საქართველოში ყოველთვის შემოდიოდა ნაავარიები ავტომობილები, მაგრამ ბოლო დროს ამას მასობრივი სახე აქვს. მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შეზღუდვამ ეს პრობლემა უფრო აშკარა გახადა. ამას დაემატა ფინანსური კირზისი და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება. ამიტომ დილერები ცდილობენ, რაც შეიძლება იაფად იშოვონ მანქანები საზღვარგარეთ და ამისთვის ყველა ხერხს მიმართავენ.
მას შემდეგ, რაც საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა პრაქტიკულად შეწყდა, ბაზარზე მოიმატა ამერიკიდან შემოსული ავტომობილების რიცხვმა, რომელთა 50%-ს საბუთში უწერია, რომ ეს არის junk, ანუ ჯართი.
„ესე იგი, ჩვენ, ქართველები, მეჯართეები ვყოფილვართ - შემოგვაქვს ჩამოწერილი, ჯართად ქცეული მაქანები და მერე ამ ჯართით დავდივართ“, - აცხადებენ ავტობიზნესით დაკავებული ადამიანები.
ფაქტია, საქართველოში საავტომობილო ბაზარი ახლებურ ტრანსფორმაციას განიცდის. კომპანია „ფორვარდერის“ ხელმძღვანელი დავით ჯეჯელავა, რომელიც სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებით არის დაკავებული, ამბობს, რომ ამერიკიდან მანქანები ადრეც შემოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იაპონური მანქანების შემოყვანა შეიზღუდა, ამერიკული მანქანების იმპორტი ძალიან გაიზარდა.
ცნობილი ფაქტია, რომ გასულ წელს საქართველოში იაპონური ავტომობილების დიდი რაოდენობა შემოვიდა. მათი მყიდველი სულ უფრო პასიურია. პორტში ზოგიერთი ავტომობილი თვეების განმავლობაში დგას:
„როდესაც პორტში დიდი რაოდენობით ავტომობილი გროვდება, ეს „ფორვარდერის“ ან ავტომანქანის მყიდველის ბრალია, რადგან ასეთი ავტომობილი დავალიანების ქვეშ იმყოფება. დღეს იაპონური მანქანები მცირე რაოდენობით შემოდის - დაახლოებით 100 კონტეინერი, რაც 400-450 ავტომანქანას ნიშნავს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ჯეჯელავამ.
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად შემოდის ამორტიზებული მანქანები, რომელსაც საქართველოში რემონტს უტარებენ და ისე გაჰყავთ ბაზარზე გასაყიდად. ასეთი ავტომობილები ტექნიკურად გაუმართავია და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიშიც.
„ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ დირექტორის ვასო ურუშაძის თქმით, პრობლემური მანქანები ძირითადად ამერიკიდან შემოდის.
„თუ შევადარებთ სხვადასხვა ქვეყნიდან ავტომობილების იმპორტს, რომელიც საქართველოში ხორციელდება, იაპონია ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანაა, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვერ ვიტყვით. არის ისეთი საიტები, სადაც აუქციონზე ხვდება გაუმართავი ავტომობილები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ისეა დაზიანებული, აღდგენასაც კი არ ექვემდებარება. ასეთი მანქანები საქართველოს მსგავს ქვეყნებში გადის.
ნაავარიები ავტომობილები, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, პირდაპირ პროფილაქტიკაში მიდის. მას ტექნიკურ რეაბილიტაციას უტარებენ და შემდეგ ხდება მისი რეალიზაცია. ტექნიკური დათვალიერების დროს ასეთ მანქანებს აუცილებლად მიექცევა ყურადღება. თუ დადგინდა, რომ მანქანა გაუმართავი იყო და ხელახლაა აწყობილი, ასეთი ავტომობილი ტექნიკურ დათვალიერებას აღარ დაექვემდებარება“, - განაცახადა ვასო ურუშაძემ.