შრომის ინსპექციას სანქციების დაწესების უფლება ეძლევა

შრომის ინსპექციას სანქციების დაწესების უფლება ეძლევა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექციას მიენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს. როდის დამტკიცდება ახალი ნორმები ჯერ ცნობილი არ არის. კანონპროექტი ჯერ პარლამეტშიც არ გადაგზავნილა. სავარაუდოდ საკანონმდებლო ორგანოში მის განხილვას მსხვილი ბიზნესის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.

ახალი კანონპროექტი მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. მისი მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია.

პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა დაადგენს.

კანონპროექტი შრომის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

„შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არა ერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან და მას მხარს ვუჭერთ“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა. ამასთან, ის ამბობს, რომ ასეთი ორგანოს შექმნას დასჭირდება გარკვეული დრო.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანა უნდა მივიდეს ისეთ სტანდარტამდე, სადაც ერთი მხრივ, დაცული იქნება შრომის უფლებები, მეორე მხრივ, არ დაზარალდება დამსაქმებლის ინტერესი. ამ მხრივ ბალანსის დაცვა საკუთარ თავზე ნაწილობრივ შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს.

„სახელმწიფო რომც არ აწესებდეს სტანდარტს, დამსაქმებელს გააჩნია დაუწერელი, ჰუმანური ვალდებულება, საკუთარი თანამშრომლები ისეთ პირობებში ამუშაოს, რომ არ დაზარალდეს მათი ღირსება, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ ფონზე შრომის ინსპექციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია. დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა ტრადიციულად არის დილემური, პრობლემური საკითხი, რომელიც არაერთხელ საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და რევოლუციურ პროცესებშიც კი გარდაქმნილა.

ვინ არის ის ადამიანი, ვინც ქმნის პროდუქტს? არის ის პროდუქტის შექმნის შემადგენელი ნაწილი, თუ არის ცოცხალი არსება, რომლის მიმართ როგორც ცივილიზებულ, როგორც ჰუმანურ არსებებს გვაქვს არა დამოკიდებულება, რომელიც მის ქმედებას კაპიტალის ფორმით აფასებს, არამედ გვაქვს ღირებულებითი დამოკიდებულება“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

დღევანდელი ფორმით მოქმედი შრომის ინსპექცია ვერ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და ვერც იმ გამოწვევას, რაც საქართველოში არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარი თორნიკე ჩივაძე ამბობს, რომ ამგვარი მექანიზმით შესაძლებელია მხოლოდ შედეგებთან ბრძოლა, რას საბოლოო ჯამში ვერ აღმოფხვრის სიკვდიალინობის ზრდას სამუშაო ადგილებზე:

„თუკი ჩვენ გვინდა გვქონდეს პრევენციული ზომები და ვებრძოლოთ მხოლოდ შედეგებს, არამედ ვებროძოლოთ მიზეზებს. საჭიროა საზოგადოებრივი კონტროლი. ეს აიძულებს დამსაქმებლებს მეტი ყურადღებით მოექცნენ დასაქმებულებს, იზრუნონ საწარმოს განახლებაზე, უსაფრთხოებაზე, ინფრასტრუქუტურის გაუმჯობესებაზე და ა.შ. არსებობს უამრავი კვლევა იმასთან დაკავშირებული, თუ როგორ უწყობს ხელს შრომის უფლებების გაუმჯობესება საწარმოების მწარმოებლურობის ზრდას“, - აცხადებს ჩივაძე.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მონაცემებით, 2007-2016 წლებში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 716 მძიმედ დაშავდა.