ვალერი გორგილაძე:

ვალერი გორგილაძე: "ნარმანიას შესაძლო გენერალურ აუდიტორობაზე ლაპარაკიც კი შეცდომაა!"

"ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა სუვერენიტეტის გაძლიერებაა. ნაწილობრივ ამის გადაწყვეტის გზა ნატოში გაწევრებაა, თუმცა ამასაც თავისი რისკები ახლავს. ამავე თვალსაზრისით საჭიროა ჩვენი აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეების ღრმა ინტეგრაცია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში. ეს ყველაფერი იწყება განათლებით, - სწორედ კულტურული ინტეგრაციით უნდა დაიწყოს ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვა. თუმცა, პრობლემად მეჩვენება ის, რომ აჭარაში თურქულმა კაპიტალმა ძალიან გაიდგა ფესვი. ლიბერალები, ალბათ, იტყვიან, საშიში არაფერიაო, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მით უფრო, თუ ისტორიულ გამოცდილებას გავიხსენებთ. ეს ყველაფერი რისკებია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ვიმეორებ, ხელისუფლების მთავარი ამოცანა საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებაა!" - აცხადებს ექსპერტი ვალერი გორგილაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არც ფარცხალაძეს ვენდობი და არც თორდიას, მაგრამ..." / "ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზიები სცდება მას და ვრცელდება მერიაზეც, შესაბამისად, ამ ვითარებაში ნარმანიას შესაძლო გენერალურ აუდიტორობაზე ლაპარაკიც კი შეცდომაა!" / "ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება საქართველოში, ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს ატლანტიკური სივრცის ინტერესის ობიექტს".

"რუსეთისთვის ნატოს მიახლოება მის საზღვრებთან მართლაც წითელი ხაზია და კრემლმა არაერთხელ დაანახა დასავლეთს, ამ ხაზების დარღვევის საფრთხისას რა ხისტად რეაგირებს. ეს ვნახეთ მოლდავეთში, უკრაინაში, საქართველოში... მით უფრო გასათვალისწინებელია, რომ საქართველო კავკასიაში ნატოს ერთადერთი დასაყრდენია, რაც საფრთხეს რუსეთიდან კიდევ უფრო ზრდის, რა თქმა უნდა, ფრთხილი პოლიტიკაა საჭირო, რუსეთისთვის ფორმალური მიზეზის მიცემაც კი საფრთხეს უკავშირდება. აუცილებელია დიალოგი რუსეთთან და მისი პერმანენტულად დარწმუნება, რომ ნატოში საქართველოს გაწევრება საფრთხეს არ შეუქმნის - ვიცი, რომ ამას კრემლში ნაკლებად გაიზიარებენ, მაგრამ მუშაობა მაინც საჭიროა. ნაკლებად უნდა ხდებოდეს ჩვენი ნატოსთან ურთიერთობის აფიშირება და პოლიტიკური დეკლარაციების კეთება. ხანდახან განცხადებებით ძალიან ვუსწრებთ მოვლენებს...", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი გორგილაძე.

"ნატოში გაწევრება დიდწილად ნიშნავს იმუნიზაციას. გვაქვს ტერიტორიული პრობლემები და მესამე მხარეს ყოველთვის შეუძლია ეს გამოიყენოს. სხვათა შორის, სულაც არ არის აუცილებელი, ეს მესამე რუსეთი იყოს, რადგან შეიძლება რეგიონში დესტაბილიზაციით დაინტერესებული არაერთი მოთამაშე გამოჩნდეს. ძალიან კარგია ისიც, რომ ბოლო დროს ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობით ჩინეთი დაინტერესდა და ეს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს იძლევა. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაზე, იმაზე, თუ როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი. ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება საქართველოში, ნიშნავს, რომ საქართველო რეალურად წარმოადგენს ატლანტიკური სივრცის ინტერესის ობიექტს და ნატოსკენ სწრაფვა ეს მხოლოდ საქართველოს სურვილი არ არის. არ გამოვრიცხავ, საქართველოს როლი რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდოს, განსაკუთრებით კონფლიქტების მოდერაციის მიმართულებით. გასაგებია, რომ ჩვენ ჩვენი კონფლიქტები გვაქვს მოსაგვარებელი, თუმცა, ჩემი აზრით, მათი მოგვარება მხოლოდ ნატოში გაწევრების შემდეგ მოხერხდება. მოკლედ, ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, რომ ეს საფრთხეებს ბუნებრივად წარმოქმნის, ამიტომაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ჩვენი სპეციალური სამსახურების გაძლიერება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"როდესაც პოლიტიკურ სისტემას თავისი ბიუროკრატიით, ექმნება საფრთხე რიგითი მოქალაქისგან, რომელიც მისი წევრი აღარ არის, ხელისუფლების დიდი პრობლემაა. საზოგადოება საფუძვლიანად ეჭვობს, რომ ამ სუბიექტს სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტები აქვს და ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება. ამასთან, ისე ჩანს, რომ ფარცხალაძის ხელთ არსებული ბერკეტები ისეთი ძლიერია, რომ მას შეუძლია, დაჩაგროს ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ფარცხალაძეს ვენდობი და არც თორდიას, მაგრამ ის, რასაც ვადევნებდით ბოლო დღეებში თვალს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის მიზანმიმართულად გავრცელებას, რომელიც ამ კონფლიქტთან საერთოდ არ არის კავშირში, მაფიქრებინებს, რომ სისტემა კვლავ არაკანონიერად და არაფორმალური გავლენებით მუშაობს და ეს საგანგაშოა", - დაასკვნის ექსპერტი.

"რა ვნახეთ ამ დღეებში? - თანამდებობის პირის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა; არასაკმარისი არგუმენტაცია ბრალდებებზე; "არაფორმალური გავლენების" გამჟღავნება... - ეს ყველაფერი ხელისუფლებას შეიძლება დიდ თავსატეხად ექცეს, რადგან თუ დროულად არ გაჩერდა პროცესი, ამას აუცილებლად ექნება მზარდი დინამიკა. ჩემი აზრით, რაც დღეს ქვეყანაში სწორად ხდება - ქვეყანა ვითარდება, არის ზრდა ეკონომიკაშიც, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, - არ მინდა, ეს ყველაფერი შეეწიროს ასეთ ექსცესებს, ვინაიდან ამგვარ ფაქტებს დაგროვების და ერთ დღეს აფეთქების ეფექტი ახასიათებს... რა გამოდის, გარკვეული არაფორმალური ჯგუფი ერევა სამთავრობო მნიშვნელობის პროცესებში და შეუძლია მისი მართვა, რაც პირდაპირ ურტყამს სახელისუფლებო სისტემას, რომელიც დარტყმებს სათანადოდ ვერ იგერიებს. ამასთან, როდესაც გადაჯგუფება ხდება სახელისუფლებო სტრუქტურების მიხედვით, ეს ქმნის შიდასახელისუფლებო ანკლავებს და ძალიან სახიფათოა, მით უფრო, თუ ეს სახელისუფლებო სისტემა გარედან იმართება, რისი ეჭვიც ფარცხალაძის შემთხვევაში საფუძვლიანად გაჩნდა", - ამბობს ვალერი გორგილაძე.

"ის, რომ დავით ნარმანია შესაძლოა აუდიტის ხელმძღვანელად მოგვევლინოს, კიდევ ერთი შეცდომაა! "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას ელიტური კორუფცია შენიღბული იყო შედარებით დაბალ დონეებზე მასობრივი კორუფციის განადგურებით და გარდა ეკონომიკური სარგებლისა, მას ხელისუფლებისთვის პოლიტიკური სარგებელიც მოჰქონდა. ნარმანიას ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, - ის პირადად არანაირ კორუფციულ გარიგებებში არ მონაწილეობს, მაგრამ არ გამოვრიცხავ სისტემაში, რომელსაც ის მთელი ორი წელი, ფაქტობრივად, ვერ აკონტროლებდა, ამგვარი კორუფციული გარიგებები არაერთი იყოს. ფარცხალაძესთან დაკავშირებული პრეტენზიები სცდება მას და ვრცელდება მერიაზეც, შესაბამისად, ამ ვითარებაში ნარმანიას შესაძლო გენერალურ აუდიტორობაზე ლაპარაკიც კი შეცდომაა!" - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "გასული კვირის სკანდალად იქცა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის დაკავება. როგორც ირკვევა, თურქეთის მთავრობა ტერორისტად გამოცხადებულ გიულენთან კავშირის გამო ითხოვს მის გადაცემას.." - პასუხობს:

"ისევ უნდა დავუბრუნდე სუვერენიტეტის საკითხს. ეს მახსენებს დიდგორის გამარჯვების თარიღის დასვენების დღედ გამოცხადების თაობაზე ამასწინანდელ სკანდალს. ასეთი დაბნეული ბატონი ქანთარია არ მინახავს, როდესაც ხმის კანკალით აცხადებდა, თურქეთის საელჩოდან დაგვირეკესო, გვთხოვესო და ა.შ. როცა სხვა ქვეყანა ბედავს და გკარნახობს, რა თარიღი აღნიშნო და რა არა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უხერხულია. ისტორიის ინტერპრეტაცია შენი სუვერენული უფლებაა და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს... საგანგაშო და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია, მოიქცეს ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს. ჩემი აზრით, არასწორი იქნება, საქართველომ საერთოდ რომელიმე ქვეყანას გადასცეს დაკავებული პირი, თუ ის განსაკუთრებით საშიშ დანაშაულში არ იქნება ბრალდებული და ბრალდება მაქსიმალურად არ იქნება მტკიცებულებებით გამყარებული. ეს ყველაფერი ქვეყნის პრესტიჟს მნიშვნელოვნად დააზიანებს".