გაზის გაძვირება გადაწყვეტილია, ახლა საუბარი მიდის იმაზე, რამდენი თეთრით მოიმატებს არჩევნების წინ ბუნებრივი აირის გადასახადი. სემეკი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ივნისის შუა რიცხვებში მიიღებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას ინფორმაციით, კომისიის აპარატმა თითქმის დაასრულა მუშაობა ბუნებრივი გაზის ტარიფებზე, რაც წარმოდგენილი იყო 4 კომპანიის მიერ. ესენია განაწილების 3 ლიცენზიანტი კომპანია: „ყაზტრანსგაზი“, „საქორგაზი“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“, ასევე ტრანსპორტირების ლიცენზიანტი - „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.
„უახლოესი 2 კვირის განმავლობაში დავნიშნავთ საჯარო სხდომებს. არის კიდევ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, მათ შორის, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტების ნაწილში. ამდენად, საჯარო სხდომებზე გვექნება უკვე სრულყოფილი, ამომწურავი, დასაბუთებული ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტზე, რომლის გათვალისწინებაც მოხდება ტარიფში. ბუნებრივი აირის ტარიფებთან დაკავშირებით კომისიის გადაწყვეტილება იქნება ივნისის შუა რიცხვებში, თუმცა ძალაში შესვლის თარიღს სემეკი განსაზღვრავს“, - აცხადებს მილორავა და დასძენს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაზის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის.
საჯარო სხდომაზე, სადაც დეტალური განხილვა მოხდება, ყველა მსურველს შეეძლება დასწრება.
თუმცა უკვე ცნობილი ხდება, რომ ახალი ტარიფის დაანგარიშება, სავარაუდოდ, 2.50-იანი გაცვლითი კურსით მოხდება, რაც გადასახადზეც აუცილებლად აისახება. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიები ახალი სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას სწორედ ეროვნული ვალუტის გაუფასურების და გაზრდილი ხარჯების გამო ითხოვენ. სხვა საქმეა, რომ ლარის კურსი დიდი ხანია აღარ არის 2.50-ის ნიშნულზე და, სავარაუდოდ, არც მომავლში მიაღწევს ამ მაჩვენებელს, რადგან მსოფლიო ბაზარზე დოლარი სუსტდება და ასე გაგრძელდება მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაც ადასტურებს, რომ, შესაძლოა, ბუნებრივი აირი მომხმარებელს მართლაც გაუძვირდეს.
„მოლოდინი მეც ისეთი მაქვს, რომ ლოგიკა არის მათ მოთხოვნაში. მრავალი წელია, ტარიფის გადახედვა არ მომხდარა. პრინციპში, იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარება იზრდება, რასაც ტარიფის ფორმირებაში აქვს მნიშვნელობა, ალბათ, უნდა ველოდოთ გარკვეულ გაძვირებას. პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ, რამდენად ლოგიკურია საერთოდ გაზრდა და შემდეგ ნეგატიური ეფექტები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“, - განაცხადა კაკულიამ.
გაძვირებას კატოგორიულად ეწინააღმდეგება ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გაზის საწყისი ღირებულება ცნობილი არ არის.
„ჩვენ არ ვიცით, რა თანხა ჯდება გაზი საზღვარზე, რამდენად ვყიდულობთ, რას ვაძვირვებთ. აქ არის მთავარი თემა, რატომ ვაძვირებთ და რისთვის ვაძვირებთ? ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა თანხა ჯდება საზღვარზე გაზი, მაშინ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ტარიფის ზრდა ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. სამთავრობო წრეები გვეუბნებიან, კი, ლარი გაუფასურდა, მაგრამ ვისაც არ უნდა მიმართოთ, ვერავინ ვერ გეტყვით, რა ჯდება გაზი საზღვარზე. ამ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს რა ღირს გაზი სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ეს არ არის დამალული ინფორმაცია. ამ ინფორმაციას მალავენ მარტო ჩვენთან“, - განუცხადა „ბიპიენს“ თემურ ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, როდესაც გაზის ტრანსპორტირების კომპანია საზღვარზე მოიტანს გაზს და გაზი გამანაწილებელ კომპანიაში უნდა განაწილდეს, ამის შემდეგ ჩვენი მხრიდან ხდება სამი საშუამავალო კომპანიის ჩართვა, რომლებიც არავითარ ფუნქციას არ ასრულებენ და მხოლოდ გაზის ფასნამატი ხდება.