხედავად იმისა, რომ მან ზოგიერთის სახეც დაიმახსოვრა, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, შეხვდნენ კიდეც ისინი ქუჩაში და ზოგიერთი მათგანის ამოცნობა არ გაუჭირდეს, არანაირი შურისძიების გრძნობა მათ მიმართ არ ამოძრავებს. ლუკას თქმით, სწორი არ იქნება, ძალას ძალა დაუპირისპიროს. მისივე სიტყვებით, იგი სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის.

ასეთი კადრები რაღაცით გუანტანამოს ციხის ანალოგიას იწვევს, როცა ნაწამებ პატიმრებთან ერთად, მათი მწამებლები  ფოტოებს იღებდნენ. 26 მაისის შემდეგ ხშირად საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის დათრგუნვა შეძლო.
- მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ საწადელ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან მათი გუნდისგან განსხვავებით, ქართველი ხალხი ღირსეულია. როცა ასეთი გაჭირვებაა და ასეთ უსამართლობას უყურებს ქართველი კაცი, ის კი არ შინდება, პირიქით, მას ძალა ეძლევა და გამოდის ქუჩაში. კვლავაც  საკუთარი ღირსების შესანარჩუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად იბრძვის. ქართულმა საზოგადოებამ ეს არაერთგზის აჩვენა, თქვენ გახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბრის დღეები, ტყვიები, უსამართლო დარბევა, მაგრამ ეს მშიშარა, კურდღელი ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. აგვისტოს მოვლენებში მთელმა მსოფლიომ იხილა დამახინჯებული, გადაგვარებული ადამიანის სახე. ისინი ვერ მიაღწევენ, ქართველები ისე დააჩოქონ და იმ სახით აჩვენონ მსოფლიოს, როგორც თვითონ უღირსად მოიქცა ჩვენი სარდალი.

ბოლო ხანს საზოგადოებაში ასეთი აზრიცაა, რომ ცნობილი და გაუსვრელი სახეები უფრო წარმატებულად წაუძღვებიან საპროტესტოდ განწყობილ ხალხს, საუბარია ნიკუშა შენგელაიაზე, თქვენზე...

- არანაირი სურვილი არ მაქვს, ბელადი ვიყო. საერთოდ, უნდა დასრულდეს ბელადომანია საქართველოში. არავის წარვუძღვები, მე გამოვდივარ ჩემი ოჯახისთვის, ჩემი შვილისთვის. ამდენად, არც არავის მოვუწოდებ. ვინც მისმენს, ვინც ყველაფერ ამას უყურებს, ვუცხადებ, თუ  ჩემზე ადრე ვინმე ამას გააკეთებს, მე გავყვები. ნურავინ მეუბნება, რომ დაგაგვიანდა, სად იყავი მაშინ, ან ახლა რატომ არ აკეთებ გასაკეთებელს?

მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, არავისთვის არ ვაკეთებ. ჩვენ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ, ძალა უნდა ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკოსებმა ჩვენ მოგვისმინონ. უბრალოდ,  პოლიტიკოსებმა ხალხის ნება უნდა აასრულონ. თორემ დარწმუნებული ვარ, ხალხის წაძღოლის არანაირი სურვილი, არც ნიკუშა შენგელაიას და, მით უმეტეს, მე, არ გვაქვს.  ჩემს თავზე თამამად შემიძლია ვილაპარაკო, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს, ხელისუფლებაში ან პარლამენტში მოვიდე. გადასარევი საქმე მაქვს, მიყვარს ჩემი საქმე, ნეტავ ისეთი დრო დადგეს, ყველა თავის საქმეს აკეთებდეს, არცერთი პოლიტიკოსის გვარი არ ვიცოდე და მათ ტელევიზორში არ ვხედავდე.

26 მაისის ტრაგიკული ღამის შემდეგ ცნობილი ადამიანების მიერ პრეზიდენტისგან მიღებული ჯილდოები ბევრმა ნეგატიურად აღიქვა.

- მე ვფიქრობ, ეს საცოდაობაა. ბევრი მათგანი, მათი შემოქმედებიდან გამომდინარე,  დიდ პატივისცემას იმსახურებენ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ისინი აიძულა,  იმ დღეს ისევე უღირსად მოქცეულიყვნენ, როგორც თავად ხელისუფლება არის უღირსი. ისე, ჩვენი ხელისუფლება ძალიან ხშირად იყენებს ამ სიტუაციას, კედელთან აყენებს ასეთ ადამიანებს, რათა ყველას დაანახოს, მარტო მე კი არ ვარ უღირსი, აი, თქვენ გყავთ თქვენთვის საპატივსაცემო ადამიანები და ისინიც უღირსად იქცევიან.

პერიოდულად ხელისუფლების მომხრეები რობერტ სტურუას წინააღმდეგ კამპანიის წამოწყებას ცდილობენ. ამჟამად მას ანტისომხური გამონათქვამების გამო ადანაშაულებენ.

- იცით რა, ბატონ რობიკოს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის შესანიშნავად გამოვიდა და თავად გასცა პასუხი იმ ადამიანებს, ვინც უბრალოდ, მისი შეფასების ღირსნიც არ არიან. მისი ფეხის ფრჩხილადაც არ ღირან თავიანთი საქმიდან გამომდინარე, რადგან არაფერი გაუკეთებიათ. ბუნებრივია, მათ უფლებაც არ აქვთ, ბატონ რობიკოზე ასე ილაპარაკონ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა. ყველა ასეთი შეუმდგარი ადამიანი ყველა შემდგარ ადამიანზე ენას იქავებს და ეს ტენდენცია არის. თქვენ გახსოვთ, როცა ჩარეცხილების თემა გაჩნდა, ეს ხელისუფლება მიზანმიმართულად საპატივსაცემო ადამიანების ჩარეცხვას ცდილობდა.               

მსახიობების ნაწილი აცხადებს, რომ სოსო ჯაჭვლიანის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, ისინი სამსახურებს დაკარგავენ და შესაბამისად, ტელე თუ კინოგადაღებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. როგორ გგონიათ, თქვენმა კოლეგებმა რეალურად რატომ შეიკავეს თავი? მატერიალურთან ერთად  შიშის ფაქტორიცაა?
- ეს კონკრეტულად იმ მსახიობებს უნდა ჰკითხოთ, რომლებმაც თავი შეიკავეს. მე რუსთაველის გამზირზე მოწყობილ აქციაში ვმონაწილეობ და ალბათ, იმიტომაც, ვდგავარ, რომ, პირველ რიგში, სოსოს სიცოცხლე დავიცვა. ჩვენი ლოზუნგია „სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად“. ორივე ეკუთვნის სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც, რასაკვირველია, ქართველი ვაჟკაცია. სოსო ჯაჭვლიანი სწორედ იმიტომ ისჯება, რომ მას უყვარს თავისი ქვეყანა და საკუთარი სამშობლოს ერთგულია.

საქართველოს ქალები სიცოცხლისა და ღირსების დასაცავად გავერთიანდით. ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის მისაღებია, განსაკუთრებით, თუ ის ქალია, რადგან ქალის უპირველესი მოვალეობაა თავისი თუ სხვისი შვილის სიცოცხლის გაფრთხილება. ამიტომ შევიკრიბეთ ქალები, მოვაწყეთ ქალების აქცია, ყოველგვარი პოლიტიკოსების გარეშე.

სხვადასხვა წლებში, როცა გაუჭირდებოდა ქვეყანას, იქმნებოდა ქალთა ასეთი ორგანიზაციები, ოღონდ არანაირი გენდერული მოსაზრებით. მათ სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნისა და შთამომავლობის გადარჩენა აერთიანებდათ. პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის  ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები - „ქალთა ლაშქარი“, „თეთრი მანდილი“ და სხვა. გარდა ამისა, იმ ქალბატონებმა, რომლებიც მანამდე არცერთ ორგანიზაციაში არ იყვნენ გაწევრიანებულნი, სურვილი გამოთქვეს, შექმნან ახალი სამოქალაქო მოძრაობა, რომელსაც „თამარიონი“ დაარქვეს, ჩვენი საამაყო ისტრიული გმირის, წმინდანის, ყველა ქალისთვის მისაბაძი თამარ მეფის საპატივსაცემოდ.

სიცოცხლის გადარჩენა და ღირსების შენარჩუნება, ბუნებრივია, უკავშირდება 26 მაისს, როცა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა და აქციის დარბევა სწორედ სიცოცხლის ხელყოფად და ღირსების ასაყრელად გადააქცია. დღემდე სხვადასხვა ასაკის 50 ადამიანია დაკარგული. ასეთი რამ ომშიც არ ხდება, როცა ერთ დღეში 50 ადამიანი უკვალოდ გააქრეს. ისიც არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა.

უამრავი ადამიანი არის დაჭერილი და უკანონოდ დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოთქვეს პროტესტი ამ ქვეყანაში არსებული ძალადობის წინააღმდეგ. ისინი დღესაც იხდიან სასჯელს. დღემდე არ ვიცით, რა ბრალი აქვს წაყენებული და რისთვის არის დაპატიმრებული სოსო ჯაჭვლიანი, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია და თუ არა ქალებმა, ვინ უნდა დაიცვან ადამიანების სიცოცხლე?

გვინდა კიდევ ერთხელ შანსი მივცეთ ღირსებააყრილ პარლამენტს, რადგან მას არასდროს საკუთარი სიტყვა არ უთქვამს ხალხის საკეთილდღეოდ. ამიტომ შევიტანეთ პარლამენტში სამი მოთხოვნა, რომ გამოიძიონ 26 მაისს მომხდარი. 26 მაისს დაპატიმრებულებთან არ უშვებენ ადვოკატებს. ჩვენ ვნახეთ 26 მაისს, როგორი ნაცემები იყვნენ ეს ადამიანები და მერე როგორ გაიმართლა ხელისუფლებამ საკუთარი თავი. თურმე წინააღმდეგობას უწევდნენ ხელფეხშეკრული ადამიანები და იმიტომ იყვნენ ნაცემნი.

უამრავი კადრი არსებობს, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ამ კადრებს. მხოლოდ სიტყვაზე არც მე უნდა მენდოთ, არც პოზიციას თუ ოპოზიციას. როცა თქვენ ხედავთ კადრებს, რომ კინოთეატრიდან გამოჰყავთ ხელებშეკრული ადამიანი, რომელსაც ცემის არანაირი კვალი, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები კვალი ეტყობა და მერე იმავე ადამიანს ხედავთ უმოწყალოდ ნაცემს, ცხადია, რომ ისინი სამართალდამცავებმა სცემეს. რასაკვირველია, ისინი არც ქუჩაში ეკალს წამოეგნენ, არც დაეცნენ და არც თავად ჩაურტყამთ თავში ტრანსპარანტი, როგორც ხელისუფლება გვაყრის თვალებში ნაცარს. ასეთ ადამიანებზე დღემდე გრძელდება ზეწოლა, ძალდატანება, რომ მათ რაღაც აღიარებითი ჩვენება მისცენ, რათა როგორღაც შეითითხნოს საქმე. ამ ხელისუფლებას სურს, როგორმე სუფთად გამოძვრეს იმ სიბინძურიდან, რაც მათ ჩაიდინეს.

რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც რუსუდან კერვალიშვლთან შეხვედრა?
- ჩვენი ქალბატონების მხრიდან, მის მიმართ ყველაზე მეტი ნდობაა, ვიდრე უმრავლესობის სხვა წარმომადგენელთან. ყველაზე მეტად, ალბათ, ამ ქალბატონის ვალია, საგამოძიებო კომისია შეიქმნას და ეს მოთხოვნები შესრულდეს.