„ხვალ და ზეგ შეიძლება დადგეს საჭიროება - საქართველოს პორტებიც არ გაკონტროლდეს რუსეთის მიერ“

„ხვალ და ზეგ შეიძლება დადგეს საჭიროება - საქართველოს პორტებიც არ გაკონტროლდეს რუსეთის მიერ“

„მონტენეგროს ნატო-ში გაწევრება მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის და სხვა ასპირანტი ქვეყნებისთვის, რადგან ეს არის სიგნალი, რომ ნატო-ს კარები მართლაც ღიაა და ვერანაირი ზეწოლა გარედან ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ“, - განაცხადა ნატო-ს სპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ თბილისში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, ეს და სხვა დამცავი ზომები წარმოადგენს ძლიერ დემონსტრირებას ნატო-ს სოლიდარობისა რუსეთის მუქარის საწინააღმდეგოდ.

რამდენად რეალურია, მონტენეგროს ბედი საქრთველომაც გაიზიაროს და რამდენად რეალურია შანსი, რუსეთმა ვერ შელოს თავისი მუქარის შესრულება, ამ თემაზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პოზიციით, მონტენეგროს მაგალითი დამატებითი სტიმული უნდა იყოს საქართველოსთვის, ასევე ფართოვდება ნატო- წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ძალიან მალე, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს მიპატიჟება ნატო-ში?

- თვითონ ნატო-ს წევრებმაც არ იციან ამ პასუხის კონტურები როდის შეიძენს რეალობას, თუმცა დღეს ვცხოვრობთ იმდენად არაპროგნოზირებად რეალობაში, რომ ძალიან რთულია, განსაზღვრო, რა იქნება ორი წლის შემდეგ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსოფლიოს მთავარ ქვეყანას ჰყავს სრულიად არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი. ეს მისმა მონაწილეობამაც დაადასტურა ნატო-ს სამიტში, სადაც მან ფაქტობრივად, ძალიან მწარედ დატუქსა თავისი ევროპელი კოლეგები იმ პასიურობის გამო, რომელსაც ისინი იჩენენ საერთო დასავლური უსაფრთხოების თუ ნატო-ს ფარგლებში პასიურობისთვის. მათ მოუწოდა, გაეღოთ ნატოს ბიუჯეტისთვის მშპ-ს 2% რაც მათი ვალდებულებაა.

გარდა ამისა, ისინი სტრატეგიულადაც არიან მოუმზადებლები უსაფრთხოების საერთო ამოცანების გადასაჭრელად. მიუხედავად უხეში დამოკიდებულებისა ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, შეიძლება ამერიკას გაუჩნდეს საჭიროება ისეთი წევრების მიპატიჟებისა, რომლებიც გაცილებით აქტიურები იქნებიან საერთო ევროპული უსაფრთხოების საკითხში. მონტენეგრო მიიღეს სწორედ იმიტომ, რომ სჭირდებოდათ, რუსეთს არ გაეკონტროლებინა მონტენეგროს პორტები, რისი მცდელობაც ჰქონდა.

ხვალ და ზეგ იგივე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება დადგეს ნატო-სთვის საჭიროება, რომ საქართველოც შევიდეს ევროატლანტიკურ ალიანსში იმიტომ, რომ საქართველოში არსებული პორტებიც არ გაკონტროლდეს რუსეთის მიერ - შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონცეფცია ერთ-ერთი წამყვანია ნატო-ში.

ასე რომ, ბევრი ფაქტორია, რამაც უეცრად შეიძლება შემოატრიალოს განწყობა და განგება ჩვენსკენ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია.

მართალია, ნატოს სპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერანაირი ზეწოლა გარედან ამ ქვეყნებს ხელს ვერ შეუშლის, თავიანთ მიზნებს მიაღწიონ, მაგრამ საქართველოში მაინც შიშობენ, რომ რუსეთის რეაქცია სავარაუდოდ, გასათვალისწინებელი იქნება და შესაძლოა, უომრად არც დათმოს ეს ქვეყანა...

- ეს დასავლეთის ქვეყნების და ნატოს ურთიერთობაზეც იქნება დამოკიდებული. რამდენიმე ფაქტორი დავასახელეთ, უკვე ვთქვით, რომ შესაძლოა, აშშ-ს და მის ადმინისტრაციას დასჭირდეს გაცილებით უფრო აქტიური პარტნიორები, ნატო-ში ვიდრე ეს ძველი და ყავლგასული ევროპული ბიუროკრატიაა; შავი ზღვის უსაფრთხოებაზეც ვისაუბრეთ;

მესამე ფაქტორი შეიძლება იყოს რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობა და ამ შემთხვევაშიც არავინ იცის, მოვლენები რა კუთხით წარიმართება. მართალია, ტრამპმა თქვა, რომ სანქციები უნდა შენარჩუნდეს ყირიმთან დაკავშირებით და რუსეთი არის ნატო-ს მთავარი საფრთხე, მაგრამ ასევე მოვისმინეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკისა და მისი ხედვების განსხვავება რუსეთთან დაკავშირებით.

ასევე, ვიცით, რომ ტრამპს ჰყავს 80-იანი და 90-იანი წლების საყოველთაოდ ცნობილი მსოფლიოს არქიტექტორი ჰენრი კისინჯერი არაოფიციალურ მრჩევლად, რომელსაც ზოგიერთი ცნობით, ჩაბარებული აქვს რუსეთისა და ჩინეთის მიმართულება - მისი მიდგომაა, რომ აშშ-მ უნდა გადაანაწილოს მის ხელში მოქცეული გავლენის სფეროები და დადგა დრო, რომ ის პასუხისმგებლობა, რაც აშშ-ს აქვს, სამ დიდ სახელმწიფოზე - ამერიკაზე, ჩინეთსა და რუსეთზე უნდა გადაანაწილდეს.

მართალია, კისინჯერის ამ იდეას მომხრეები არ ჰყავს, მაგრამ თუ ტრამპმა ამ მიმართულებით დაიწყო ფიქრი, მაშინ, შესაძლოა, იყოს ლაპარაკი ამ ქვეყნებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებაზეც. ამ შემთხვევაში, საინტერეოა, სად მოხდება საქართველო.

გარდა ამისა, ამერიკამ უნდა გათვალოს, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში მოყოლებული ცენტრალური აზიიდან; არის ირანი, აზერბაიჯანი, რომელმაც ბოლო წლებია, დაკარგა აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი; თურქეთი, რომელიც საოცრად არაპროგნოზირებადია და მზარდია წინააღმდეგობა ქურთული საკითხის გამო ამერიკასა და თურქეთს შორის.

ასეთ ფონზე, საქართველო, თუნდაც ამ ტიპის გადანაწილებისას, შეიძლება, აღმოჩნდეს ამერიკისთვის დათმობილი თუ მისი კუთვნილი პარტნიორი. არავინ იცის, როგორ და რა დროს შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ჩვენს სასარგებლოდაც შემოტრიალდეს.

არის სხვა ალბათობაც - ჩვენც და რუსეთსაც გვიახლოვდება 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და არ არის გამორიცხული, რომ პუტინმა კვლავ „მსხვილი კუში“ მოხსნას - მაღალი პროცენტით გაიმარჯვოს არჩევნებში და კიდევ ერთხელ მოინდომოს დასავლეთისთვის ჭკუის სწავლება, წავიდეს ავანტურაზე და ისე როგორც 2008 წელს ამჯერადაც საქართველო იყოს მსხვერპლის როლში.

ვერც ერთი ვერსია ვერ გამოირიცხება - ვერც სიტუაციის დადებითი განვითარების შანსი და და ვერც უარყოფითი განვითარების. თუმცა ვფიქრობ, რომ უარყოფითი განვითარების რესურსი გაცილებით დაბალია, ვიდრე მოვლენათა დადებითი განვითარების.

რამ შეიძლება შეუშალოს რუსეთს ხელი, რომ მორიგ ავანტურაზე არ წავიდეს? - ფაქტია, სანქციებმა და განცხადებებმა დასავლეთის მხრიდან მისი პოლიტიკა არ შეცვალა... არსებობს რაღაც სხვა ბერკეტი?

- ერთადერთი ბერკეტი, რომელიც არის მსოფლიოში ეს ტრამპია, ნატო-ს სამიტმაც გვაჩვენა, რამხელა განსხვავებაა ტრამპსა და ევროპის გულარხეინ ლიდერებს შორის. საინტერესო ფოტოები გავრცელდა, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, რაც ძირითადად, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერების გულარხეინობას უსვამს ხაზს.

არ დაგვავიწყდეს, რომ სამიტი ჩატარდა სულ რაღაც ორ დღეში, ბრიტანეთში მომხდარი მასშტაბური ტერორისტული აქტიდან. იმის ნაცვლად რომ ეს ხალხი გონს მოეგოს და ერთიანი, ტერორიზმთან გამკლავების, რეალური სტრატეგია შეიმუშავოს შუაგულ ევროპაში და დაფიქრდეს, რას უქადის „შინნაზარდი“ მზარდი ტერორიზმი - უცხო ქვეყნიდან ხომ არ შესულა ტეროროისტი - ის ემიგრანტების ოჯახიდან იყო, არავითარ ზომებს არ მიმართავს, თუმცა, ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებშიც ფეხს იკიდებს ტერორიზმი.

სრულიად არაადეკვატური და შეუსაბამოა ევროპელი ლიდერების ქცევა და მიდგომები. შესაბამისად, თუ ერთი მიმართულებით ხდება ასე, რუსეთთან მიმართებაშიც არაადეკვატურები არიან. ვფიქრობ, ეს არის მთავარი საფრთხე. დღეს ევროპას რომ ერთიანი პოზიცია ჰქონდეს, ვინმეს განეიტრალება პრობლემა არ იქნებოდა. პუტინს გასდის იმასთან, ვინც ამის უფლებას აძლევს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი ევროპული პოლიტელიტა ერთ ქვაბშია მოსახარში.

მაკრონის ჩათვლით?

- ის ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ დანარჩენებს რაც შეეხება, აბსოლუტურად არაშემოქმედებითი მიდგომებით არის დაღდასმული დღევანდელი ევროპული პოლიტიკური ელიტა - სრულიად უხერხემლოები არიან - პუტინის შემტევ პოლიტიკას მხოლოდ და მხოლოდ უკანდახევით ან ყოვლად უმაქნისი სანქციებით პასუხობენ.

თუ ტრამპმა რადიკალურად არ შეცვალა მიდგომები რუსეთთან, მაშინ სულ არ დასჭირდება რუსეთს საქართველოსთან ომი, ისე უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად გაავრცელებს თავის გავლენას.

მაგრამ აქ მთავარი საიმედო მომენტი არის ტრამპისა და პუტინის ნატურები. ანუ ის ჟესტი, თუ როგორ გამეტებით ჰკრა ხელი ტრამპმა მონტენეგროს მეთაურს იმისთვის, რომ გზა გაეთავისუფლებინა - ეს სწორედ ამ სამიტის ფარგლებში მოხდა - ეს ზოგადად, ტრამპის ხასიათისა და მისი მართვის სტილის ხელწერაა. ასეთი ტიპის მმართველები სხვა მისნაირს პოლიტიკაში - ანუ სხვა ალფას, ვერ აიტანენ - ის უნდა იყოს ყველას და ყველაფრის მბრძალებელი. შესაბამისად, რომელიმე მათგანს მოუწევს უკანდახევა და დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იყოს პუტინი - თუ ტრამპი მანამდე არ მოინელა ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა. საინტერესოა, როგორ დამთავრდება გაცხარებული ბრძოლა ტრამპის წინააღმდეგ. დღეს ტრამპი ორ ფრონტზე იბრძვის, ქვეყნის შიგნით - ამერიკის ძველ პოლიტიკურ წრეებთან და ქვეყნის გარეთ, დრომოჭმულ ევროპულ ბიუროკრატიასთან, რომელიც ამ სამიტზე მარტივად ჩასვა ჩოქმბჯენში.

თუმცა ვნახოთ, რაზე იქნება ლაპარაკი დიდი შვიდეულის სამიტზე, იქნება თუ არა არსებითი სიახლეები. ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, თუმცა დღეს გაცილებით ნაკლები ალბათობაა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისა, ვიდრე იყო 2008 წელს.

ამის გარდა, არის კიდევ ჩინეთის ფაქტორიც, რომელთანაც სულ ახლახანს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რომელიც უზარმაზარი ინვესტიციების ჩადებას აპირებს საქართველოში. ასევე გასათვალისწინებელია ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი გზა - ერთი სარტყელი“, რომელიც ეკონომიკური გავლენების გაფართოებას ითვალისწინებს მთელ მსოფლიოში.

ამ პროექტის ერთ-ერთი მიმართულება შეიძლება, სავარაუდოდ, საქართველოც გახდეს. საუბარია პროექტზე, რომელშიც ჩინეთი 5 ტრილიონი დოლარის ჩადებას აპირებს და ის დაქსელავს სარკინიზგო, საგზაო და საპორტო მაგისტრალებით სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკისა და ევროპის 60-ზე მეტ ქვეყანას.

მეორე მხრივ, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთს რუსეთთან...

- თუკი საქართველოს სტაბილურობა ჩინეთის ინტერესშიც ჩაჯდა, ეს ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ რუსეთს კარგად მოუწევს დაფიქრება, სანამ ჩინეთის ინტერესების წინააღმდეგ წავა საქართველოში. რუსეთმა შეიძლება, ნაკლები ანგარიში გაუწიოს ამერიკისა და ევროპის ინტერესებს კავკასიაში, ვიდრე ჩინეთის ინტერესებს, რომელიც მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგივე, ეკონომიკური თვალსაზრისით.

ასე რომ, შესაძლოა, ჩინეთის სახით საქართველომ შეიძინოს კიდევ ერთი მეგობარი და მოკავშირე, თუ გონივრულად ვიმოქმედებთ, იმ დათქმით, რომ აშშ და ევროპის თანამეგობრობა საქართველოს უპირველეს პარტნიორად დარჩება.