აქციზის ფორსირებულმა მატებამ ვერ გაამართლა. მთავრობას ზოგიერთი მიმართულებით დათმობაზე უკვე უწევს წასვლა. უკმაყოფილო ბიზნესმენებიც მუდმივად ითხოვენ განაკვეთის შემცირებას.
პარლამენტმა ლუდის აქციზის განაკვეთის ცვლილების შესახებ განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა საქართველოს მთავრობის კანონპროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
გათვალისწინებულია ლუდსა და ეთილის სპირტის შემცველ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ცვლილება. ლუდზე აქციზის განაკვეთი განისაზღვრება მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით, რასაც ლუდის ინდუსტრია დიდი ხანია ითხოვს.
დღეს ალაოს ლუდზე აქციზი ერთ ლიტრზე 0.6 ლარია, ხოლო პროექტის მიხედვით 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის განაკვეთი იქნება 0.12 ლარი ლუდში ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის ყოველ ერთეულზე. ეს ნიშნავს, რომ თუკი კომპანია 3%-იან ლუდს აწარმოებს, მისი აქციზი გამისაზღვრება 36 თეთრით დღეს არსებული 60 თეთრისგან განსხვავებით. რომ ამ სტრუქტურით გადასახადის სტრუქტურა შესაბამისობაში მოვა ევროპულ ქვეყნებში არსებული სტანდარტებთან.
ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში ლუდზე აქციზი ორჯერ გაიზარდა და საბოლოოდ 1 ლიტრზე 0.6 ლარამდე ავიდა. ლუდის ინდუსტრია აცხადებს, რომ ამან სერიოზული ზიანი მიაყენა სექტორს. ბიზნესის შეთავაზება იყო, რომ ლუდზე აქციზი მასში ალკოჰოლის მიხედვით განსაზღვრულიყო. შესაბამისი დაპირება ხელისუფლებამ ლუდის ინდუსტრიას ჯერ კიდევ მისცა, თუმცა, ამ დრომდე ცვლილებები ძალაში შესული არ არის.
აღსანიშნავია, რომ აქციზის მკვეთრმა მატებით უკმაყოფილო არიან არა მარტო მელუდეები, არამედ სხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც. დღეს მოქმედ განაკვეთს მუდმივად აპროტესტებენ თამბაქოს იმპორტიორები და ახლა უკვე ადგილობრივი მაღალალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებიც.
კომპანია „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე ქართულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზის შემცირებას ითხოვს. მისი თქმით, სახელმწიფომ ადგილობრივი წარმოებას ხელი უნდა შეუწყოს და იმპორტირებულ დაბალი ხარისხის და საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ერთი და იგივე აქციზის გადასახადი არ უნდა ჰქონდეს.
„თურქეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი ღვინო იქ არ შედის. თურქეთის სახელმწიფო უფრთხილდება ადგილობრივ წარმოებას და შეტანილ ღვინოზე არის მაღალი აქციზი და მაღალი გადასახადი. ვფიქრობ, ეს ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ. პატარა სხვაობა მაინც უნდა იყოს გადასახადებს შორის“, - განუცხადა „საქმის კურსს“ გოჩა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მაგალითად მათი ბრენდის „ანასეული ოტკას“ ფასი 22-დან 24-ლარამდე მერყეობს და აქედან 4,6 ლარი აქციზის გადასახადია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამას დღგ-ს თანხაც ემატება და მხოლოდ გადასახადების ხარჯი 7-8 ლარამდე ადის. გოჩა ჩხაიძის თქმით, კომპანიას ბაზარზე კონკურენტული ფასებით მუშაობა სურს, ამიტომ პროდუქციის ღირებულებას არ ზრდის, თუმცა ბევრად დიდი ხარჯი აქვს, ვიდრე იმპორტირებულ დაბალხარისხიან პროდუქციას.
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში აქციზის განაკვეთების ფორსირებული ზრდით მთავრობამ ბევრი ვერაფერი მოიგო. ბიუჯეტში ამ მხრივ შენატანები სასურველი ტემპით არ იზრდება. შარშანდელთან შედარებით პირველ 4 თვეში აქციზის გადასახადის მხრივ 120 მლნ ლარით მეტია მობილიზებული, მაგრამ წლევანდელ საბიუჯეტო გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 6 თვის თავზე აქციზიდან მთავრობა 742 მლნ ლარის მიღებას გეგმავს, არადა 4 თვის შემდეგ მხოლოდ 434 მლნ ლარი აქვს მობილიზებული.