„საავადმყოფოში 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი ფული“

„საავადმყოფოში 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი ფული“

ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა ინიციატივამ უმსხვილესი ფარმაცევტები ძალიან გააღიზიანა. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ექნებათ. დავით სერგეენკოს უწყება პროექტზე უკვე მუშაობს და საშემოდგომოდ პარლამენტშიც გადააგზავნის განსახილველად.

სერგეენკოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა. „ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს. თუმცა ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის დარგის წარმომადგენლებთან ექსპერტიზას, შემდეგ, ალბათ, პარლამენტში იქნება მსჯელობა. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის იმპერატიული პირობა“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

მთავრობის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მსხვილი სააფთიაქო ქსელებისთვის. მათი უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით კლინიკებს ფლობს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „პეესპეს“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი მთავრობის წევრებს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ.

„მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფომ, მათ შორის, სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, მაგრამ ამის თავი არ აქვთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ოქრიაშვილი აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას მის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბანკებისთვის არაპროფილური ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.

„გარემოებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. როცა გამოვდივარ, ბანკებს ვაკრიტიკებ და უცებ, გამოდიან და ამბობენ, რომ ფარმაცევტული ბაზარი უნდა დავშალოთ, დავყოთ და დავაქუცმაცოთ. ეს რაღაც-რაღაცები ერთმანეთს ხშირად ემთხვევა და არ მინდა, ვიფიქრო, რომ მე რომ საბანკო სექტორს ვაკრიტიკებ, ამით არის ეს გამოწვეული. უკვე ათჯერ მაინც მოხდა, როცა ბანკები გავაკრიტიკე და ეს დაემთხვა. ამიკრძალონ! ჩემი ქვეყნისთვის რაც კარგია, ჩემთვის უფრო წინ დგას და ამ სიტუაციაში ჩემი ბიზნესი არ მაინტერესებს“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

მისი თქმით, თუ ეს საკითხი სერიოზულად დადგება ისინი სახელმწიფოსგან გაწეულ ხარჯს მოითხოვენ, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონია.

„საკითხი დგას ასე: ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფო, 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოვახდინეთ. მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დავუბრუნებთ უკან მთავრობას და დაგვიბრუნონ ჩვენი ფული. ეს არის ჩვენი პასუხი“, - აღნიშნა „პეესპეს“ დამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში ყველაზე მომგებიან დარგებს შორის არის. ფარმაცევტული საქონლით საბიუთმო და საცალო ვაჭრობის შემოსავლებმა 2016 წელს ჯამში 2 მილიარდზე მეტი შეადგინა. საცალო ვაჭრობის შემოსავალი 808 მილიონი იყო, ხოლო საბითუმო - 1 მილიარდ 242 მილიონი ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგად ფარმაცევტული ბაზრის, დაახლოებით, 70% ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული.