[ნანა მაისაშვილი]
„შოვინისტი“, „კომუნისტური ნომეკლატურშიკი“, „სკამის მოყვარული“... ასე ამკობენ რამდენიმე დღეა „ფეისბუქზე“ რობერტ სტურუას... კაცი რეჟისორი იყო ყოველთვის და არა ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრი და, რომელ სკამზე ედავებიან გაუგებარია. კომენტარებში ასეა - „სტურუა შოვინისტი იმიტომ არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა ქართველი იყოს და ამიტომ უკულტუროცაა“, - ეს კომენტარი ერთმა ისეთმა „კულტურულმა“ დადო, უზრდელური გამოხტომებისათვის, თავის დროზე, არც ერთ ტელევიზიაში არ გააჩერეს და ვარდების რევოლუცია რომ არა... ახლა ის ყოფილი ჟურნალისტი ძალიან „დონე“ გოგოა... „ეგეც დისიდენტი არ მყავდეს, რა“, - ესეც ერთ -ერთი კომენტარია. და ამ დროს ვიხსენებ „კავკასიური ცარცის წრეს“, „ყვარყვარე თუთაბერს“ და კიდევ ბევრ სპექტაკლს, სადაც რატომღაც პროტესტს ვერ ხედავენ ეს ადამიანები.
რას ნიშნავდა რობერტ სტურუას სიტყვები, რატომ გაიტაცეს და ცემეს ბესო ზანგური და როგორ აფასებენ ამ აჟიოტაჟს ხელოვანები?- პრესაგე.ტვ-ს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ესაუბრა:
- არ ვიცი ვინ შეაფასა სტურუა, არ ვიცი ვინ არიან ესენი, რა გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, საერთო საქმისთვის და ამათ როგორ უნდა ავყვე? რობერტ სტურუა ძვალივით რომ გაეჩხირათ ყელში, ეს ფაქტია. ვინ არის რობერტ სტურუა? ეს არის ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი, რომლისთვისაც „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ იყო ყოველთვის, მისი საქმე ამის დასტურია. ჭიაღუების შეფასებებზე რა გითხრათ აბა?
რომელი ერის შვილი გინდათ იყოს საქართველოს პრეზიდენტი?
- ერთ კითხვას დავსვამ - რა ქვია ქვეყანას სადაც ჩვენ ვცხოვროიბთ? საქართველო ხომ? ქართველთა სახელმწიფოს ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს თუ არა ქართველი? არა აქვს ადამიანს უფლება გამოთქვას მოსაზრება და სურვილი - ჩემს ქვეყანას მინდა ქართველმა უხელმძღვანელოს! რა არის აქ გაუგებარი? ინგლისელი, ან იტალიელი რომ იყოს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, რა მოსაწონი უნდა იყოს? არა მგონია...
იმ აჟიოტაჟის ფონზე რაც სტურუას განცხადებამ გამოიწვია რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისათვის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ ეს თემაა. ლამის გადაასახლონ სტურუა...
- სტურუას გვერდით იმდენი ქართველი დადგება... ასე იოლად მოსარევებიც არა ვართ... პანიკებზე და ისტერიებზე აყოლა არ ღირს. ნათლადაა ნათქვამი, მინდა ქვეყანა მართოს იმ ადამიანმა, ვინც ცნობიერებით და წარმომავლობით ამართლებს თავის ქართველობას. ქართველი რომ გვინდა გვყავდეს მმართველი, სურვილის გამოთქმაც გვეკრძალება?
როგორ აფასებთ მომხდარ ფაქტს, მხედველობაში მაქვს ბესო ზანგურის გატაცება და ცემა, მას შემდეგ, რაც იგი ღიად დაუპირისპირდა გიგა ბოკერიას ცოლს თამარ ჩორგოლეიშვილს და საჯაროდ დააფიქსირა რობერტ სტურუას მხარდაჭერა...
- ისიც ვთქვათ სად ვცხოვრობთ, ქვეყანა კი კარგია, მაგრამ ასეთი კბილთაღრჭენის დრო დაუდგა საქართველოს, თვალნათლივ ვუყურებთ ქვეყანა რომ ინგრევა და სხვა, თუნდაც მაღალმატერიებზე ლაპარაკი, ჩემი აზრით სისულელეა. ეს არის ძალიან მდაბიო, უნიჭო, დემაგოგიური ხანა, სადაც ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა და ძალის გამოყენებით უნდათ საქართველო დააჩოქონ... რაც შეეხება სტურუას დაცვას, ყველა მის გვერდით ვართ, ვისაც მეგობრების გაყიდვა არ ჩვევიათ, თორემ ამ ისტერიის შიშის გამო ზურგის შექცევა, ეს...
როდის იყო რობერტ სტურუა ნომეკლატურისტი, შოვინისტი და ასე შემდეგ, მაშინ, როცა „კავკასიური ცარცის წრე“ დადგა თუ ახლა?
- არ შეიძლება სტურუას სიტყვების გაგება ასე კრიტიკულად, არც მისი სპექტაკლების ყურება და აღქმა არ შეიძლება ასე ზედაპირულად. იმიტომ, რომ მისი ყველაზე დიდი დამსახურება არის მისი უნივერსალური აზროვნების მაღალი ხარისხი. მის უკან დიდი აზროვნებაა. სასომხეთში, აზერბაიჯანში, ინგლისში და სხვაგან, მას ყავს უდიდესი სამეგობრო, არასოდეს არ გაულანძღავს არავინ და თქვა კიდეც ბოლოსდაბოლოს, გამზრდელი ბიცოლა მყავს სომეხიო. რაც ხდება ეს უბრალოდ დემაგოგია, სიტყვაზე უნდათ გამოიჭირონ სტურუა და თქვენ როგორ გგონიათ სტურუას სიტყვაზე გამოჭერა იოლია? ის არ ლანძღავს არც სომხურ წარმომავლობას, არც სასომხეთს, ის ლაპარაკობს რომ უნდა ყავდეს ქართველი პრეზიდენტი.
უბრალოდ გეტყვით - არ მინდა მყავდეს ინგლისელი სიძე, არ მინდა თურქი რძალი და ეს იმას ნიშნავს რომ ვინმეს ვაგინებ? არც სომეხი მინდა სიძე, ებრაელების წესი გახსოვთ, ხომ? არ მინდა საქართველოს ყავდეს არაქართველი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ. პარლამენტში გვყავს არაქართველი დეპუტატები, ამბობს ვინმე რამეს?
მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ პრესაში დაიწერა, რომ ზურაბ ჟვანია სომხური წარმოშობის იყო და მაშინ, ჟვანიას მეზობლებმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, სადაც განაცხადეს, რომ ჟვანიას მამა ქართველი იყო. შეიძლება მალე სააკაშვილის მეზობლებმაც იგივე გააკეთონ... მსგავსი კომლექსების გამოვლინება, სომეხი ეროვნების ადამიანებითვის უფრო დიდი შეურაცხყოფა ხომ არ არის, ვიდრე ის, რომ მავანნი ასე აბუქებენ ამ ყველაფერს?
- ეს მიზეზია, რაღაცით უნდა გადაფარონ ბოლო დროს მიმდინარე პროცესები და ახლა ნებისმიერ შანსს გამოიყენებენ სათავისოდ, თუნდაც ამას ნაციონალურ ნიადაგზე კონფლიქტებიც კი მოყვეს. თბილისი სხვა ადგილია, აქაა სინაგოგა, მეჩეთი, სომხური ეკლესია... ამდენად ეს დაპირისპირება არ გამოუვათ. ეს საქართველოა, თბილისელები ასეთ სიტუაციაში სხვანაირად იქცევიან. ბოლოს და ბოლოს, ვინმე რომ მომდევს მე ჩემს ქართველობას ვიცავ. ვინც საქართველო გაყიდა, მათ შორის ქართველებსაც მოეკითხებათ პასუხი, ასე არაა?
ახალგაზრდობაში სომეხი დაჩაგრა ერთმა ქართველმა და დავიცავით და მაშინ ჩვენ წარმომავლობის გამო არ გადაგვიწყვეტია საკითხი, ჩვენ მართალ კაცს არასდროს ვჩაგრავთ. ამიტომ, ვიღაცამ ამ თემაზე რაღაც ააგორა ეს ძალიან პრიმიტიულია, რომელსაც დიდი დრო არ უწერია. ასეთ რაღაცეებზე ქართველობას ვერ წამოაგებენ, ზოგიერთ უვარგის ქართველს ნებისმიერი ეროვნების ადამიანი მირჩევნია. ვისაც კუჭი ეწვის და უნდა რაღაც ააგოროს და თან ისეთი ადამიანის წინააღმდეგ, როგორიც სტურუაა, არ გამოუვა.
სტურუას შემოქმედების გამო ხომ არ არის ხელისუფლება გაღიზიანებული?
- ხელისუფლება მწყრალადაა ბიძაშვილობაზე, საქართველოს სიყვარულზე, ნიჭიერებაზე და ხედავთ კიდევაც რა უნიჭობაზე იდება ფსონი, ჩართეთ ტელევიზორი, შეხედეთ აბა ნიჭის ნასახი თუ არის სადმე. უთავმოყვარეო ადამიანების ბალაგანია.
გამოდის, რომ ხელისუფლებისთვის ქართველობა პატრიოტთა ბანაკებში იწყება და მთავრდება და სტურუა „ჰამლეტს“ წარმატებით რომელ ქვეყანაში დადგამს სულ არ ადარდებს?
- საქართველო რითაც ამაყობს იმაზე ამბობს უარს ეს ხელისუფლება. ხელისუფლება უარს ამბობს ვაჟკაცობაზე, ისტორიულ წარსულზე, ლოცვაზე, ნიჭიერებაზე, სტურუა ეპიტნავებათ ახლა? ეს ბრძოლა მიდის... არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთია ტორტს შეჭამენ თუ ნეხვს - სხვაობა არაა მათთვის... უბრალოდ, კარგი ადამიანები სასოწარკვეთილებაში არიან ჩავარდნილები, რატომ დაემართა ეს ყველაფერი ქვეყანას, მაშინ, როცა თავისუფლად შეიძლებოდა წელში გავსწორებულიყავით და რატომ გადავდგით ნაბიჯი უკან.
ბოლოს და ბოლოს, რა უნდა ექნა სტურუას, 26 მაისს ორდენი აეღო? ეს უნდოდათ? და მაშინ კარგი იქნებოდა სტურუა? თუ ინდაურები აეღო საჩუქრად და კარგი კაცი იქნებოდა? ბუბა კიკაბიძეს მისცენ ინდაური და ორდენიც, არ უნდა სტურუას ამათი არაფერი... ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ ვის რა უნდა მიცეს და ვინ რაზე ყიდის ქართულ სულს, ვისი მოსყიდვა უადვილდებათ ესეც იციან და იმიტომ ბრაზდებიან. იმიტომ გიჟდებიან ყველას მოსყიდვა რომ ვერ შეძლეს...