რუსული ენერგოკომპანიის ნოდერლანდურმა შვილობილებმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანეს. ისინი კომპენსაციის სახით 125 მლნ დოლარს ითხოვენ. საქართველოს მთავრობა ხანგრძლივი ბრძოლისათვის მზადაა და უკან დახევას არ აპირებს.
სარჩელთაგან ერთი ჰესებს - “ხრამი ”-ს და “ხრამი 2”-ს, მეორე კი, “თელასს” უკავშირდება. კომპანია ამბობს, რომ ლარის გაუფასურებას არ მოჰყოლია ელექტროენერგიის ტარიფების შესაბამისი ზრდა, რის გამოც მათ ათეულობით მილიონის ზარალი მიადგათ.
როგორც “ინტერ რაოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნიკალაი გორელოვი აცხადებს, სარჩელი სტოკჰოლმის საერთაშორისოსა არბიტრაჟო სასამართლოში ჰოლდინგში შემავალმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს და ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალი საკომპენსაციო თანხას ითხოვენ. მოთხოვნილი თანხა 125 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა თანხა, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს.
“სარჩელი სასამართლოში ჩვენმა ჰოლანდიურმა კომპანიებმა შეიტანეს. მათსა და საქართველოს მთავრობასა შორის არსებულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის საკომპენსაციო ზომები. 2016 წლის პირველი ნოემბრიდან 2017 წლის პირველ მაისამდე პერიოდში ეს თანხა შეადგენს 125 მილიონ დოლარს. სწორედ მის ანაზღაურებას ვითხოვთ, თუმცა იგი, შესაძლოა, კიდევ დაზუსტდეს”, - განაცხადა გორელოვმა.
ქართული მხარე “ინტერ რაოს” საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში არგუმენტების წარსადგენად მზადაა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ “ინტერ რაოს” შვილობილი კომპანიების მოთხოვნა ქართული მხარისთვის მიუღებელია.
“სამწუხაროდ, რუსულმა მხარემ მაინც გადაწყვიტა რომ საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიემართა. სასარჩელო განაცხადი მივიღეთ. არგუმენტების დეტალურად გაცნობის შემდეგ გვეცოდინება რა კუთხით წავალთ. დავა შეეხება პრეტენზიებს როგორც “თელასის” ნაწილში, ასევე ხრამის სადგურების ნაწილში.
ისინი ითხოვენ კომპენსაციას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში, “თელასს” აბსოლუტურად სამართლიანი ტარფი აქვს.
ბუნებრივია გვაქვს არგუმენტებიც. რუსული მხარის პრეტენზიებს არ ვიზიარებთ, ვეცდებით ჩვენი დავიცვათ. არის საკითხები, რაზეც პრინციპულად ვერ ვთანხმდებით, ტარიფები არის სამართლიანი და არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არჰქონია”, - ამბობს ვალიშვილი.
თუკი რაიმე ინვესტიციაა განხორციელებული, თუ არის ხარჯები, რომელიც “თელასმა” გასწია, ეს ადეკვატურად არის ასახული ტარიფში. განსაკუთრებული მიდგომა “თელასის” მიმართ ნამდვილად არ ყოფილა. არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში ყველას ერთი პრინციპით უდგინდება ტარიფი. ეს გასაზრდელი იქნება თუ შესამცირებელი, ამას მარეგულირებელი კომისია ერთიანი მიდგომით განსაზღვრავს.
კიდევ არის მეორე საკითხი. „ხრამის“ ჰიბრიდული სადგურების პრივატიზაციიდან გამომდინარე მათ აქვთ პრეტენზია “ხრამჰესის” ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით. „ხრამზე“ მათ ვუთხარით, რომ თუ ამისთვის საფუძველი გააჩნიათ სამართლებრივად, პრივატიზაციის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, რადგან ეს პრივატიზაციით 2011 წელს იქნა გაყიდული, შეუძლიათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას და მიიღებს სემეკი გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ იქნება დამაკმაყოფილებელი სემეკ-ის გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ საარბიტრაჟო დავას. სწორედ ამ ორი ძირითადი თემის საარბიტრაჟო დავის ფორმატში განხილვას აპირებს რუსული მხარე”, - განაცხადა ვალიშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ სემეკმა ტარიფები დაადგინა მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია ავსტრიელი კოლეგების დახმარებით. დღეს არსებული მთოდოლოგია საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
“ჩვენ უარი ვთქვით ხელშეკრულებებით და მემორანდუმებით სატარიფო რეგულირებაზე. ძირითადი პრეტენზია ინვესტორს აქვს იმასთან მიმართებით, თუ რატომ არ ვარეგულირებთ ჩვენ მათთვის ტარიფს, სწორედ ამ მემორანდუმის საფუძველზე”, - აცხადებს შონია.
კომისია ტარიფებს მოქმედი მეთოდოლოგიით ითვლის, რადგან ეს მიდგომა, რომლითაც ყველა გონივრული ხარჯია გათვალისწინებული.
“გაუგებარია, თუ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს კომპანიას ამ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, ან ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე დადგენილ ტარიფებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა სემეკის წევრმა.
აღსანიშნავია, რომ საარბიტრაჟო დავისთვის მოსამზადებელი პროცესი ხანგრძლივია და დავის განხილვაც, რამდენიმე თვეში არ დასრულდება.