კომერციული ბანკების მოგებამ მორიგი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქვეყანაში, სადაც ბიზნესს უჭირს, მოსახლეობას ვალები ახრჩობს და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას საშველი არ დაადგა, მხოლოდ ბანკები იჯიბავენ არანორმალურად დიდ თანხებს.
1998-2012 წლებში კომერციული ბაკების 15 წლიანი ჯამური წმინდა მოგება 780 მილიონი ლარია, 2013-16 წლებში და 2017 წლის პირველ მესამედში საქართველოს ბანკების ჯამური წმინდა მოგება 2 მილიარდ 376 მილიონი ლარია. ეს თანხები დოლარში შესაბამისი კურსით რომ გადავიყვანოთ, აღმოჩნდება, რომ ბოლო 4 წლისა და 4 თვეს მოგება მაინც 2-ჯერ აღემატება წინა 15-წლიან დაჯამებულ მონაცემს.
ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ამბობს, რომ საბანკო სექტორის მოგების მკვეთრი ზრდა უკავშირდება მის აქტიურობას უპირატესად საცალო-სამომხმარებლო სექტორში და არა ეკონომიკის განმავითარებელ დარგებში.
„სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ყურადღების მიღმა დატოვა და თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვნა მოსახლეობის ჭარბვალიოანობამდე. დღეს ეროვნული ბანკი დაგვიანებულად, მაგრამ მაინც იწყებს სავალუტო ფონდის და საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციების შესრულებას, რომელმაც საბანკო სექტორი სწორი მიმართულებით უნდა განავითაროს და ჩააყენოს ეკონომიკური წინსვლის სამსახურში.
ველოდები ეროვნული ბანკისაგან, როდის გადავა სისტემა „ბაზელ 3“-ზე. ველოდები მთავრობისაგან, როდის დაიწყება საპენსიო რეფორმა, რომ გაჩნდეს გრძელვადიანი რესურსი ეროვნულ ვალუტაში ეკონომიკის განმავითარებელი სექტორების დასაკრედიტებლად“, - აღნიშნავს დუნდუა და დასძენს, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა მეცხრე ადგილი დაიკავეს ლესოტოს, არგენტინას, გაბონის, ნამიბიის, ნიკარაგუას, გონდურასის, კონგოს და სეიშელის კუნძულების ბანკების შემდეგ.
„კომერციული ბანკების მომგებიანობის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საბანკო სექტორი ორიენტირებულია მოკლევადიან, მაღალპროცენტიან, სამომხმარებლო და სავაჭრო დანიშნულების სესხებზე, ხოლო წარმოების რეალური სექტორი, რომელიც გრძელვადიან და დაბალმარჟიან სესხებს მოითხოვს, უყურადღებოდ არის დატოვებული“, - განაცხადა დუნდუამ.
აღსანიშნავია, რომ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ბანკებისთვის საოცრად მომგებიანი აღმოჩნდა. ამ მხრივ მხოლოდ 2017 წლის პირველ კვარტალში 58 382 400 ლარის მოგება მიიღეს. ყველაზე მეტად ისარგებლა „თიბისი ბანკმა“ - 21 382 068 ლარი, შემდეგ „საქართველოს ბანკმა“ - 19 115 633 ლარი და „ვითიბი ბანკმა“ - 4 356 975 ლარი.
გარდა ამისა კომბანკებმა 2017 წლის პირველ 3 თვეში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20 935 179 ლარის შემოსავალი მიიღეს. ანგარიშგების თანახმად, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „ლიბერთი ბანკმა მიიღო“ – 7 234 290 ლარი. მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი“, მესამეზე კი - „საქართველოს ბანკი“.
ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ საქართველოში ბანკები დიდ მოგებას იღებენ. ეს ნიშნავს, რომ სექტორი გამართულად მუშაობს. თუმცა, იგი ყურადღებას ამახვილებს, რომ ბანკებს შორის კონკურენცია უნდა გაძლიერდეს და ამით ბიზნესიც და მომხმარებელიც მოგებული დარჩება.
„სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ამ სექტორში კონკურენციის ზრდას. არ გაამკაცროს ის მოთხოვნები, რომელიც სჭირდება ბანკებს რეგისტრაციისთვის. ერთადერთი რეალური საშუალება, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა დაიწიოს და იგი უფრო ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის, არის კონკურენცია. ეს არის სებ-ის პირდაპირი მოვალეობა“, - აცხადებს პაპავა.