[მერაბ ბრეგაძე]
26 მაისის მოვლენების ფონზე, საქართველო კვლავ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. ანალიტიკოსების შეფასებით, ქუჩის ძალადობა ქვეყნისთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა, რადგან პარლამენტი, სასამართლოები, მედია და დემოკრატიის სხვა აუცილებელი ინსტიტუტები სუსტი და განუვითარებელია. „წლების განმავლობაში, არაფორმალური და იმპროვიზირებული გზით მართვის შემდეგ საქართველოს მთავრობას ინსტიტუტების აშენება და გრძელვადიანი განვითარების მოდელის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება სჭირდება“, – ძნელია არ დაეთანხმო ამ ლაკონურ შეფასებას.
„ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს დედაქალაქის ცენტრში ბოლოდროინდელი ძალადობის შემდეგ, 50-ზე მეტი ადამიანია დაკარგული“, – ამის შესახებ რადიო „თავისუფალი ევროპის“ ვებგვერდზე ბრაიან ვაითმორი წერს სტატიაში „საქართველოს ძალადობრივი ციკლი დისფუნქციურ პოლიტიკას ასახავს“.
ვაითმორი აღნიშნავს, რომ პოლიციის ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანები არ არსებობენ და ყველა აღრიცხულია:
„მაისის არეულობა და მისი შედეგები ქართული პოლიტიკის მოშლილობის ერთგვარი მიკროკოსმია, აცხადებენ ანალიტიკოსები. ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ბრძოლები ქუჩაში გადადის, რადგან პარლამენტი, სასამართლოები, მედია და დემოკრატიის ფუნქიონირებისთვის აუცილებელი სხვა ინსტიტუტები სუსტი და განუვითარებელია“.
ვაითმორი იქვე წერს, რომ ხუთდღიანი საპროტესტო აქციების დროს, ისეთმა ოპოზიციურმა ლიდერებმა, როგორიც ნინო ბურჯანაძეა, არც მეტი არც ნაკლები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. ისინი აშკარად მზად იყვნენ ძალადობის პროვოცირებისთვის, აქეზებდნენ რა საკუთარ მხარდამჭერებს ჯოხებით და პლასტმასის მილებით პოლიციელებზე თავდასხმისკენ:
„თავის მხრივ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. მას შემდეგაც კი, რაც ყველაზე მოძალადე ელემენტები გაუვნებელყოფილნი იყვნენ, პოლიციამ შეკრებილთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრელმსადენი გაზი განურჩევლად გამოიყენა და რამდენიმე დემონსტრანტს და ზოგიერთ ჟურნალისტს სცემა“.
გია ნოდია „თავისუფალ ევროპასთან“ საუბარში ამბობს, რომ „ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის სრული დისკრედიტაცია მოხდა“:
„რთულია მომავლის განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ აღარ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ადგილი ექნება ხელისუფლების შეცვლის მცდელობას სახალხო ბრაზის მობილიზების გზით. მაშინ, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილის მთავრობამ გაიმარჯვა? არც ამაში არ ვარ დარწმუნებული“.
თავის მხრივ, ვაითმორი წერს, რომ პერიოდული ქუჩის ძალადობა საქართველოსთვის დამახასიათებელ მოვლენად იქცა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ოცი წლის წინ ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. სსრკ-ს კოლაფსის შემდეგ ქვეყანას სამი პრეზიდენტი ჰყავდა, მაგრამ ხელისუფლების გადაცემა აქ მშვიდობიანად არჩევნების გზით არასდროს მომხდარა.
რადიოსთან საუბარში ნიუ-ორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი და ავტორი წიგნისა „არამდგრადი დემოკრატია: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია“ ლინკოლნ მიტჩელი ამბობს, რომ მისთვის ცხადია „ეს მთავრობა უფრო მეტადაა დაინტერესებული ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი ბიზნესგარემოს იდეით, ვიდრე დემოკრატიით“.
„ასე იყო საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში და ეს უკვე ცხადია. ეს გახდება დაბრკოლება არა მხოლოდ ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, არამედ საბოლოო ჯამში, ის პრობლემებს შექმნის ამერიკასთან ურთიერთობაშიც“.
ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის პრობლემური ანალიზის ცენტრი ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რუსეთს საქართველოში რევოლუცია სჭირდებოდეს, თუმცა ქვეყანაში პროდასავლური ორიენტაციის შესუსტებას სიამოვნებით შეუწყობს ხელს.
„მოსკოვი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს. თბილისთან მის ურთიერთობებში ჯერ-ჯერობით არაფერი იცვლება.
„რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენთვის მოქმედი რეჟიმი გაბანკროტებულია. სააკაშვილის რეჟიმთან ჩვენ საქმეს არ დავიჭერთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. მაგრამ ვისთან დაიჭერს საქმეს? ვისზე შეიძლება ფსონის დადება? ნაკლებ სავარაუდოა, მოსკოვმა რევოლუციისკენ უბიძგოს ქვეყანას, სადაც ბოლო 18 წელია, ხელისუფლება კონსტიტუციური გზით არ შეცვლილა, რყევების გარეშე არაფერს ჩაუვლია და ამასთან, ყოველი მომდევნო რეჟიმი ცდილობდა, ჩრდილოელი მეზობლის „იმპერიულ ამბიციებთან“ დაპირისპირების ნაწილში წინამორბედისთვის „გადაესწრო“.
სულ სხვა საქმეა საქართველოს მოსახლეობაში სააკაშვილის რეჟიმისადმი გარკვეული დამოკიდებულების ფორმირება - რატომაც არა?! ბოლოს და ბოლოს, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტირუსულ განწყობას აღვივებს, რატომაა ვალდებული მოსკოვი, თავი შეიკავოს იმ ძალების ღია მხარდაჭერისაგან, რომლებიც კანონიერი საშუალებებით სააკაშვილის გადადგომის მიღწევას ცდილობენ?! თუმცა არ ღირს იმის დავიწყება, რომ ამჟამინდელი ოპოზიციონერები პასუხისმგებელნი არიან იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდებოდა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ ძალებს საკუთარ ქვეყანაში ფართო სახალხო მხარდაჭერის და ჩრდილოელი მეზობლის გულწრფელი სიმპათიის იმედი ვერ ექნებათ. სულელური ტრადიციის გაგრძელებით, ისინი მომხრეების პიკეტებში, მიტინგებსა და მანიფესტაციებში ჩაბმას ცდილობენ, თუმცა ქართველი ხალხი (ისევე, როგორც, სხვათა შორის, რუსი) რევოლუციებისგან დაიღალა და აღარ სურს, მორიგი მმართველის ჩამოგდებით გამოწვეული სიხარულის შემდეგ მორიგი იმედგაცრუება გამოსცადოს“ - წერს ცენტრის ანალიტიკოსი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, „რევოლუციას ნამდვილი ქარიზმატული ლიდერი სჭირდება, ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ნოღაიდელი და სხვები კი, ვინც პოსტსაბჭოურ კორუმპირებულ ელიტას განასახიერებენ, ნამდვილად ვერ „ქაჩავენ“ ჟანა დ’არკის ან ოლივერ კრომველის მასშტაბის ფიგურამდე, თუმცა თავისუფლად შეუძლიათ, ერთ რიგში დადგნენ რუსეთის პოლიტიკური პანოპტიკუმის ფიგურებთან, როგორიცაა ირინა ხაკამადა, ბორის ნემცოვი და მიხეილ კასიანოვი“.
„ნინო ბურჯანაძის „ქართველი რკინის ლედის“ ხატს წარსულში მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობების კომიზმი შლის, რომელმაც იგი საკუთარი ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის ორგზის (2003 და 2008 წლებში) გამოიყენა: ამ წლებში ბურჯანაძე რამდენჯერმე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას და ყველანაირად ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს უმაღლესი თანამდებობის დაბრუნებაში, რომლის უზურპაციაში ახლა მას თავადვე ადანაშაულებს“.
ავტორის შეფასებით, „ბურჯანაძემ ოპოზიციის კონსოლიდირება ვერ შეძლო, ოპოზიციური ძალები მუდმივად დანაწევრებულები არიან, მუდმივად ერთმანეთს ჭამენ და ჯერ ვერმოპოვებული ხელისუფლების გაყოფისთვის იბრძვიან, თუმცა ოპოზიციის კრახის მთავარი მიზეზი ქვეყნის განვითარების ისეთი ალტერნატიული პროექტის არარსებობაა, რომლის განსახორციელებლად რევოლუციური დესტაბილიზაციის რისკზე წასვლა ღირს“.
„სააკაშვილის ჩამოგდების შემდგომ გეგმებზე საუბრისას ბურჯანაძემ საკუთარი პროგრამა ასე ჩამოაყალიბა: „ქვეყნის ტერიტორიული მთალიანობის აღდგენა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ერთიან და განუყოფელ საქართველოში, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების კურსის გაგრძელება“. რჩება მხოლოდ იმის გარკვევა, რით განსხვავდება ეს „პროგრამა“ თბილისის ამჟამინდელი რეჟიმის მორიგი დეკლარაციებისაგან?!
ამასობაში თანამედროვე ქართული საზოგადოება, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი რყევებით დაიღალა და ჯერ კიდევ ვერ გამოსულა „აგვისტოს კატასტროფის“ შოკიდან, აბსოლუტური უმრავლესობით ობივატელებისგან შედგება, რომლებსაც არავის და არაფრის სჯერათ, ხოლო ერთადერთი, რაც ძალუძთ, ტელევიზორთან ჯდომა, ამბიციური პოლიტიკოსების სასიკვდილო შერკინებისთვის ცქერა და მზადყოფნაა, ამ ბრძოლაში მხარი გამარჯვებულს დაუჭირონ, ვინც არ უნდა იყოს იგი“.
ინტერნეტ-გამოცემა „Слон.ру“ წერს, რომ 26 მაისის ღამეს სააკაშვილის ხელისუფლება არა იმდენად სპეცრაზმელთა პროფესიონალიზმმა გადაარჩინა, რამდენადაც „რკინის ლედის“ საბოლოო მარცხმა:
„სპეცრაზმელთა მოქმედებას სამი მეტრის მანძილიდან ვადევნებდი თვალს და მივხვდი, რომ პოლიციის რეფორმის წარმატებულობა არა მხოლოდ პოლიციაში კორუფციის დამარცხებაში, არამედ მის პროფესიონალიზმში გამოიხატება: თანამედროვედ აღჭურვილ სამართალდამცველთა მწკრივები ადვილად იგერიებდნენ ოპოზიციონერთა თავდასხმებს და ნელ-ნელა, თუმცა შეუქცევადად აძევებდნენ მათ პროსპექტიდან“.
ინტერნეტ-გამოცემის ანალიტიკოსის აზრით, „ოპოზიციის კრახის მიზეზი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმაშია, რომ მიშას მხარეს პროფესიონალი სპეცრაზმელები იბრძოდნენ, ნინოს მხარეს კი - ებონიტის ხელკეტებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებული თბილისელი „ძველი ბიჭები“:
„რევოლუციაზე რომ, როგორც ოპოზიცია იმედოვნებდა, ასობით ათასი ადამიანი გასულიყო და არა 10 ათასი (პირველ დღეს) და 2-3 ათასი (ბოლო დღეს), სპეცრაზმის ვერანაირი პროფესიონალიზმი ხელისუფლებას მარცხისგან ვერ გადაარჩენდა. მხედველობაში მაქვს არა ფიზიკური მარცხი (ცრემლსადენი გაზი, თუ მას სწორად გამოიყენებ, ნებისმიერ მასას შლის), არამედ პოლიტიკური, რადგან ასიათასიანი მიტინგის დაშლა ორივე მხარეს ათეულობით დაღუპულისა და მთელს ქალაქში არეულობებისა და დარბევების გარეშე ვერ დასრულდებოდა.
მოკლედ, რუსთაველის გამზირი ტახრირის მოედნად ვერ იქცა. დასავლეთმაც კი მხოლოდ მხრები აიჩეჩა, ცოტათი დატუქსა ოფიციალური თბილისი „ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევების“ გამო, მთლიანობაში კი სპეცრაზმის გამოყენება სრულიად ლეგიტიმურად მიიჩნია. ერთადერთ გამონაკლისად მოსკოვის რეაქცია იქცა, თუმცა თბილისი მას ყურადღევბას არ აქცევს და ტრადიციული რუსული გამოთქმის ქართულ ვერსიას იშველიებს: „იმ ძროხამ მირქინოს, ჩემზე მეტს რომ იწველისო“.
CARNEGIE ENDOWMENT-ის შეფასებით, „საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ქმედითუნარიანი სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ქვეყნის ეკონომიკური სურათი კვლავ ძალზე არადამაჯერებელია“.
გამოცემის ანალიტიკოსის თომას დე ვაალის შეფასებით, „წლების განმავლობაში არაფორმალური და იმპროვიზირებული გზით მართვის შემდეგ საქართველოს მთავრობას ინსტიტუტების აშენება და გრძელვადიანი განვითარების მოდელის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება სჭირდება“:
„სამი იდეა საქართველოს განსხვავებული მიმართულებით ექაჩება. ერთი „ძველი საქართველოს“ შესახებ კონსერვატიული ტრადიციული კონცეფციაა, რომელიც პატივსაცემია, თუმცა მას, როგორც ეკონომიკურ ან პოლიტიკურ მოდელს მცირე პოტენციალი გააჩნია.
მეორე იდეას, რომელიც საქართველოს მსოფლიო ინვესტიციებისთვის გახსნილ მეორე სინგაპურად მოიაზრებს, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა დღევანდელ დღეს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ვარდნაა და ეს მოდელი ვერ გადაწყვეტს ისეთ ღრმა პრობლემებს, როგორიცაა რეგიონებში სიღატაკე და უმუშევრობის მაღალი დონე.
განვითარების მესამე - ღრმა და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის გზას საქართველოს ევროკავშირი სთავაზობს. ეს მოდელი ინსტიტუციონალური რეფორმების სანაცვლოდ ქვეყნისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარს პრივილეგირებულად ხელმისაწვდომს გახდიდა, თუმცა იგი მმართველი ელიტისგან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ძალაუფლებაზე უარის თქმას მოითხოვს.
ევროკავშირმა ეს იდეა არასაკმარისად „გაყიდა“ და ის მეტ უცხოურ ტექნიკურ დამხარებას მოითხოვს იმ მარეგულირებელი ტვირთის შესამსუბუქებლად, რომელსაც ის ქვეყანას დააკისრებს. თუმცა, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გზა საქართველოს გრძელვადიან განვითარებაზე იმედისმომცემ პერსპექტივასა და ევროპაში დამკვიდრების შესაძლებლობას სთავაზობს“.