უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქართული მიწების დასაცავად კონსტიტუციის დონეზე საჭიროა მკვეთრი ჩანაწერი, რომ უცხოელებზე ქართული მიწის გასხვისება იყოს შეზღუდული. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ქართული მიწების გაყიდვა მერვე მოწვევის პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ გუნდმა შეაჩერა, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.
for.ge დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.
ამბობთ, რომ ქართული მიწების დასაცავად კონსტიტუციის დონეზე საჭიროა მკვეთრი ჩანაწერი. რას გულისხმობთ, რა ჩანაწერი უნდა შევიდეს კონსტიტუიაში? ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია, რითაც „დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინტერესები“...
დიმიტრი ხუნდაძე: დავიწყოთ იქიდან, რას წარმოადგენს მიწა და რას წარმოადგენს მიწა ჩვენთვის - ამაში პრინციპული სხვაობა არის. მიწა, წარმოადგენს სულიერ, კულტურულ, რელიგიურ, ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკოლოგიურ და ბოლოს უკვე ეკონომიურ ფენომენს. ანუ, მიწა არ წარმოადგენს მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს. ჩვენი ქვეყნისათვის მიწა არის სტრატეგიული მნიშვნელობის და განსაკუთრებით სასაზღვრო ზოლი, რომელიც ბოლო წლების დაკვირვებით, არის დაცლილი - განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლები და ვფიქრობ, სასაზღვრო ზოლს მესაზღვრეზე უკეთესად იცავს ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენ მხოლოდ ეკონომიკით არ ვცხოვრობთ. მრავალი მაღალი რისკის საკითხები გვაქვს, რაც დაკვირვებას და სიფრთხილეს მოითხოვს. მაგალითად, სოციალური ფონი, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, აქტიური დაბერების პროცესი, რაც შესაბამისად, სამუშაო ძალის სიმცირეს განაპირობებს და ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება.
საქართველოს ოკუპირებულ რეგონებში მიწის გასხვისების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროცესია, რადგან აქტიურად მიდის მიწის გასხვისების პროცესი, რასაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებს...
- სწორედ ამიტომ ვახსენე ოკუპირებული ტერიტორიები და ვფიქრობ, საყურადღებოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, როცა მიწის გასხვისება ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რასაც ჩვენ, დღეს ვერ ვაკონტროლებთ. ამავე დროს, მიწა არის სასურსათო უსაფრთოების ქონება, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის წინაპირობაა და რას ვგულისხმობ ამაში - ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ დავუშვათ, რომ საქართველო აწარმოებს ომს რომელიმე ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ომს აქვს თავისი წესები, უსაფრთხოების აუცილებელი გარანტიები უნდა ჰქონდეს ქვეყანას და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანამ უნდა შეძლოს საკუთარი მოსახლეობის გარკვეული პერიოდით გამოკვება. საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა და მისი გასხვისების შემთხვევაში დიდი ეკონომიკური შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის კი ქართულ მიწას ძალიან მაღალი ფასი და დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე მნიშვნლოვანია, რომ 80-იანი წლებიდან სასოფლო სამეურნეო სავარგულების კადასტრი არ ჩატარებულა და პრაქტიკულად, არც ვიცით, რა რესურსი გაგვაჩნია. ფაქტობრივად, ჩვენ არ ვიცით რას ვყიდით, რა ფასად და რატომ? ჩვენ არ ვიცით რა ღირს ჩვენი მიწა.
არ იზიარებთ პოზიციას, რომ მიწის გაყიდვა ეკონომიკურ ეფექტს აძლევს ქვეყანას?
- არა. ის, რომ მიწის გაყიდვა საქართველოში დიდ ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს, მინიმუმ, არასწორია, რადგან ეს არ არის ინვესტიციატევადი დარგი და ის ვერ იქნება ეკონომიკაში დიდი თანხის მოზიდვის საშუალება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა.
ანუ, მიგაჩნიათ, რომ ერთი მხრივ დაცული უნდა იყოს ეკონომუკური ინტერესები, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელია საერთო ეროვნული სუვერენიტეტიდან გამომდინარე იმოქმედოს ქვეყანამ?
- რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, მიწის გაყიდვა საქართველოში დიდი ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოგვცემს, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით, ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფულადი ერთეულებით ამის შეფასება. ჩვენთან სოფლის მეურნეობა არ არის დიდი მასშტაბების, ამიტომ ვერ იქნება ეკონომიკაში დიდი თანხის მოზიდვის საშუალება. რაც შეეხება უცხოელებზე მიწის მიცემას, ეს დასაფიქრებელია. ჩვენ ინვესტიციებს ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკუთარი მიწების გაყიდვა ხელაღებით არ უნდა დავუშვათ.
რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ინვესტიციებს ხელი არ უნდა შევუშალოთ, მაგრამ საკუთარი მიწების გაყიდვა ხელაღებით არ უნდა მოვახდინოთ?
- კონსტიტუციაში უნდა იქნას მკვეთრი ჩანაწერი და შეიძლება შემდეგ უკვე გარკვეული რეგულაციებით ორგანულ კანონში დარეგულირდეს, რა ფორმით შეიძლება უცხოელზე მიწის მიცემა. შეიძლება ეს იყოს გრძელვადიანი იჯარით, ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობის შემთხვევა. ეს რეგულაციები და პროცესები უნდა იყოს დემოკრატიული, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა იყოს დაცული. დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ მიწა, არამედ აკვატორიაც, მე ასე მგონია.
არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც ასე უკონტროლოდ ყიდის საკუთარ მიწას. მაგალითად, ევროკავშირის წევრმა არაერთმა ქვეყანამ უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე 10, 12,14 წლით მორატორიუმი გამოაცხადა. მაგალითად, ბულგარეთი არის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, სადაც დღემდე მოქმედებს მორატორიუმი. ისინი თვლიან, რომ ეს ეწინააღმდეგება ბულგარეთის ეროვნულ ინტერესებს. მით უმეტეს ჩვენი რეგიონიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, მიწას არა მხოლოდ ფულადი, არამედ სტრატეგიული ღირებულება გააჩნია.
თქვენი პოზიცია, რომ კონსტიტუციაში მკვეთრი ჩანაწერი უნდა არსებობდეს, ეს განწყობა არის გუნდშიც?
- უმრავლესობაში დეპუტატებისგან ხშირად მესმის, რომ ქართული მიწის ხელაღებით გაყიდვა არ შეიძლება. ვინც სხვანაირად ფიქრობს, მე მიმდა მათაც შევახსენო, რომ საქართველოს მიწა მხოლოდ ჩვენი თაობის საკუთრება არ არის. ის არ შეუქმნია მხოლოდ ჩვენს თაობას, ქართული მიწა ეკუთვნის ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც აქამდე მოიტანეს და ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენს ერს ამის მყარი გარანტიები სჭირდება. ვფიქრობ, რომ ამაზე ყველა თაობამ უნდა იზრუნოს და აიღოს პასუხისმგებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა თქვენი პოზიციის გაზიარება და კონსტიტუციაში არ ჩაიწერა, რომ ქართული მიწა უცხოელზე არ გაიყიდება, ასეთ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილების მიღებისას უმთავრესი იქნება ქვეყნის ინტერესები. საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, შესაბამისად, ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, იქნება მყარი. იმედი მაქვს, რომ ჩემი განსაკუთრებული პრინციპულობა არ იქნება საჭირო, რამეთუ, ამ პოზიციაზე მარტო მე არ ვარ. გუნდში ანალოგიური დამოკიდებულებაა, რაც ვფიქრობ, განაპირობებს იმას, რომ ამ მიმართულებით კონსტიტუციაში იქნება ამგვარი ჩანაწერი, რომ უპირატესად გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო ინტერესები.
მჯერა, რომ ჩემი გუნდი კონსტიტუციაში გააკეთებს მკვეთრ ჩანაწერს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მიწა არ გაიყიდება და განსაკუთრებულ შემთხვევებში დარეგულირება მოხდება ორგანულ კანონში.
მაგრამ თუკი არ მოხდა ეს ჩანაწერი?
- ასეთ შემთხევაში პრინციპული ვიქნები.