„რუსული აგრესიის მსხვერპლი, შესაძლოა, ყაზახეთი და ბელორუსიც გახდეს“

„რუსული აგრესიის მსხვერპლი, შესაძლოა, ყაზახეთი და ბელორუსიც გახდეს“

ბრიუსელში ნატოს სამიტის მთავარი თემა იყო რუსეთი, რომელიც კიდევ უფრო აგრესიული გახდა. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე საერთშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ალიანსის ბიუჯეტზე ისაუბრეს. სწორედ თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით გააკრიტიკა შეერთბული შტატების პრეზიდეტმა ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ ეს ხარჯები უნდა გაზარდონ, რასაც ნატოს გენერალური მდივანიც ეთახმება.

ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს მომავალი ორიენტირებული უნდა იყოს ტერორიზმსა და მიგრაციაზე, ასევე რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ალიანსის აღმოსავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად და ფხიზლად. ეს საკითხი ალიანსის გენერალურ მდივანთან და ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან განვიხილე. ახალ საფრთხეებთან დაკავშირებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავისი ვალდებულებები თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ნატოს 28-დან 23 წევრი ამ დრომდე არ ხარჯავს იმდენს, რამდენის პირობაც დადეს და რამდენიც უნდა დახარჯონ საკუთარი თავდაცვისთვის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

იენს სტოლტემბერგის განცხდებით, ლიდერებმა შეხვედრაზე რუსეთზეც ისაუბრეს და თავდაცვის ხარჯების გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის აგრესიული ქმედებები დაასახელეს. ამ კონტექსტში კი გენერალურმა მდივანმა 2008 წლის რუსეთ-საქრთველოს ომი და ყირიმის ანექსიაც გაიხსენა.

„ბოლო ხანებში ვხედავთ რუსეთს, რომელიც უფრო აგრესიულია, მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების დასაშინებლად. ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში. ასევე თვალს ვადევნებთ მას მოლდოვასა და უკრაინაში, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციის პროცესის გაგრძელებით.

ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან მილიტარიზაციას რუსეთში და გვესმის რიტორიკა, რომელიც უფრო მკვეთრია, ვიდრე მანამდე. ნატო პასუხობს ამ ყველაფერს, თუმცა, საკმაოდ დაბალანსებულად, რადგან არ გვინდა კონფრონტაცია და ახალი ცივი ომი. თუმცა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ არსებობს გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო მზად არის დაიცვას თავისი ყველა მოკავშირე. სწორედ ამიტომ ვაგზავნით ჯგუფებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რუსეთზე, როგორც აგრესორზე და რუსულ პროპაგანდაზე გაამახვილა ყურადღება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, რომლის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში. მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ კიბერშეტევები და პროპაგანდა უსაფრთხოების დღის წესრიგის საერთო საკითხს და საფრთხეს წარმოადგენს.

„ნატო ბევრ რამეს აკეთებს კიბერუსაფრთხოების და უშიშროების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი. რაც შეეხება პროპაგანდას, ვიცით, რომ არის დიდი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუნდაც ევროპის ქვეყნების პარლამენტებზე. ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია პროპაგანდის წინააღმდეგ. რუსეთის მხრიდან რომ ფინანსდება ევროპული პარტიები, ამასთან დაკავშირებით რეზოლუცია იყო მიღებული“, - აღნიშნა პაოლო ალიმ.

მისივე თქმით, პროპაგანდა ზემოქმედებას ახდენს უფრო იმ ქვეყნებზე, რომელიც ახლოს არის რუსეთთან.

„ეს არის საერთო, ზოგადი საფრთხზე. ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად ბჭობს ამ საკითხზე - ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტებში, პარტნიორ, დამკვირვებელი ქვეყნების პარლამენტებში. ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს მხედველობაში მიღებული ეროვნულ დონეზე. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კიბერშეტევები და პროპაგანდა უსაფრთხოების დღის წესრიგის საერთო საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა პაოლი ალიმ.

რაც შეეხება მოლდოვას, როგორც ცნობილია, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მისთვის ნატოში ქვეყნის შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. პრეზიდენტი თვლის, რომ მოლდოვას არ სჭირდება ნატო-ს ოფისის გახსნაც, რადგან მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა.

„ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის ვამბობ, რომ არსებობს სამი ან ოთხი რამ, რაც მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს: ეს ჩვენი სახელმწიფოს - მოლდოვის შენარჩუნებაა; მეორე - ეს ჩვენი ნეიტრალიტეტია, ნატო კატეგორიულად მიუღებელია; მესამე - მნიშვნელოვანია ჩვენი მართლმადიდებლობა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ საკითხს მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს. ევროპული ღირებულებები, რომელთა თავსმოხვევას სხვადასხვა გზით ცდილობენ, მოლდოვას არ სჭირდება“, - აღნიშნა იგორ დოდონმა.

მოლდოვის მსგავსად კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოებას არ ჩქარობს, რისი ძირითადი საფუძველიც რუსეთია, ეს არის საქართველოს მეზობელი და უახლოესი პარტნიორი აზერბაიჯანი. შესაბამისად, როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, საქართველო ორი სტრატეგიის წინაშეა: პირველი - რუსეთის რეაქციის შესაძლო აგრესიის ანგარიშგაწევა და მეორე - ამ შესაძლებლობების მიუხედავად დასავლეთისკენ სწრაფვა, რომლის ყველაზე მკაფიო განსახიერება, სწორედ, რომ საქართველოა.

„არის თუ არა რისკი? - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი უკვე გახლავთ საქართველოს მიმართ აგრესორი სახელმწიფო, მისი ტანკები დგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მას საქართველოს დასჯისთვის ინტერვენცია არც დასჭირდება, მას შეუძლია ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან დაარღვიოს საქართველოს ცხოვრების რიტმი.

ამას ემატება ეკონომიკიური შესაძლებლობები და მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომის მერე სტრატეგიულ ობიექტები გადასცეს რუსეთს. ფაქტიურად, დღეს ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის კონტროლის ქვეშ არის. ამ ჩამონათვალას იმიტომ ვაკეთებ, რომ შეიარაღებული შემოჭრა აუცილებლობას არ წარმოადგენს იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები შეექმნას რუსეთის მხრიდან. რუსეთის მილიტარული მზადება ყველაზე ნაკლებად უკავშირდება საქართველოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამხედრო ძალებით შეჭრა, გახდა იმის მიზეზი, რომ ცივილიზებული სამყაროს მხრიდან რუსეთი აღიქმება აგრესორად, რაც საყვარელიძის განცხადებით დადასტურდა ბრიუსელში ნატოს სამიტზე, სადაც საუბარი იყო არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოზეც.

„სამიტზე ითქვა, რომ რუსეთმა, როგორც აგრესორმა ნიღაბი აიხადა 2008 წელს. მაგრამ ყოველივე ამ ფონზე დამატებითი ძალისხმევა განახორციელოს საქართველოს მიმართ, უფრო გაამწვავებს რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას დასავლეთის მხრიდან. ამიტომ, არა მგონია, რომ რუსეთის წავიდეს ამ ნაბიჯზე.

იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული სურათი იცვლება მსოფლიოში, ნელ-ნელა კლებულობს ნავთობპროდუქტების გავლენა და ნელ-ნელა ალტერნატიულ ფორმებზე გადადის მსოფლიო, ამ ფონზე რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და რაც მთავარია, მძიმე პერსპექტივის მქონეა.

ამ ფონზე რუსეთისთვის უკვე სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები თითქოს რაოდენობრივად ძალიან დიდი არ არის, რუსეთისთვის შეიძლება საგრძნობი იყოს. ამიტომ, დასავლეთის თვალში კვლავ აგრესორად გამოვლენა, რასაც მოჰყვება სანქციების გაძლიერება და ახალი პუნქტების დამატება, რუსეთისთვის ძალიან წამგებიანია. ამიტომ, არა მგონია, რომ რუსეთის გეგმაში იყოს სამომავლოდ საქართველოზე და უკრაინაზე თავდასხმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკური საბჭოს მკვლევარი ზურაბ აგლაძე ფიქრობს, რომ მართებულია თავდაცვის ხარჯების გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად რუსეთის აგრესიული ქმედებების დასახელება, რადგან არავინ იცის, რუსეთი რას და როგორ მოიმოქმედებს.

„მიხარია, რომ ევროპის სახელმწიფოებმა და ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაინახეს რუსეთის რეალური სახე, იმ აგრესორის სახე, რომელთანაც დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს. სასურველი იყო, რომ უფრო ადრე მომხდარიყო. იმედია ასე გააგრძელებენ და არ შეჩერდება ეს პროცესი. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც აგრძელებს თავის ტერორისტულ საქმიანობას და სწორდ ამ საფრთხის ფონზე განიხილეს რუსეთი როგორც მთავარი საფრთხე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძე.

მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდისა და აგრესიის შესაჩერებლად საკმაოდ დიდი თანხები აქვს გამოყოფილი ევროკავშირს, მათ შორის ამერიკას, ასევე გერმანია ზრდის თავდაცვის ხარჯებს, ეს ყველაფერი აგლაძის შეფასებით, ქმედითი ნაბიჯებია, რომელიც შედეგს მოიტანს. როგორც აგლაძე ამბობს, ამ შემთხვევაში საქართველომ რუსეთს უნდა დაუპირისპიროს მეტი თანამშრომლობა დასავლელ პარტნიორებთან, მეტი რეფორმები და ეკონომიკური წინსვლა.

„რუსეთის აგრესია ემუქრება იმ ქვეყანას, ვისაც ჩათვლის საჭიროდ და რომლის მიმართ დასჭირდება აგრესია, რომ მიიპყროს დასავლეთის ყურადღება და სავაჭროდ გაუხადოს ეს თემა. ამიტომ, ძნელია განსაზღვრო, რომელი ქვეყნის მიმართ შეიძლება მას აგრესია გაუჩნდეს, ისევე როგორც თავის დროზე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი შეიძლებოდა უკრაინაში შეჭრილიყო, ან ყირიმის ანექსია მოეხდინა.

ეს ფაქტი ნათლად გვაჩვენებს იმას, რომ შეუძლებელია განსაზღვრო რუსეთის ნაბიჯები და თქვა, რომ შეიძლება ეს ქვეყანა იყოს აგრესიის მსხვერპლი. ნებისმიერი შეიძლება იყოს, მთავარია ამ შემთხვევაში რუსეთს ვინ დასჭირდება მსხვერპლად, აქედან გამოდინარე გადადგმას ნაბიჯებს. სხვათა შორის, ეს შეიძლება იყო ყაზახეთიც და ბელორუსიც. რუსეთი აგრესიას გამოიჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში დასჭირდება მსხვერპლად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.