[მერაბ ბრეგაძე]
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შავ ზღვაში მიმდინარე სწავლებასთან („სი ბრიზ-2011“) დაკავშირებით რუსეთის პრეტენზიების გათვალისწინებას არ აპირებს. „რუსეთს უფლება აქვს, საკუთარი აზრი გააჩნდეს და ჩვენ მისი მოსაზრების ანალიზს არ ვაპირებთ. აშშ-ს უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა გააჩნია და ეს სამხედრო სწავლებები ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში ტარდება“, – აცხადებს ოფიციალური მოსკოვის საპასუხოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარკ ტონერი.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა შავ ზღვაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი ამერიკული კრეისერის „მონტერეის“ შესვლის გამო. სერგეი ლავროვის უწყების შეფასებით, „ეს ნაბიჯი რუსეთში უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და შესაძლოა, იმის მანიშნებელი იყოს, რომ აშშ რუსეთის შეშფოთებას იგნორირებას უწევს და ღიად ახდენს იმ რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაციის დემონსტრირებას, რომელსაც მოსკოვი ეწინააღმდეგება“.
„პრესაგე.ტვ“ ამ საკითხზე უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრება.
როგორ შეაფასებთ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას?
– რუსეთს სხვადასხვა ამერიკულ ქმედებებთან დაკავშირებით, გარკვეული პოლიტიკა აქვს. ვგულისხმობ ვაშინგტონის მოქმედებებს, რომლებიც მოსკოვის ე.წ. ზეგავლენის ზონებს უახლოვდება. კრემლი ყოველთვის აღშფოთებას მაქსიმალურად გამოხატავს. ამით ცდილობს სამომავლო სამხედრო წვრთნებზე, ან სხვა ტიპის ნაბიჯებზე პრევენციული ზემოქმედება მოახდინოს.
კონკრეტულ საფრთხეებს და რისკებს ეს ნაკლებად უკავშირდება. კრემლში კარგად იციან, რომ ასეთი წვრთნები პირდაპირ საფრთხეს არ შეიცავს. შავი ზღვიდან მოსკოვს არავინ დაბომბავს. შეერთებული შტატები და მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ აპირებს. ამიტომ, ეს პოლიტიკური მესიჯია, რომ რუსეთი გავლენის ტერიტორიებთან მიახლოების გამო მგრძნობიარეა.
რიგ შემთხვევაში, ამას გარკვეული შედეგები მოაქვს, დასავლეთი თავს იკავებს ხოლმე რუსეთთან მიახლოებისგან და სამხედრო წვრთნის ჩატარებისგან, ბაზის ან სხვა ტიპის სამხედრო–ტექნიკის განთავსებისგან.
რას უნდა ველოდოთ ამ ბოლო შემთხვევაში?
– რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები თავის გეგმებს არ შეცვლის. წინასწარ დაგეგმილ და მომზადებულ წვრთნებთან გვაქვს საქმე. ეს ზოგადად, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის და აქ არსებული ძალების მომზადებისთვის არის საჭირო. ამიტომ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. რუსეთს კი, მორიგი აღშფოთება შერჩება.
როგორია უკრაინის როლი მთელ ამ პროცესებში, ვექტორის მორიგი ცვლილება ხომ არ ხდება ოფიციალური კიევის პოლიტიკაში? ბოლო ხანს გარკვეული ნიშნები სხვა მიმართულებითაც გამოჩნდა...
– ტერიტორიის სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობით, ეკონომიკური შესაძლებლობებით, თუნდაც სამხედრო პოტენციალით უკრაინას ევროპაში სერიოზული ადგილი აქვს. განსაკუთრებით, რუსულ–ევროპული ურთიერთობების კონტექსტში. უკრაინა სწორ პოზიციაზეა, როდესაც საკუთარი ვექტორის ბალანსირებას ცდილობს. აქტიურად თანამშრომლობს დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან, ასევე რუსეთთან. ცდილობს, ლავირების მეტი საშუალება ჰქონდეს, იმის მიხედვით, რა კონკრეტული ინტერესები წარმოიქმნება ამ პროცესებში. ამიტომ, არ მგონია, უკრაინამ საგარეო–პოლიტიკური ვექტორის ცვლილება მკვეთრად გამოხატოს.
შავ ზღვაზე რაკეტსაწინააღმდეგო კონფიგურაციის დემონსტრირება, საქართველოზე და ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებზე რა გავლენას ახდენს?
– შეერთებული შტატები და ნატო ფიქრობენ, რომ შავი ზღვა იყოს გარკვეული ფარი, რომელიც აღმოსავლეთიდან გამოსროლილ რაკეტებს გაანადგურებს. საუბარია ანტისარაკეტო სისტემებზე, რომლებიც შეიძლება შავ ზღვაში, ან ზოგადად შავი ზღვის რეგიონში განთავსდეს.
შესაბამისად, ამ წვრთნებს ერთგვარი მოსინჯვის მიზანიც აქვს იმისთვის, რომ ქვეყნები ჩამოყალიბდნენ, რის შესაძლებლობები აქვთ, რა პოზიტიური და ნეგატიური მხარები აქვს ამ პროცესს, რომელი კომპონენტი საჭიროებს დახვეწას, გამოსწორებას და ა.შ.
ამ პროცესებში საქართველოს ჩართვა, საერთაშორისო პოლიტიკურ მოცემულობაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თბილისი–მოსკოვის ურთიერთობაზე, რეგიონისადმი დასავლეთის დამოკიდებულებაზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. ეს პროცესი კონკრეტულ დროსა და სივრცეში მოიტანს აუცილებლობას, რომ უსაფრთხოების კონკრეტულ სისტემაში გარდაიქმნას.