საპენსიო რეფორმა მინიმუმ 1 წლით გადავადდა

საპენსიო რეფორმა მინიმუმ 1 წლით გადავადდა

საპენსიო რეფორმა უკვე იმდენჯერ გადავადდა, რომ დიდი ალბათობით იგი 2019 წლამდე ვერც განხორციელდება. რეფორმა, რომელიც დასაქმებულის მიერ საკუთარი პენსიის დაგროვებას გულისხმობს, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მესამე კვარტალში ამოქმედდება.

გახარიას უწყების ინფორმაციით, პროექტზე მუშაობა დასრულებულია და თავდაპირველ ვარიანტში რამდენიმე შესწორებაც შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, საჯარო განხილვების ფარგლებში გახდება ცნობილი.

თავდაპირველად, როდესაც ახალ საპენსიო სისტემაზე დაიწყეს მსჯელობა ითქვა, რომ რეფორმაზე მუშაობას 2017 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყებდნენ. იმავე წლის მესამე კვარტალში კი ახალი სქემა რეალურად უნდა ამოქმედებულიყო. დათქმული ვადა ჯერ კიდევ ამოწურული არ იყო, რომ სხვა თარიღი დასახელდა და პროცესის დაწყება წლის ბოლომდე გადადეს. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2018 წლამდე არაფერი იგეგმება და ეს ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

სპეციალისტების ნაწილი სარწმუნოდ არც ახალ ვადასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მიიჩნევს. საპენსიო რეფორმაზე დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფი ფიქრობს, რომ პროცესის დაწყება გაცილებით მეტად გადავადდება, ვიდრე მთავრობის წარმომადგენლები ვარაუდობენ.

„2017 წლის იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო კანონის დამტკიცება და ასევე საპენსიო ფონდის შექმნა. მანამდე უნდა შეემუშავებინათ კერძო დაზღვევების საპენიო სისტემის შესახებ კანონი, მაგრამ ბოლომდე ვერც ეს მიიყვანეს. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პროექტი პარლამენტისთვის განსახილველად არავის შეუთავაზებია.

საპენსიო რეფორმაზე მუშაობის დაწყება იმდენჯერ გადავადდა, რომ ვეჭვობ, 2018 წელსაც დაიწყონ. ამასთან, მთავრობის გეგმა არ არის იმდენად სრულყოფილი, რომ საზოგადოებისთვის წარსადგენად იყოს მზად. იმ სახით, რომელსაც დღეს ეკონომიკის სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს, ძალიან მცირე იქნება ინტერესი საზოგადოების მხრიდან“, - აცხადებს გაერთიანებული პროფკავშირების ანალიტიკური სამსახურის უფროსი გიორგი ჭანტურიძე.

კერძო საპენსიო სისტემა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს, რაც სახელწიფოში კაპიტალის მობილიზებისა და ეკონომიკის ზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ეკონომისტ მიხეილ დუნდუას განმარტებით, საპენსიო რეფორმის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში ყოველწლიურად, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ლარის მობილიზება მოხდება, რომელიც შიდა საინვესტიციო პროექტებში აკუმულირდება.

„საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება უზრუნველყოფილი სიბერის გარანტიაა, რადგან ახლა ძალიან მცირე სოციალური პენსია გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი თანხით, ისეთი რეფორმების განხორციელებას შევძლებთ, რომლებიც სამუშაო ადგილებსა და ეროვნულ პროდუქტს ქმნის და უფრო მეტ საპენსიო შენატანს ასტიმულირებს“, - განუცხადა „ოლნიუსს“ დუნდუამ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს, ან მათ, ვისაც ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, სპეციალისტების ინფორმაციით, მათი პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება.