გადაწყვეტილება მიღებულია - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება. გადაწყვეტილება იმ დრომდე იქნება ძალაში, ვიდრე ამ საკითხის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში არ მოხვდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მორატორიუმი შეეხება კანონის იმ მუხლს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების შესაძლებლობას იძლევა.
ამავდროულად, პარლამენტმა უკან უნდა გამოიწვიოს დაახლოებით ერთი კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებდა. რაც შეეხება მიწის გასხვისების რეგულაციების გამკაცრების მიზეზებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობდა საშიშროება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის შესყიდვა მომხდარიყო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან და სწორედ ამიტომ მმართველმა გუნდმა მიიღო მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილება.
„ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი ინტერესი, ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს არსებითად საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში. მეორე ინტერესი არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ რომ ავიღეთ და სიღრმისეულად გავაანალიზეთ, როგორც ერთ ფაქტორზე, ისე მეორე ფაქტორზე ამ რეგულაციის გავლენა, მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. ეკონომიკური ფაქტორი ამ საკითხის იქნა სიღრმისეულად გაანალიზებული და მხოლოდ ამის საფუძველზე მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის პოპულისტური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მაშ ასე, საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდება ჩანაწერი, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების მესაკუთრე არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანება, თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი პირზე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა.
„ანუ ფორმულირება იქნება შემდეგი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა. ამის შესახებ კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საპარლამენტო უმრავლესობა იღებდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყანამ და ხელისუფლებამ შეიმუშაოს სოფლის კრიზისიდან გამოყვანის სტრატეგია, ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი როგორ უნდა დარეგულირდეს მიწების ყიდვა-გაყიდვა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან ოპოზიციაში.
ინიციატივას ხელისუფლებაზე მორგებულს უწოდებს და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას ევროპული საქართველო. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, გადაწყვეტილებას, აბსოლუტურად პოპულისტურად და საზოგადოების ნაწილის ემოციების ფონზე იღებს ხელისუფლება, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს გლეხისთვის მიწის ფასის დაგდებას და გაუფასურებას.
„სამწუხაროდ, ეს არის საზოგადოების ნაწილის ემოციის ფონზე მიღებული პოპულისტური გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს გლეხისთვის მიწის ფასის დაგდებას. მომავალი წლების განმავლობაში კი, ჩვენ ვნახავთ, რომ ამ გაუფასურებულ მიწას შეიძენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან ივანიშვილები, ფარცხალაძეები, ღარიბაშვილები, კვირიკაშვილები და სხვები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კომუნისტური იდეოლოგიის რეაბილიტაცია მოახდინა. მისი თქმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მათ შორის საკანონმდებლო სფეროში, ეს პროცესიც მოსალოდნელი იყო.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებას დაეპატრონენ ქაჯები. სხვანაირად ამ პროცესებს ვერ შევაფასებ, რაც დღეს ხდება საქართველოში. ეს არის 25 წლით უკან სვლა, ეს არის კომუნისტური იდეოლოგიის რეანიმაცია“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
უმცირესობისგან განსხვავებით, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ცხადდება, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მიწის უცხოელებზე გასხვისება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აიზბრეგის წვერი იმ დიდი პრობლემისა, რასაც ჰქვია მიწის პრობლემა.
„აუცილებელია მიწის რეფორმის გატარება და ეს უნდა უზრუნველყოს იმ პრინციპებმა, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება. ის, რომ უცხოელზე არ გაიყიდება, მარტო ეს არაა პრინციპი. მთავარი პრინციპია, რომ მიწის საკუთრება მხოლოდ უფლება არ არის, არამედ ვალდებულებაა. მესაკუთრეს აქვს ვალდებულება, ამ მიწას მოუაროს და უპატრონოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
დავით ზარდიაშვილი არ იზიარებს ჭიაბრებაშვილის შეფასებას, რომ ეს არის ემოციების ფონზე მიღებული გადაწყვეტილება.
„ჭიაბერაშვილზე რა უნდა გითხრათ? ამ კაცმა ისიც კი არ იცის, რომ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკი იმიტომ შეიქმნა, რომ ქართული მიწა დაეცვა გაუცხოებისგან და საქართველოს ხელში დარჩენილიყო. არავინ არ ამტკიცებს იმას, რომ მიწა საერთოდ არ უნდა გაიყიდოს. რასაკვირველია, მიწის ბაზარი უნდა არსებობდეს, მაგრამ აუცილებალდ უნდა შეიზღუდოს ამ ბაზარზე უცხოელების შემოსვლა, ეს არის აშკარა, იმდენად აშკარა, რომ კამათიც არ ღირს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.