კანონი დემპინგური კომპანიების წინააღმდეგ

კანონი დემპინგური კომპანიების წინააღმდეგ

ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა პარლამენტში ივნისის ბოლომდე დაიწყება. თუკი ევროკავშირის რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება, კანონის მიღების შემდეგ დემპინგი არაკანონიერ ქმედებად ჩაითვლება და სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს მუშაობა საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაზე.

მისი თქმით, მათ უკვე მიმართეს დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკავშირს, რომ შეთანხმდნენ და კანონპროექტის განხილვისას ყველა მხარე მაქსიმალურად ჩაერთოს პროცესში. დეპუტატი ამბობს, რომ საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა და გათვალისწინებული იყოს ყველა მხარის პოზიცია.

„დონორებს მივმართეთ, ევროკავშირსაც, რომ ჩართვის მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი, რათა საბოლოოდ გავარკვიოთ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, ყველას პოზიცია გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, ჩამოვყალიბდებით ივნისის ბოლომდე“, - განუცხადა „საქმის კურსს“ რომან კაკულიამ.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემუშავების აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში საუბრობდა. ეს გარკვეულწილად ევროკავშირის რეკომენდაციაა, თუმცა კანონის მიღების ზუსტი ვადა მას საქართველოსთვის არ დაუწესებია. თუკი საქართველო ანტიდემპინგურ კანონს მიიღებს, ეს უნდა მოხდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით. ქვეყანაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც დაუპირისპირდება არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე ამბობს, რომ ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას ექსპერტული მოსაზრებებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას კანონის მიღებაში.

ბაზარზე დემპინგური წესებით თამაში საბოლოო ჯამში აზარალებს როგორც ქვეყანას, ასევე მომხმარებელსაც, რომელიც თითქოს კმაყოფილი უნდა იყოს პროდუქციის შეძენისას დაწესებული საბაზროზე დაბალი ფასით.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში, დემპინგი თითოეული ჩვენგანისთვის, შეიძლება, სახეიროც იყოს, ანუ იმის გამო, რომ ვიღაცამ კონკრეტული პროდუქტი გააიაფა, ამით როგორც მომხმარებელს ხარჯი შეუმცირდება, მაგრამ ამ ფასის კლებას კონკრეტული მიზანი აქვს, რაც მომხმარებლის კომფორტულ ყოფნას კი არა, კონკურენტების განეიტრალებას ითვალისწინებს.

„შესაბამისად, მომავალში, კონკურენტების ჩამოშორების შემდეგ, ბაზარზე დომინანტ კომპანიას ფასის გაზრდის საშუალება მიეცემა და ის ეფექტი, რასაც ერთი წელი გრძნობდა, მომხმარებელს ოთხმაგად ძვირი დაუჯდება. ბაზისური კომპანია უკვე მკვდარი იქნება, ბაზარზე სხვა ალტერნატიული კომპანიის შემოსვლას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება“, - აცხადებს კალანდაძე.

საქართველოში დემპინგი ჯერჯერობით კანონით არ ისჯება. არც შესაბამისი კანონ მოქმდებს, მაგრამ მაშინ, როცა კანონმდებლობა იქნება, მისი შესრულების ვალდებულებაც იარსებებს და დემპინგიც კანონდარღვევად სწორედ ასეთ დროს ჩაითვლება.

ხელისუფლება ამბობს, რომ რეფორმა დაიწყო და პირველი ფაზა უკვე გავლილია, თუმცა პროცესი მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთულია.

„იმედია საქართველოს, ადრე თუ გვიან, ანტიდემპინგური კანონი ექნება. დემპინგთან ბრძოლა, ერთის მხრივ, ადგილობრივი წარმოების განვითარების, მეორეს მხრივ კი, ინვესტორების შემოსვლის საფუძველია“, - აღნიშნა კალანდაძემ.