პეტრენკომ სააკაშვილი პარტიის გარეშე დატოვა

პეტრენკომ სააკაშვილი პარტიის გარეშე დატოვა

უკრაინის იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. პაველ პეტრენკო ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს წინ გამართულ აქციაზე სააკაშვილის მიერ ცრუ ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის პარტიის „Рух нових сил“ სახელის შეცვლის რეგისტრაციაზე და რომ ამავდროულად უკანონოდ იყო დარეგისტრირებული პარტია „მიხეილ სააკაშვილის ბლოკი“.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ „Рух нових сил“ ნახევარი წლის წინ დაარეგისტრირა. რაც შეეხება იმას, თითქოს სამინისტრო არ არეგისტრირებს პარტიის სახელის შეცვლას „Рух нових сил Міхеїла Саакашвілі“-ზე, მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროში არანაირი დოკუმენტი არ არის შესული მიხეილ სააკაშვილის პარტიის სახელით.

„პარტიის სახელის ცვლილება დარეგისტრირდება, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი იქნება წარდგენილი. რაც შეეხება „მიხეილ სააკაშვილის ბლოკს“, ერთი წლის წინ უკრაინის მოქალაქეების ჯგუფმა, რომელთა შორის იყო სააკაშვილის მოგვარე, „სააკაშვილის ბლოკის“ რეგისტრირებაზე დოკუმენტები წარადგინა. იუსტიციის სამინისტრომ მათ უარი განუცხადა. ამ მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა რეგისტრირება. ჩემს კაბინეტში მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე დეპუტატს განვუმარტე სიტუაცია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ბაზრის დონემდე დავიდა, ილანძღებოდა და ჩხუბის პროვოცირებას ცდილობდა“, - აცხადებს პაველ პეტრენკო.

სააკაშვილის თანაგუნდელმა ოლგა გალაბალამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პარტიის რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. მისივე თქმით, უწყებამ დაარეგისტრირა ყალბი „მიხეილ სააკაშვილის ბლოკი“, რომელსაც მასთან არავითარი კავშირი არ აქვს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციაზე სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. აქციაზე მივიდა თავად სააკაშვილიც.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 30 მაისს დანიშნა. 2016 წელს სააკაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციის მხარდაჭერაში და კრიმინალების მფარველობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური ძალა ჩამოაყალიბა და უკრაინის რადას ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის ბრძოლა დაიწყო.

მაშ ასე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს პარტიის დარეგისტრირების უფლება არ მისცა. პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მასალების მოძიების პროცედურა დაწყებულია. ასევე, ეს პროცედურა დაწყებულია საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე, უკარაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

საქართველოდან გაქცეულ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური პრობლემები აქვს, საქართველოს კი უახლოეს მომავალში უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ეწვევა, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამატებითი მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს და უკრაინას აქვს საერთო გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის აგრესიასთან, ასევე, გვაქვს საერთო მიზნები და ამოცანები, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან. შესაბამისად, კობახიძე აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა, იმისათვის რომ ჩვენი საერთო მიზნები იყოს მიღწეული.

„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ ურთიერთობების გაღრმავებაზე, მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე და გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ სრული მხარდაჭერა ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აღვუთქვით ერთმანეთს მხარდაჭერა იმ პროცესში, რასაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვია და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ამ მიზნების მიღწევისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ მოულოდნელი არ იყო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის ხელისუფლება სრულიად მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებისა სააკაშვილის გარეშე.

„ისტორიას ვსწავლობთ, ვიმახსოვრებთ, მაგრამ წარსულში გადანაცვლება არის ყოველთვის ზიანის მომტანი, ასეთი ნაბიჯის მსურველთათვის. ბატონ მიხეილს, ალბათ, დაუდგება პერიოდი ქართულ ენაზეც დაწეროს საკუთარი მემუარები. შარშან გამოაქვეყნა უკრაინაში საკუთარი რუსულენოვანი მეუარები, რომელიც მეტ-ნაკლებად სიზუსტით აღნიშნავს საკუთარ მოღვაწეობას უკარაინაში, მაგრამ ის, რასაც ვკითხულობთ საქართველოსთან დაკავშირებით, ქართულენოვანი მკითხველისთვის არ არის რაიმე სახის მინიშნებაც კი იმაზე, რასაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ექსპერტი ფიქრობს, რომ ქართულ-ურკაინულ ურთიერთობაში დაიკარგა წლები. უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობის პირობებში, შეიძლებოდა ეს წლები უფრო მეტი სიკეთის მომტანი ყოფილიყო ორივე ქვეყნისთვის.

„მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ზოგიერთმა ჩვენმა ვაი პოლიტიკოსმა სააკაშვილთან გააიგივა უკრაინა. ალბათ, არ გაუჭირდებოდა რამდენიმე ადამიანს მაინც უკრაინაში, რომ საქართველო გაეეგივებინა სააკაშვილთან. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყნის არცთუ მცირე რაოდენობა გულადი ვაჟკაცები დღესაც მადლს ასხამს ქართულ-უკრაინულ მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობას და საკუთარი სიცოცხლის ფასად ამყარებენ სიკეთეს ორ მეზობელ ქვეყანას შორის, უფრო უკეთესი მომავლის იმედით“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.