მთავრობამ ახალ საგადასახადო კოდექსში პრესას ნელი მოქმედების და ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ნაღმი ჩაუდო. ვითომდა ტექნიკური უზუსტობის გამო, კოდექსიდან გამქრალია ის ჩანაწერი, რომელიც ბეჭდურ მედიას დღგ-ის გადასახადიდან ათავისუფლებდა. ამით აშკარა ხდება, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე შტურმისთვის ემზადება.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში მთავრობა მედიაზე საგადასახადო წნეხის გაზრდას ცდილობს.
სპეციალისტების განცხადებით, ეს პროცესი ჟურნალ-გაზეთების დახურვას გამოიწვევს, რომელიც გააუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხსა და ბევრ გაზეთს დახურვის საფრთხის წინაშე დააყენებს.
საქართველოს პრესის ასოციაცია ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ბეჭდური მედიის დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. როგორც სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ახალ საგადასახდო კოდექსთან დაკავშირებით, პრესის ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ახალი კოდექსის პროექტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებულთა სიიდან ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი კოდი ამოღებულია. ასევე, ახალ პროექტში აღარ წერია მუხლი, რომელიც ბეჭდურ მედიას, სარეკლამო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან ათავისუფლებდა.
ჟურნალისტებმა ამ მუხლებთან დაკავშირებით შეკითხვა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ირაკლი სირაძეს დაუსვეს. მათ აინტერესებდათ აინტერესებს, არის თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ირაკლი სირაძის განცხადებით, მას არ ახსოვს ასეთი მუხლების შესახებ და ამ საკითხს გადაამოწმებს. “არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ 308-გვერდიან დოკუმენტში ყველაფერი ზეპირად ვიცი. დღგ-ს კარი გადაჯგუფებულია, შესაბამისად, ყველა ცვლილება არ მახსოვს. ასეთი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, თქმა ნამდვილად არ მომერიდებოდა. შესაძლოა, უზუსტობას ან ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი”, - აღნიშნა სირაძემ.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-სგან გათავისუფლებულია წიგნები და ჟურნალ-გაზეთები, ასევე, ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურების გაწევა. ახალი კოდექსის პროექტიდან კი ჟურნალ-გაზეთების აღმნიშვნელი საგადასახადო კოდი ამოღებულია. ახალი კოდექსის პროექტიდან ამოღებულია აგრეთვე ის პუნქტიც, რომელიც ჟურნალ-გაზეთებს სარეკლამო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დღგ-ს გადახდისგან ათავისუფლებდა.
ეს ყველაფერი საკმაოდ ეშმაკურად არის გაკეთებული, ანუ ჩამონათვალში სიტყვიერად ჟურნალ გაზეთები ისევ იკითხება, მაგრამ კოდი 4902 ამოღებულია, ხოლო საგადასახადო ორგანოები სწორედ ამ კოდებით ხელმძღვანელობენ, ხოლო რეკლამიდან შემოსავალი პროექტიდან სიტყვიერადაც ამოღებულია.
პრესის დამფუძნებლები ეჭვობენ, რომ ეს საკითხი, როგორც ფინანსთა სამინისტროსთვის, ისე მთავრობისთვის კარგად არის ნაცნობი. თუმცა, ვინაიდან ეს მათთვის არაპოპულარული თემაა, კონკრეტულ პასუხებს თავს არიდებენ.
პრესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით, ჟურნალ-გაზეთები ამგვარ საგადასახადო წნეხს ვერ გაუძლებენ და დაიხურებიან.
“დღგ-ს გადასახადით დაბეგვრა გამოიწვევს იმას, რომ გაძვირდება გაზეთი, რაც შეამცირებს ტირაჟს. ასევე გაიზრდება რეკლამის ფასი, ეს რეკლამის გაძვირებას და შემცირებას გამოიწვევს, რომელიც ისედაც მწირია. ქაღალდი ბოლო პერიოდში 25%-ით გაძვირდა და ისედაც ართულებს პროცესს.
ზოგადად მედიის მდგომარეობა დამძიმდება. უცნაურია, როდესაც საუბარია ბიზნესისთვის ხელშეწყობაზე და საგადასახადო ტვირთის შემცირებაზე, შედეგად ყველაფერი პირიქით ხდება. ამ გადასახადით პრესის დაბეგვრა, ფაქტობრივად, მის გაუქმებას ნიშნავს, ვინაიდან პრესას შეუმცირდება რეკლამაც და ტირაჟიც”, - აცხადებენ ჟურნალ-გაზეთების გამომცემლები.