როგორც ცნობილია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სრულაიდ სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ მეორე, რომელიც საქართველოში 15 ივნისამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ 1894 წლის შემდეგ, სომხეთის არც ერთი კათოლიკოსი საქართველოში არ ჩამოსულა. მისი უწმინდესობა, გარეგინ II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ილია მეორეს შეხვდა. შემდეგ ორივე საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ამ შეხვედრებზე ორივე მხარემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის არსებობს. “იმედია, სომხური მხარე ხელს შეგვიწყობს ეკლესიების დაბრუნების საკითხში. ჩვენი ურთიერთობა, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს, არა ცალმხრივ, არამედ ორმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს”, – აღნიშნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა. სომეხთა პატრიარქის განცხადებით კი, უნდა დაიძლიოს სიძნელეები და პასუხი მოიძებნოს იმ საკითხებზე, რაც დღემდე ორ ეკლესიას შორის გადაუწყვეტელია. ამ შეხვედრებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს, ვან ბაიბურთს ვესაუბრეთ:
როგორ აფასებთ პატრიარქების შეთანხმებას საქართველოში სომხური, სომხეთში კი ქართული ეკლესიის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით?
- მინდა გითხრათ, რომ სომხეთის კანონმდებლობა, ამ მხრივ, ძალიან ლიბერალურია. სომხურ მხარეს ახლაც შეუძლია ქართულ ეკლესიას მიანიჭოს სტატუსი და სხვათა შორის, პატრიარქების ამ შეხვედრის დროს, სომხეთის პატრიარქმა ჩვენს უწმინდესს შეთავაზა, რომ ქართულმა მხარემ ერევანში მოახდინოს ქართული ეკლესიის რეგისტრაცია. ასევე, სომხური ეკლესიის მხრიდან იყო შეთავაზება და კონკრეტული დახმარების აღმოჩენა, რომ ქართულ ეკლესიას მიცემენ ადგილს ერევანში ააშენოს ახალი ტაძარი. ქართული ეკლესია, რომელიც ერევანში მე-19 საუკუნის ბოლოსაა აშენებული, ქალაქის ცენტრიდან შორსაა და, ამ მხრივ, მგონი, მორწმუნეთათვის გარკვეული სირთულეც იქმნება. ილია II დაეთანხმა ამ მოსაზრებას.
სტატუსის საკითხი გაირკვევა და ეს საქართველოში მარტო სომხური ეკლესიის პრობლემა არ არის. იგი ყველა კონფენსიის პრობლემაა და თვითონ პატრიარქიც და საქართველოს ხელისუფლებაც პოზიტიურად ხედავენ ამ საკითხს. ალბათ, ეს დროის ამბავია, რათა მიიღონ კანონი და მიეცეს სხვა კონფენსიებს – კათოლიკეებს, მუსლიმებს, ებრაელებს, სომხურ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას იურიდიული მნიშვნელობა. სხვათა შორის, მინდა ვიცოდეთ, რომ სომხურ ეკლესიას ოფიციალურად ჰქვია სომხური სამოციქულო ეკლესია და საზოგადოებამ ეს ზუსტად არ იცის, რადგანაც რაღაც ნაწილს ჰგონია, რომ სომხური ეკლესია, თითქოსდა, არ არის მართლმადიდებელი ეკლესია.
რა იურიდიული სტატუსი უნდა მიიღოს საქართველოში სომხურმა ეკლესიამ მაშინ, როდესაც სამართლის სფეროს სპეციალისტები მიუთითებენ, რომ რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აქვთ მათი აღმსარებლობის თავისუფლება?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოდგენილი კონფესიები აშენებენ ტაძრებს, მეჩეთებს, მორწმუნეებისთვის არანაირი შეზღუდვა მათი რიტუალის ჩატარებისას არ არსებობს, ეს ეკლესიები სტატუსის გარეშე არიან. მაგალითად, არის მომენტები, ვატიკანის ელჩი და სხვები ამბობენ, რომ ისინი საჯარო იურიდიული პირის უფლებამოსილებით სარგებლობენ. ახლაც გაარემონტეს ეჩმიაძინი თბილისში, ტაძრები სამცხე-ჯავახეთში, კათოლიკური ეკლესიები და მეჩეთები, მაგრამ რაღაც პრობლემა, ალბათ, არის. უპირველესად, ალბათ, პრობლემაა ევროპული სტანდარტების გააზრებით და მიმაჩნია, რომ სტატუსი ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდეს. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემა საკითხის გადაწყვეტაში საქართველოს მხრიდან არ არის. უბრალოდ, ჭიანურდება.
თქვენ უშუალოდ მონაწილეობთ თბილისში გამართულ კათოლიკოსების შეხვედრებში და გვაინტერესებს, აღნიშნული მოლაპარაკებების დროს, დაიგეგმა თუ არა საქართველოს პატრიარქრის ვიზიტი სომხეთში?
- სომხეთის პატრიარქი საქართველოში ჩვენი უწმინდესის მოწვევით ჩამოვიდა. იგი 2003 წლის შემდეგ არ ყოფილა ერევანში. ორი ეკლესიის პატრიარქების შეხვედრა, ალბათ, ამის ნიმუში იქნება, რომ ისინი ერთმანეთს მომავალშიც ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. რადგანაც ეს ვიზიტი ილია მეორეს მოწვევით მოხდა, ვფიქრობ, რომ ყინული დაიძრა და მომავალში ჩვენი ურთიერთობები ინტენსიური იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ როგორც ილია მეორე, ასევე გარეგინ მეორე უაღრესად კმაყოფილები არიან, რომ მათი შეხვედრა შედგა და ორ ეკლესიას შორის არსებული პრობლემური საკითხების მოგვარებაზე დიალოგი დაიწყო, რომელიც ჩვენი მეგობრობის გაღრმავების საფუძველიც იქნება.
ჯავახეთელმა სომხებმა ამ ვიზიტის წინ გარეგინ მეორეს პეტიციით მიმართეს, მათი აზრით, 2008 წელს უკანონოდ დაკავებული და გასამართლებული, ვააგან ჩახალიანის გათავისუფლების საკითხი დაეყენებინა. პატრიარქის ვიზიტის ფარგლებში, განიხილება თუ არა ეს მოთხოვნა?
- არა, რასაკვირველია, არ განხილულა ეს საკითხი. ჯერ ერთი, ვააგან ჩახალიანი უკანონოდ დაკავებული არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაინტერესდება და ჩახალიანის საქმეს გაეცნობა, მიხვდება, რომ სამართალდამცავების მოქმედება უკანონო არ ყოფილა. მეორეც, ხმამაღალია განცხადება, თითქოსდა პეტიციაში გამოხატულია ჯავახეთის მოსახლეობის პოზიცია. კარგად ვიცი, რომ ესაა ადამიანების გარკვეული ჯგუფის, ჩახალიანის თანამოაზრეთა პოზიცია და ძალიან გადაჭარბებულია ჯავახეთის მოსახლეობის სახელით რაიმეს თქმა. არც ის მგონია, რომ აღნიშნულ პეტიციას, როგორც ითქვა, 1200 ადამიანი აწერდეს ხელს. ჩემს გვერდითაა ამჟამად დეპუტატი ჯავახეთიდან, რომელიც ასევე მიდასტურებს, რომ ეს ჯავახეთის მოსახლეობის მოთხოვნა არ არის. მე არც იმის შესახებ ვფლობ ინფორმაციას, იყო თუ არა ეს პეტიცია საერთოდ შედგენილი და ვინმესთვის გადაცემული. თუკი ვინმემ ეჩმიაძინში გადასცა რაიმე განცხადება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ეს თემა ქართულ-სომხურ ურთიერთობას არ ეხება. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა გასამართლდეს.