პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას და ამ თემის განხილვის დაწყებას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიას შენიშვნები ექნება, ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ამას საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა აქვს“. თუ მძლავრი მხარდაჭერა აქვს არსებული წესის შენარჩუნებას, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, საინტერესოა, რაში დასჭირდა ხელისუფლებას ახალი წესის შემოთავაზება და ასეთი ხმაურის ატეხვა, რომელიც მისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი ნაკლებად არის? - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე საუბრისას, ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ვერ გაიტანს იმ ვარიანტს, რაც შემოგვთავაზა, დარწმუნებული ვარ, დღეს მოქმედი სისტემა დარჩება.
ვახტანგ ძაბირაძე: არის საუბრები, რომ „ბონუსს“ თუ ვერ გაიტანს, ან მინიმუმ იმას მაინც ვერ მიაღწევს, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ მანდატების რაოდენობა 80-მანდატამდე შეავსოს, რაც არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა კომპრომისის სახით, მაშინ, რა თქმა უნდა, დარჩება ძველი ვარიანტი.
ეს იმთავითვე ნათელი და ცხადი იყო. მარტივი სიტუაციაა - საფიქრალი და გასაანალიზებელი არაფერია, ხელისუფლება ცდილობდა, ისევ უმრავლესობა შეენარჩუნებინა და მთავრობის ფორმირების პროცესი ისევ მის ხელში დარჩენილიყო - რა მნიშვნელობა აქვს, როგორ მიიღებდა საპარლამენტო უმრავლესობას?! თუ ბონუს სისტემა ამის საშუალებას იძლეოდა, დღევანდელი წესიც იძლევა ამის შესაძლებლობას.
ბუნუს სისტემაზე ძალიან მაღალი ალბათობით, იქნება უარყოფითი დასკვნა - თავიდანვე მზადდებოდა ამისთვის ნიადაგი, რომ შესაძლოა, მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირონ მაჟორიტარული სისტემის გაუაქმებას. ანუ ხელისუფლება წინასწარ იტოვებდა უკან დასახევ გზას და თუ ასე მოხდა, იტყვიან, რომ რა ვქნათ, მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირეს ამ ცვლილებასო.
ვფიქრობ, კონსტიტუციის პროექტში შეიძლება, ეს მუხლი შევიდეს ისე, როგორც ვენეციის კომისია რეკომენდაციას მისცემს, მაგრამ კენჭისყრაზე ჩავარდება და დარჩება ძველი ვარიანტი - ეს იქნება და ეს.
გამოდის, რომ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ აწყობს?
- რა თქმა უნდა, მას აწყობს მხოლოდ ბონუსთან ერთად. თუ ვენეციის კომისია ბონუს სისტემაზე უარყოფით რეკომენდაციას მისცემს, მას ნაკლები შანსი ექნება, რომ 76 მანდატი აიღოს, ანუ უმრავლესობა მოიპოვოს. მაგრამ რაკი მთელი ამ ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, რომ გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამ შენიშვნებს შეიტანენ კონსტიტუციის პროექტში, თუმცა, კენჭისყრის დროს ჩააგდებენ.
მაშინ რა საჭირო იყო ამ ცვლილების შემოთავაზება და ამხელა ხმაურის ატეხვა? მათ რეიტინგზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 93-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი საპროტესტო წერილი გაუგზავნა ვენეციის კომისიას...
- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ამბობდა, რომ პირველ რიგში, საარჩევნო სისტემას შეცვლიდა. სხვათა შორის, ყველა ოპოზიციონერი ამბობს ამას, ვიდრე ხელისუფლებაში მოვა. მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მშვენივრად ირგებენ ამ სისტემას.
„ქართულმა ოცნებამ“ დაპირების მიუხედავად, 2016-ში არ შეცვალა, დღეს უკვე შესთავაზეს ეს ცვლილება, მაგრამ ისეთი ფორმულირება დაიდო, რომ მმართველ ძალას ხელისუფლებაში მოსვლის გარანტია ჰქონოდა. გამოვიდა, რომ მათ შესთავაზეს ცვლილება, მაგრამ ოპოზიციამ ის არ მიიღო. მოკლედ, პროპაგანდის და პიარის თემაა და მეტი არაფერი. თუ ოპოზიცია ამ ვარიანტს დათანხმდებოდა ხომ კარგი, თუ არა და ხელისუფლება ამით არაფერს კარგავს.
თუ ხელისუფლება წაგებული არც ერთ შემთხვევაში არ რჩება, ვერაფერს ვიტყვით მშვენიერი კომბინაცია მოუფიქრებიათ...
- ყველამ იცის, თუ ცოტას მაინც აზროვნებს, რომ თუ არსებულზე უარსესს შესთავაზებ, ამას არავინ დათანხმდება. რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას, ამასაც ყოველთვის ვახერხებდით, მაგრამ აქედანაც ბევრი არაფერი სასიკეთო ქვეყნისთვის არ მიგვიღია. ასეთი სამწუხარო რეალობაა ქართულ პოლიტიკაში.
ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში 30 მარტს იმყოფებოდნენ, მთლიანობაში, დადებითად შეაფასეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ამჟამინდელი ვარიანტი, რომლებიც მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ეხება. ამიტომ დანარჩენი ცვლილებების ირგვლივ სავარაუდოდ, კრიტიკულ რეკომენდაციებს, ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდეთ?
- ვენეციის კომისიისგან, ალბათ, ამ ნაწილში არ იქნება დიდად კრიტიკული შენიშვნები, თუ საერთოდ, იქნება, მაგრამ აქ კიდევ მეორე თემაა - ჩემი აზრით, თუ ხელისუფლება ასეთი ცვლილებების გაკეთებას აპირებდა, ჯობდა, თავი შეეკავებინა.
იმ განხილვებით, რაც რეგიონებში ხდება, რაც ტელევიზიით გადაიცემა და ა.შ. ხელისუფლება პოლიტიკურად უფრო წამგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე მომგებიანში. კი, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია არ იტყვის იმას, რომ არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა ცუდია, მაგრამ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამას ეწინაააღმდეგება და ერთიც და მეორეც ამას სათავისოდ გამოიყენებს არჩევნებში - იმიტომ, რომ მოსახლეობასაც პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი უნდა - ეს არის პრობლემა.
აქედან რა პოლიტიკური ქულები მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, მიჭირს ამისი დანახვა, მე მგონი, პირიქით, დაიწყო პროცესი, რომელიც პოლირტიკურად წამგებიანია ქვეყნის შიგნით. არც ქვეყნის გარეთ არის მომგებიანი, იმიტომ, რომ ბონუს სისტემას არ მგონია, სადმე მომხრეები ჰყავდეს, იგივე, ვენეციის კომისიაში. სწორედ ამიტომაა გასაკვირი, საერთოდ, რატომ დაიწყო ხელისუფლებამ ეს პროცესი...
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური უფლებების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი არასრულყოფილი და სუსტია. ამასთან დაკავშირებით, ომბუდსმენმა ვენეციის კომისიას წერილი გაუგზავნა, სადაც სხვა საკთხებთან ერთად, შრომით უფლებებსა და ქორწინების ცნებას უსვამს ხაზს. ომბუდსმენი უარყოფითად აფასებს პროექტის მიხედვით, ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციით რეგულირებას. მისი აზრით, მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას. სოციალური უფლებები და სხვა პუნქტები გასაგებია, მაგრამ ქორწინების თემას საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამს. ხომ არ შეიძლება კვლავ სასკანდალო გახდეს ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში?
- ვენეციის კომისიისთვის ისიც მისაღები იქნებოდა, რომ არ იყოს მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში, მაგრამ მკაცრი რეკომენდაცია, ალბათ, არ იქნება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ზოგადად, მეც არ ვთვლი, რომ ეს საკონსტიტუციო თემაა, მაგრამ თუ მოსახლეობაში ასეთი განწყობაა, პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ასეთი ჩანაწერი იქნება. ცოტა პროვინციალურ სახეს მიიღებს კონსტიტუცია, მაგრამ პროვინციალიზმი უამისოდაც არ გვაკლია.
ამიტომ უმჯობესია, იყოს ასეთი ჩანაწერი, რომ ვინმეს, შიგნით თუ გარეთ, ვინც მოწინააღმდეგეა ევროპული განვითარებისა, არ ჰქონდეს იმის თქმის საშუალება, რომ გაირყვნა ქვეყანა და ა.შ - იმ ხალხს, ვინც საგარეო ორიენტაციას პირდაპირ ვერ უპირისპირდება, წაართმევს არგუმენტებს.
საზოგადოება ვითარდება, თავისი გზით მიდის და თუ ოდესმე დადგა საჭიროება, რომ ეს ჩანაწერი გაუქმდეს, შეიცვლება ეს მუხლი. მეც არ ვარ მომხრე ერთსქესიანთა ქორწინების, მაგრამ თუ ოდესმე საზოგადოება აქამდე მივა, ამ თემას მიიღებს ამას საკონსტიტუციო ჩანაწერი ვერ შეაკავებს.
რაც შეეხება, მიწის უცხოელებზე გასხვისებას, ესეც საკამათოა - არ შეიძლება, რომ ის რეგულირდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით? კონსტიტუციაში უნდა გვეწეროს, ვინ იყიდოს მიწა და ვინ - არა?
- ზოგადი პრობლემაა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობა თავის ხელისუფლებას და როდესაც ასეთი უნდობლობაა, საზოგადოება ეძებს თავის დაცვის საშუალებებს. ვიზიარებ, რომ მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან ეს მართლაც სტრატეგიული დანიშნულების ობიექტია, თუ შეიძლება, ასე რომ ითქვას.
შესაძლოა, ხელისუფლებებისადმი მაღალი ნდობა რომ იყოს, არც არავინ მოითხოვოს მისი კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ რაკი უნდობლობაა - არსებობს მოთხოვნა, ხოლო რაკი მოთხოვნაა - ის უნდა შესრულდეს. ეს ხელს არ შეუშლის ეკონომიკას, სამაგიეროდ, დაგვაზღვევს იმისგან, რომ ცალკეულმა ჩინოვნიკებმა ამ თემით სარგებელი ნახონ. კარგი იქნებოდა სხვაგვარი ფორმულირება, მაგრამ დღევანდელ პირობებში ასეა საჭირო.
უმრავლესობის წევრების განცხადებებს თუ გადავხედავთ, მმართველი გუნდი მნიშვნელოვან შენიშვნებს არ ელოდება ვენეციის კომისიისგან, ხოლო თუ იქნება კონკრეტული კრიტიკული შენიშვნა, შესაბამისი ცვლილება აღარ განხორციელდება. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ისეთი განწყობა, რომ თითქოს ვენეციის კომისია რაღაც სადამსჯელო რაზმია და მასზე ვართ დამოკიდებული, რა შეცვალოთ და რა არა? ეს ორგანიზაცია ხომ მხოლოდ რეკომენდაციებს გვაძლევს იმისათვის, რომ კანონმდებლობა სრულყოფილი გახდეს?
- თავიდანვე, როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, არასწორი განცხადებები გაკეთდა, რომ თუ ვენეციის კომისიისთვის რომელიმე თეზისი მიუღებელი იქნებოდა, ამას გაითვალისწინებდნენ. ახლა, როგორც ჩანს, საკუთარი განცხადებების ტყვეობაში არიან. გამოდის ისე, რომ უნდა მივიღოთ ის კონსტიტუცია, რასაც ვენეციის კომისია გვიკარნახებს და არა ის, რაც სჭირდება ქვეყანას.
ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ნამდვილად არის, მაგრამ კიდევ ვამბობ, რომ ვენეციის კომისიას შეიძლება, კრიტიკული შენიშვნები ჰქონდეს მხოლოდ იმ თემების მიმართ, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ამ შემთხვევაში ეს საკითხები ჩავარდება და კონსტიტუციაში არ აისახება.
თუმცა ასეთი სახე რომ მიიღო, თითქოს ვენეციის კომისიაზე ვართ დამოკიდებული, არასასიამოვნოა და არ იყო სწორი საკითხის ასე დასმა თავიდანვე - ანუ, განცხადება, რომ რასაც გვეტყვიან იმას გავაკეთებთ.