ყურძენზე მოთხოვნის ზრდის გამო, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა გადაიხედება

ყურძენზე მოთხოვნის ზრდის გამო, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა გადაიხედება

წელს დიდი შანსია, რომ კახელი მევენახეები სახელმწიფოს დახმარების გარეშე დარჩნენ და მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურის იმედად იყვნენ. მთავრობა უკვე დაუფარავად საუბრობს ყურძნის სუბსიდირების წელსვე შეწყვეტაზე. ადგილობრივი არჩევნების წინ რამდენად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი, ძნელი სათქმელია. რეგიონებში და მათ შორის, კახეთში სახელმწიფო დახმარების პირობებშიც კი ხელისუფლების ნაბიჯებით უკმაყოფილონი იყვნენ. რთველის ჩავარდნამ, შესაძლოა, უშუალოდ არჩევნების წინ პროტესტის ტალღა ააგოროს.

რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, საფერავის ჯიშის ყურძენზე წელს სუბსიდირება არ განხორციელდება. მინისტრი ყურძენზე მოთხოვნის ზრდას ელის, რის გამოც მისი თქმით, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა გადაიხედება.

„წელს ყურძნის სუბსიდირება არ გვექნება ცალსახად საფერავში. მოლოდინი ისეთია, რომ სუბსიდირება არ გვექნება არც თეთრ ყურძენზე. ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში დავიწყეთ გარკვეული ინსტრუმენტების შექმნა, რომ ბრენდის ინდუსტრიამ სპირტის გამოსაყოფი რქაწითელი დააფინანსოს“, - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ დამატებითი კომუნიკაცია კიდევ გაიმართება.

ის, რომ 2017 წლის რთელზე სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებაზე უარს ამბობს, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავიდან მხოლოდ საფერავის სუბსიდირების შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღებამ თუმცა შემდეგ ეჭვქვეშ რქაწითელის დამატებით დაფინანსების საკითხიც დააყენა. ამ ჯიშის ყურძენზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„რთველის დროს გვექნება კომუნიკაცია. ეს არის მთავრობაში შეჯერებული სცენარი, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ საფერავსა და რქაწითელზე არ იქნება სუბსიდირება“, - ამბობს დავითაშვილი.

მიუხედავად ასეთი განცხადებებისა სულ სხვა რამ არის აღნიშნული მთავრობის მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში. 2018-21 წლებისთვის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ შესახებ დოკუმენტშია ნათქვამია, რომ მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სუბსიდირება, შესაძლოა, 2018-2021 წლებშიც განხორციელდეს.

სახელმწიფო მევენახეების სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პროგრამას როგორც ცნობილია უფრო მეტად სოციალური დატვირთვა გააჩნია. საერთოდ კი ბოლო წლებში ხშირად მიდის საუბარი სახელმწიფო დახმარების შეწყვეტაზე.

მთავრობა სხვადასხვა ფორმით რთველის სუბსიდირებაში დაახლეობით 10 წელია ჩართულია, ხოლო ამჟამად მოქმედი მოდელი 2013 წელს შეიქმნა.

2016 წელს ყველა მევენახემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა. ჯამში ყურძენში გადახდილმა თანხამ 100 მილიონი ლარი შეადგინა.