[ეკა ბაქრაძე]
ხორცის ფასმა და ამ ბიზნესის მონოპლიზებამ ბაკურ კვეზერელის პასუხმისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური. საპარლამენტო ოპოზიცია სოფლის მეურნეობის მინისტრს კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან და მისი თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
როგორც პარამენტის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კვეზერელმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ხორცის ფასი 10 ლარზე მეტი არ იქნებოდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. მისივე თქმით, მინისტრი ხალხს იმასაც დაჰპირდა, რომ „სასაკლაოების გახსნის შემდეგ, ხარისხიან და იაფ ხორცს მივიღებდით, თუმცა ვერ მივიღეთ“.
ვეფხვაძის განცხადებით, ბაკურ კვეზერელის ქმედებებით, პირველ რიგში, თავად ხელისუფლება უნდა იყოს შეურაცხყოფილი, რადგან მათ ის დაიცვეს, ხოლო მინისტრმა უმუხთლათ. ამიტომ, ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ თავად ხელისუფლებაა ვალდებული კვეზერელს პასუხი მოსთხოვოს.
„ქრისტიან-დემოკრატები“ პარლამენტს ურჩევენ, პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გადაყენების რეკომენდაციის მიმართოს.
„ქვეყანაში სასურსათო პრობლემებს შექმნა უკავშირდება იმ მენეჯმენტს, სადაც წესრიგი არ არის და ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით. მაშინ, ჩვენ საოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენეთ, მაგრამ თქვენ დაიცავით. ახლა კი, როდესაც კვეზერელმა საჯაროს პირობა დადო, რომ სასაკლაოების მოწყობის შემდეგ ხარისხიანი ხორცი მხოლოდ 10 ლარი ეღირება, მაშინ როდესაც ბოლო კვირის განმავლობაში მისი ღირებულებამ 20 ლარს მიაღწია. კვეზერელმა დადებული პირობა ახლაც არ შეასრულა და პირველ რიგში თქვენ გიმუხთლათ“, - მიმართა ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განაცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ცისკარიშვილის მტკიცებისა, „ქრისტიან-დემოკრატებს“ კვეზერელთან პერსონალური პრობლემები არ აქვთ.
„ბაკურ კვეზერელი კარგი მეგობარია, კარგი მეოჯახეა, მაგრამ როგორც მინისტრთან ჩვენ პრეტენზიები ნამდვილად გვაქვს. გვესმის, რომ ჩვენ გარკვეული პერიოდი მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ დავაყენებთ, ამიტომ მივმართავთ პარლამენტს, რომ მიიღოს დადგენილება და პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაყენების რეკომენდაციით მიმართოს“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებით, პარლამენტის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და საკანონმდებლო ორგანოს ვითარების გამოსწორებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, ფასები გაიზარდა იმიტომ, რომ ახალ რეგულაციას სწორედ პარლამენტმა დაუჭირა მხარი.
„ხორცის ფასი არის მონოპოლიის კლასიკური შემთხვევა, რომელიც ხელისუფლების ხელდასმით შეიქმნა და ამ ბიზნესს ლობირებს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი. უკვე არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ხორცის ბიზნესით დაინტერესებულია შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ნურავინ მომთხოვს ამ ფაქტების დამტკიცებას, რომელიც ისედაც მთელმა საქართველომ იცის.
ეს არის ზღვარგადასული თავხედება. ხორცს გაძვირებამდეც ვერ ყიდულობდა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და ახლა გაძვირების შემდეგ, მას საერთოდ ვეღარ ეკარებიან“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობას კი ხორცის გაძვირების ხელისუფლებაზე გადაბრალება დემაგოგიად მიაჩნია. ამის შესახებ უმრავლესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი შეფასებით, საბაზრო ფასების ცვლილების გამო, სოფლის მეურნეობის მინისტრის გათავისუფლება გეგმური საბჭოთა ეკონომიკის პირობებში დაბრუნებას ნიშნავს.
ინფორმაციისთვის, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ხორცი 100%-ით გაძვირდა, ხოლო აგრარულ ბაზრობებში კილოგრამი ხორცი 15-17 ლარიც ღირს.